მეამაყება, რომ ვარ ხობელი...

რატომ უყვართ  ძლიერთ ამაქვეყნისა, მლიქვნელი ადამიანები...
არც თუ ისე შორეულ წარსულში, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ხობში ერთი ლამაზი, შინაარსობრივად და რუბრიკების სიმრავლეთ გამორჩეული გაზეთი, „ქალაქი ხობი“ გამოდიოდა... ამ გაზეთის მეშვეობით როგორც ჟურნალისტი ხობელებმა გამიცნო.  გაზეთში მქონდა საკუთარი რუბრიკა „ხობელი თბილისელები“. ჩემდა საბედნიეროდ  იმ პერიოდში ბევრი ღირსეული ხობელი გავიცანი და ხობს მათი არსებობა შევახსენე. თითოეული ინტერვიუ და მათი გაცისკროვნებული თვალები მახსოვს როცა ხობსა და ხობელობაზე ვესაუბრებოდი. ეს პატარა შესავალი იმისთვის დამჭირდა, რომ  კვლავაც დიდი სურვილი მაქვს, გიამბოთ იმ ხობელებზე რომლებმაც თავის კარიერულ წინსვლას თბილისში მიაღწიეს, გარემოებებიდან გამომდინარე ცხოვრება იქ უწევთ, მაგრამ თავის ხობელობას ხაზს უსმევენ  და ნოსტალგია აქვთ თავისი ქალაქის.   
დღეს მსურს გიამბოთ ხობელ ლევან ბუკიაზე, წლების წინ ის სასწავლებლად  თბილისში გაემგზავრა, ბავშობიდან უყვარდა ჩხირკედელაობა, ჩვენ თითქმის ერთად გავიზარდეთ, მახსოვს ხისგან კუსტარულ ჩარხზე როგორ ამზადებდა საბრძოლო იარაღებს მაშინ ეს მისთვის უბრალო ჰობი, გატაცება იყო. ეს გატაცება მას პროფესიად ექცა. პირველი პროფესიული განათლება საპატრიარქოსთან არსებულ სამჭედლოში მიიღო. რომელსაც კახაბერ ზარნაძე ხელმძღვანელობდა. ამჟამად მონაწილეობს ქვეყნის გარეთ სხვადასხვა საერთაშორისო ფესტივალებში. დანების, ხანჯლებისა და სხვა „მამაკაცური ნივთების“ შემქმნელს, გეგმაში აქვს შექმნას კოლექცია სპეციალურად ქალბატონებისთვის. ლევანი თვლის, რომ მთავარი ამ პროფესიაში არის მუდმივი სწავლა და ცოდნის გაღრმავება.დღეს მეიარაღე, ოსტატი ლევან ბუკია  საქართველოს ტრადიციული რეწვის ასოციაციის წევრია.
 ლევან რატომ და როგორ  გახდი მჭედელი?
-ჩემი თაობის ბიჭებს ყველას გვქონდა ბავშვობაში იარაღით გატაცების მომენტი. თავიდანვე შევამჩნიე რომ, ცივი იარაღი განსაკუთრებულ ინტერსს იწვევდა ჩემში. ვცდილობდი ჩემით გამეკეთებინა ფილმებში ნანახი გმირების იარაღი. მოკლედ, შეიძლება ითქვას, ყველაფერი   ჩხირკედელაობით დაიწყო. ჯერ ხისგან ვჩორკნიდი რაღაცეებს, ასაკთან ერთად ფოლადის დამუშავებაც ვცადე,სახლში კუსტარულ ჩარხზე ვწვალობდი,მაშინ ვერც წარმომედგინა მჭედელი თუ გავხდებოდი.
