23 აპრილს, წიგნისა
და საავტორო უფლებების მსოფლიო დღეს, ხობის კულტურის სახლის დიდ დარბაზში გაიმართა ინტელექტუალური თამაში „რა? სად? როდის?“ - „ინტელექტის დღე-2016“ ხობის მუნიციპალიტეტის საჯარო და კერძო სკოლების გუნდების მონაწილეობით. კითხვების პაკეტი 24 კითხვისგან შედგებოდა. ინტელექტუალური თამაშის მუნიციპალური ეტაპის გამარჯვებული ქალაქ ხობის N2 საჯარო სკოლის გუნდი გახდა.
ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოჩა ქაჯაიამ გამარჯვებული სკოლის გუნდის წევრებს საჩუქრები გადასცა და წარმატებები უსურვა თბილისში გასამართ ფინალურ შეხვედრაში, რომელიც 15 მაისს გაიმართება.
„ინტელექტის დღე-2016“-ს ორგანიზატორები არიან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო და საქართველოს ინტელექტ-კლუბი „რა? სად? როდის?“.