30 მარტს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში გაიმართა საკრებულოს მორიგი სხდომა, რომელსაც თავმჯდომარეობდა საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა. სხდომას ესწრებოდნენ საკრებულოსა და გამგეობის ხელმძღვანელი პირები. სხდომაზე განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული სხვადასხვა საკითხები, მათ შორის: დადგენილების პროექტი ,,ხობის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ” ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 25 დეკემბრის #30 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“, რომლის საფუძველზეც პირველი მაისის ადმინისტრაციული ერთეულის წყალსადენის სისტემის დაქსელვისა და სათაო ნაგებობის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციისა და ექსპერტიზის შედგენის მიზნით ბიუჯეტში გათვალისწინებულ იქნა თანხა 60 000 ლარის ოდენობით. საკრებულოს წევრების მხრიდან ერთხმად იქნა მხარდაჭერილი განკარგულების პროექტი „ქ. ხობში ცენტრალური სტადიონისთვის პაატა თათარიშვილის სახელის მინიჭების მიზანშეწონილობის თაობაზე“. საკრებულოს სხდომაზე განხილულ იქნა განკარგულების პროექტი „ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს 2014 წლის 15 ივნისის არჩევნების
სოფელ ყულევის №66.17 ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში 2016 წლის 22 მაისს გასამართ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუალედურ არჩევნებთან დაკავშირებით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ“, რომლითაც სოფელ ყულევის №66.17 ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში 2016 წლის 22 მაისს დანიშნულ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუალედურ არჩევნებთან დაკავშირებით განისაზღვრა წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობის პერიოდში საარჩევნო სუბიექტებისთვის ამომრჩევლებთან შეხვედრების, კრებების, საჯარო დებატებისა და დისკუსიების გასამართად ხობის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობები, ასევე ადგილები, სადაც შესაძლებელი იქნება წინასაარჩევნო აგიტაციისთვის განთავსდეს არჩევნებში მონაწილე საარჩევნო სუბიექტების სარეკლამო პლაკატები და განცხადებები. საკრებულოზე ასევე მოსმენილ იქნა ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის ანგარიში, ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ 2015 წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობის შესახებ, სადაც გამგებელმა დეტალურად ისაუბრა ყველა იმ პროექტებზე, რაც გასულ წელს წარმატებით განხორციელდა ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან. საკრებულოს მიერ გამგეობის მიერ 2015 წელს გაწეული საქმიანობა ერთხმად შეფასდა დადებითად. ამ და დღის წესრიგით გათვალისწინებული სხვა საკითხების განხილვის შემდეგ სხდომა დახურულად გამოცხადდა.
khobi-sakrebulo.ge