ერთხელაც ტელევიზორში შემთხვევით გადაცემა ვნახე მჭედელზე, რომელიც შემდგომში ჩემი მასწავლებელი გახდა. გავიგე ეგ სამჭედლო სად იყო და მივაკითხე იქაურობას. ერეკლე მეორის პერიოდის თაღიან შენობაში შევაბიჯე და სამჭედლოშიც შევედი. იქ მოსწავლეები ყველა თავისი საქმით იყვნენ დაკავებულნი და რომ ავუხსენი რომ მეც ამ საქმის სწავლა მინდოდა, ოსტატს დაუძახეს. სამჭედლოში ეგეთი წესია, გრდემლთან და ქურასთან მჭედლის გარდა იშვიათად შედის უცხო. ქალი საერთოდ არ დაიშვება, რადგან ყველა ადამიანი თავისებური აურის მატარებელია ყველასგან რჩება რაღაც იქ. ქალი ნაზი და სათუთი არსებაა თავისი ბუნებით, იარაღი არ შეიძლება იყოს ამ თვისებების მატარებელი. ზოგს მოჭარბებულად აქვს აგრესია და ა.შ. ამიტომ მჭედლები ერიდებიან იქ სადაც იარაღი იბადება იყოს მისვლა-მოსვლა და ქაოსი. სამჭედლოში ქურა და გრდემლი ყოველთვის გამოყოფილადაა საერთო ფართისგან, რომელშიც ნებისმიერი სტუმარი შემოდის. როდესაც მჭედელი ხმალზე ან ხანჯალზე მუშაობდა მარხვასაც კი იცავდა, რომ განწმედნილყო თავის აზრებსა და ზრახვებში, რადგან მის მიერ დამზადებული იარაღი არ ყოფილიყო ბოროტების მატარებელი. დაუძახეს მოსწავლეებმა და გამოვიდა ოსტატი. გავეცანი და ავუხსენი რომ ამ საქმის სწავლა მინდოდა.  ჯერ მკაცრად დამაკვირდა, რადგან სუსტი აღნაგობის კაცი ვერ იქნება მჭედელი. ეს საქმე კარგ ფიზიკურ ამტანობასაც მოითხოვს. მერე გამომელაპარაკა და მითხრა, რომ ამჟამად ბევრი მოსწავლე ყავდა და ვერ ამიყვანდა. დავემშვიდობე და გამოვბრუნდი, მაგრამ სანამ ეზოდან გავიდოდი ერთ-ერთი მოსწავლე დამეწია და მომაბრუნა უკან. 
 მოკლედ მე და ჩემი მასწავლებელი შევთანხმდით, რომ ჯერ ხატვა უნდა მესწავლა, მიმითითა ისტორიული ლიტერატურა საიდანაც ილუსტრაციები უნდა მეხატა და კვირაში ერთხელ მივსულიყავი 7 ნახატით. ოღონდ არაფერს მპირდებოდა, გადავხედავ აგიყვან თუ არა მოსწავლედო. ასე ვიარე 8 თვე. მერე მითხრა აყვანილი ხარო და ესე დაიწყო ჩემი პრაქტიკული ჩართვა ამ საქმეში. ბევრი მოდიოდა ჩემსავით და ეტყობა ესე იფილტრებოდა ვის მართლა უნდოდა სწავლა და ვის ისე რა.

სამჭედლოში არის თუ არა რამე ტრადიცია?
-სამჭედლოში არსებობს ასევე ტრადიცია, რომლის თანახმადაც მჭედელმა თავისი პირველი ნამუშევარი უნდა დაამტვრიოს. ამით თავს არიდებს მიჯაჭვულობას და თვითკმაყოფილების შეგრძნებას საკუთარი ნამუშევრებისადმი, რაც მისი შემოქმედებითი ზრდის საფუძველია. 3 წელი დავყავი ამ სამჭედლოში. როდესაც ჩემმა ოსტატმა ჩათვალა, რომ გარკვეულ დონეს მივაღწიეთ, ძველი თაობა მოსწავლეებისა გაგვიშვა და ახალი მოსწავლეები აიყვანა, როგორც ადრე. ასე რამდენიმე თაობა მჭედლების აღზარდა ჩვენმა მასწავლებელმა.
რამოდენიმე წლით როგორც ვიცი შენ საქართველო დატოვე და უკრაინაში გაემგზავრე რა შეგძინა უკრაინაში გატარებულმა წლებმა?
