ხობის მუნიციპალიტეტის გურიფულის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ მეორე გურიფულში ნაპირსამაგრის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტი საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება.
20 აპრილს, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა-გუბერნატორმა ლევან შონიამ, ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელ გოჩა ქაჯაიასთან და საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავასთან ერთად გურიფულის ადმინისტრაციულ ერთეულში მიმდინარე მასშტაბური ნაპირსამაგრი სამუშაოები დაათვალიერა. ნაპირსამაგრ სამუშაოებს, რომლის ღირებულებაც 1 მილიონ ლარამდეა, შპს „GORKEM” ახორციელებს და 20 ადგილობრივია დასაქმებული.
სამუშაოები ნოემბერში დასრულდება, რის შემდეგაც მდინარე ხობის ადიდების შემთხვევაში, ადგილობრივი მოსახლეობის საკარმიდამო მიწის ნაკვეთი და საავტომობილო გზა დატბორვისგან იქნება დაცული.