20 აპრილს, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა-გუბერნატორმა ლევან შონიამ, ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელ გოჩა ქაჯაიასთან, საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავასთან და გამგებლის პირველ მოადგილე ვარაზ გაბედავასთან ერთად, ქალაქ ხობის N1 საბავშვო ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.
ქალაქ ხობის N1 საბავშვო ბაღის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში განხორციელდება შენობის გადახურვა, სველი წერტილებისა და სამზარეულოს მოწყობა, მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრების დაყენება, კედლებისა და ჭერის შელესვა, შეღებვა, ელექტროგაყვანილობის სისტემის გამოცვლა, ეზოს შემოღობვა, გათბობის სისტემის დამონტაჟება, ლამინირებული იატაკის, მეტლახის, გრანიტის დაგება და სხვა. სამუშაოებს, რომელსაც შპს „მშენებელი +“ ასრულებს, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტის ფონდიდან დასაფინანსებელი პროექტების ფარგლებში, ხობის მუნიციპალიტეტის თანადაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება შეადგენს 488.888 ლარს. სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომელშიც 25 ადგილობრივია დასაქმებული, ნოემბერში დასრულდება.