-უკრაინაში იქაური ჩემი კოლეგები გავიცანი და შევუდექი პროფესიული ცოდნის გაღრმავებას და საკუთარი გამოცდილების გაზიარებას.ამაში ძალიან დამეხმარა მჭედელთა საერთაშორისო ფესტივალები, რომლებიც უკრაინაში წელიწადში 2 ჯერ იმართებოდა იმდროისთვის. ასეთ ფესტივალებზე იცნობ უამრავ შენს კოლეგას, სწავლობ მათგან ისეთ ნიუანსებს, რაც შენთვის არის ახალი, უზიარებ ასევე შენს გამოცდილებასაც, ეცნობი ახალ მასალებს, რომელთანაც ჯერ არ გქონია შეხება, ახალ ინსტრუმენტს და ა.შ. 
როგორ დაიწყო შენი კარიერული წინსვლა?
-კარიერის დასაწყისში ხშირად ვამზადებდი მოხატულ იარაღს, ძირითადად კოლხური ბრინჯაოს პერიოდის ორნამენტებს ვაკეთებდი, მაგრამ ოდნავ ჩემი გემოვნებით სტილიზებულს. ნივთის შექმნისას მთავარი პრინციპია, რომ ნივთი იყოს ფუნქციონალური, მერე უკვე შესრულების სისუფთავე და სიზუსტე მოდის. იმდენად ზუსტად უნდა იყოს შესრულებული, რომ არ ჩამოუვარდებოდეს ქარხნულს. ახლა იშვიათად ვამზადებ მოხატულ იარაღის პირებს, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დამკვეთის სურვილია. ვთვლი, რომ როგორც მამაკაცს არ შეშვენის ზედმეტი გადაპრანჭვა, ისე ცივ იარაღს, ზედმეტად მოხატული კი სუვენირი უფრო გამოდის. ცივ იარაღს ხისტი წიბოები თუ სხვა ელემენტები, რომლებიც ტრადიციულად ახლავს კავკასიურ იარაღს, მკაცრ და ელეგანტურ იერს ისედაც აძლევს. თითოეულ  ნივთზე დაახლოებით 2 კვირა ვმუშაობ.

საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე  ევროპაში ძალიან დიდი ყურადღება ექცევა მჭეედლობის სფეროს და ძალიან დიდი სურვილი მაქვს საქართველოშიც მეტი პოპულარიზაცია გაეწიოს ამ საქმიანობას. ევროპაში სახელმწიფო ძალიან ეხმარება ამ სფეროს და უწევს პოპულარიზაციას. ამას წინათ გახლდით ორი თვით წასული ესტონეთში, სადაც ვსწავლობდი და ვმუშაობდი კიდეც. შემდეგ კი ფინეთში მიგვიწვიეს ფინელმა კოლეგებმა, რომლებიც წინა წლის ფესტივალიდან გავიცანი. ფინეთში არის დაბა სახელად ფისკარსი, სადაც შვედებს მე-19 საუკუნეში რკინის მომპოვებელი საწარმო აუშენებიათ. ეს არის ერთ-ერთი მხარე ფინეთში, რომელიც ტბების სიუხვით არის განთქმული. მანდვე, ერთ-ერთ ტბაზე აშენებულია დამბა და წყლის ენერგია გამოიყენება უზარმაზარი მექანიკური უროს მუშაობაში_ისეთი მასშტაბებისთვის, რომელსაც ადამიანის ენერგია ვერ გასწვდება. სწორედ ფისკარსიში იმართება ყოველი წლის მაისში სკანდინავიური დანის მკეთებელთა გამოფენა-კონკურსი. ჩვენთან კი ტრადიციული რეწვა, რატომღაც, მხოლოდ ტურისტზე გათვლილ ერთჯერად პროდუქციას აწარმოებს, მაგრამ ტურისტი, რომელმაც იცის ხარისხი, ერთჯერად ნივთს მეორედ უკვე არ იყიდის.
ლევან მოდი ცოტათი თემა შევაცვალოთ, რას ნისშნავს შენთვის ხობელობა?
-ხობელობა ჩემი თვითიდენტიპიკაციის ერთერთი მთავარი ელემენტია.  სამყაროს აღქმა ოჯახის მერე ჩემთვის ხობელობით იწყება.წიგნში დათა თუთაშხია ძალიან ზუსტი მაგალითია მოყვანილი იმისა, რომ ადამიანი თავისი კუთხის დესპანს წამოადგენს თავის კვეკანაში და უცხოეთში მოხვედრილი თავისი ქვეყნის სახეა. ასე ვარ მეც. ყოველთვის ხაზს ვუსვამ საკუთარ წარმომავლობას და მეამაყება, რომ ხობელი ვარ.
ფიქრობ თუ არა, რომ დღევანდელი ხობი შენი ბავშობის ხობისაგან განსხვავდება.
-განსხვავდება რა თქმა უნდა არი. Gანხვავებაში პლიუსების და მინუსების ხაზგასმას არ დავიწყებ. ერთს ვიტყვი მხოლოდ, ბედნიერი ვიქნები, ყველა ხობელი, რომ ხობს დაუბრუნდეს და ხობში  შეძლონ ხობელებმა თავიანტი პოტენციალის რეალიზაცია.
რომ არ ვყოფილიყავი ის ვინც ხარ ეხლა, ვინ იქნებოდი?
-მსოფლიოს ჩემპიონი კრივში...
 რომ არ დაბადებულიყავი საქართველოში დაიბადებოდი…
-შვედეთში
 ცხოვრებაში ყველაზე მეტად  რა გინდა
-დალაგებული და სტაბილური საქართველო მახსოვს. მინდა ყველა ქართველი სამშობლოში ცხოვრობდეს და მხოლოდ სამოგზაუროდ დადიოდეს უცხოეთში. მინდა მთლიანი იყოს ჩემი ქვეყანა.
 ბავშვობაში ყველაზე მეტად რა  გინდოდა… 
-ბავშვობაში რაც მინდოდა ყველაფერი მქონდა. შორს მიმავალი გეგმები არასდროს მქონია, უფრო სპონტანურობა მახასიათებს ვიდრე გეგმები და მათი საფეხურეობრივი შესრულება.
 რის გარეშე არ   წარმოგიდგენია  ცხოვრება?
_ჩემი საქმიანობა, რამდენჯერემე დავუბრუნდი მას. ვგრძობ, რომ რასაც ვაკეთებ ჩემია. 
 ჩემი მეგობრები ჩემთვის - არიან... 
_ჩემი მეგობრები ჩემთვის მნიშვნელოვანი დასაყდენი არიან. მუდამ ვგრძნობ მათ მხარდაჭერას და თუ რამეს გირებულს ვაკეთებ ალბათ მათი დამსახურება უფროა, მათი გვერდში დგომით ბევრ რამეს ვახერხებ...… მეგობრობა საპასუხისმგებლო ტვირთია,  უკან არასდროს ვიხევ თუ რომელიმე მეგობარს ჩემი თანადგომა ჭირდება.
  ყველაზე მეტად რა მოგწონს საკუთარ თავში...
_ვერ ვილაპარაკებ საკუთარ თავზე აღმატებულ და აღფრთოვანებულ ტონში.
მაშინ რა არ მოგწონს საკუთარ  თავში...
-ხანდახან კონფრონტაციას ვარიდებ თავს და ადამიანებს თავიანთ ნეგატიურ საქციელს თუ სიტყვებს არ ვუფიქსირებ. ყოველთვის ჯობია პირდაპირობა.
 რისი გჯერა?
 -მჯერა, ყველაფერი კარგად იქნება...
 ყველაზე მეტად ადამიანში რას  აფასებ?
-პირდაპირობას.
 ის, რაც გაქვს და რისი დაკარგვაც ყველაზე მეტად არ გინდა - 
-პირადი თავისუფლება, სუბორდინაცია ჩემთვის არ არსებობს. ადამიანებთან მხოლოდ თანაცხორობის პრინციპით შემიძლია ურთერთობა, ერთადერთი ასაკის წინაშე ვიხრი ქედს.
ის, რაც არ გაქვს და ყველაზე მეტად გინდა, რომ ჰქონდეს...
-ცოტა პრაგმატულობა მაკლია...
ბავშვობის ცუდი პერიოდი...
-სამოქალაქო ომი რომ დაიწყო თერთმეტ-თორმეტი  წლის ვიქნებოდი. სკოლაც და სტუდენტობაც ცოტა უფერული მქონდა, პრაქტიკულად არაფრისმომცემი დაკარგული წლები იყო.  არადა საუკეთესო პერიოდია ადამიანის ცხოვრებაში.  ჩემს შვილებს არ მინდა მსგავსი სიცარიელე ქონდეთ.
ფრაზა, რომელსაც ყოველდღიურ საუბარში ყველაზე ხშირად იყენებ...
-ხშირად ვცვლი აკვიატებულ პრაზებს.
ყველაზე ხშირად რა გავიწყდება?
-დავურეკო მშობლებს და ტკბილი სიტყვები ვუთხრა. მგონია, რომ უფრო ხშირად უნდა ვაკეთებდე ამას.
  ყოველთვის უნდა გახსოვდეს, რომ... 
_ნებისმიერი გადადგმული ნაბიჯის მამოძრავებელი და სულის ჩამდგმელი თავიდანვე სიკეთე უნდა იყოს. ბევრი ადამიანი ბოღმით და შურით აღწევს საკმაოდ სოლიდურ შედეგებს, მაგრამ რაოდენ წარმატებულიც არ უნდა გახდეს ასეთი ადამიანი ყოველთვის მეორე იქნება. ვინაიდან თავის წინ თუ არ ეგულება ვინმე არანაირი ძალა არ უბიძგებს წარმატების მიღწევისაკენ. ნებისმიერ სფეროში ადამიანის წინსვლა საქმის სიყვარულით უნდა იყოს განპირობებული. ჯანსაღი კონკურენცია სულაც არ მიმაჩნია უარყოფით მომენტად.
არ იცი და გინდა იცოდე
-რატომ უყვართ  ძლიერთ ამაქვეყნისა, მლიქვნელი ადამიანები, როდესაც მშვენივრად აცნობიერებენ მათ სიყალბეს...
როგორი გინდა  დაგიმიმახსოვრონ?
-ისეთი როგორიც სინამდვილეში ვარ. ხელოვნურად არ ვიქმნი ჩემს იმიჯს. 
სიმღერა, რომელსაც ყველაზე ხშირად ღიღინებ...
-გაფრინდი შავო მერცხალო. 
კინო-როლი, რომელსაც ყველაზე კარგად მოირგებდი...
-დათა თუთაშხია... (ეღიმება)
წიგნი, რომლის ავტორიც იქნებოდი... 
-მარტოობის ასი წელიწადი. 
მარკესი? და მაინც რატომ?

-მას ძალიან სიღრმისეული სიმბოლიზმი ახასიათებს.თითქოს ერთ ჩვეულებრივ ადამიანზე ან ოჯახზე გიყვება ისტორიას და სინამდვილეში სამყაროში არსებულ ძალთა ბალანსზე, სიკეთეზე და ბოროტებაზე გესაუბრება. ეს ადამიანები თითქოს არც არიან მისი გმირები, ისინი უბრალოდ ინსტრუმენტს წარმოადგენენ მკითხველამდე იმის მოსატანად რასაც ის გულისხმობს სინამდვილეში.
 ნიჭი, რომელსაც ყველაზე მეტად გინდა, რომ ფლობდე...
-ზოგჯერ ძნელად გასაგები ვარ ადამიანებისთვის,ცოტას ვლაპარაკობ ჩემს თავზე. ხშირად პირდაპირ ნათქვამში ქვეტექსტებს ეძებენ, მინდა რომ ადვილად ესმოდეთ ჩემი.
ვფიქრობ დაგღალეთ, გმადლობთ საინტერესო საუბრისათვის წარმატებებს გისურვებ...
                                          
 ესაუბრა ნინო გერგაია