`ვცდილობთ, ვიყოთ მოსახლეობის გვერდით~


კობა ლეფსაია ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელი 
პირველი ხორგის ადმინისტრაციულ ერთეულში.

ისაუბრეთ თქვენზე...
_დავიბადე 1965 წლის 24 აგვისტოს, სოფელ ხორგაში. 1982 წელს წარჩინებით დავამთავრე საშუალო სკოლა. 1982-1983 წლებში ვსწავლობდი ხეთის პროფესიულ ტექნიკურ  სასწავლებელში, რომელიც ასევე წარჩინებით დავამავრე. 1983  წელს ჩავირიცხე ქ. კალინინის (ამჟამინდელი ქ. ტვერი) პოლიტექნიკურ ინსტიტუტში, რომელიც დავამთავრე 1988 წელს. 1989 წლიდან ჩემს მეგობარებთან ერთად, აქტიურად ჩავები ეროვნულ მოძრაობაში. ვიყავი `ილია მართლის საზოგადოების~ წევრი. 1990-92 წლებში ვმუშაოაბდი პირველი ხორგის მეურნეობაში ინჟინერ-მელიორატორად. 1993 წელს, გაუსაძლისი პირობების გამო, როგორც მილიონობით საქართველოს მოქალაქემ, დავტოვე საქართველო და 1997 წლამდე პოლონეთში ვიმყოფებოდი, შემდეგ უკრაინაში, ხოლო 2000-2007 წლებში აღმოვჩნდი საბერძნეთში...
თქვენ გამგებლის წარმომადგენელი ბრძანდებით თქვენს სოფელში. რა კრიტერიუმით მოხდა თქვენი დანიშვნა ამ თანამდებობაზე?
-2014 წლიდან ვარ გამგებლის წარმომადგენელი პირველი ხორგის ადმინისტრაციულ ერთეულში. ამ თანამდებობაზე დანიშვნა  გამგებლის პრეროგატივაა, ხოლო რაც შეეხება კრიტერიუმებს, ალბათ არამარტო ჩემთან, არამედ ყველა შემთხვევაში, ადამიანი ფასდება  ცოდნით, გამოცდილებით, ადამიანებთან ურთიერთობის უნარით, სიყვარულით საკუთარი  ხალხის მიმართ და ა.შ.
როგორ შეაფასებდით თქვენი მუშაობის პერიოდს და რა გაკეთდა ამ ხნის განმავლობაში სოფელში?
-მეორე წელია, რაც ვმუშაობ გამგებლის წარმომადგენლად ამ ხნის განმავლობაში, ნაწილობრივ შესრულდა სანიაღვრე არხების  ამოწმენდა, შიდა გზების მოხრეშვა, რაც მთავარია, შარშან მთელი თანხა, რაც იყო გამოყოფლი ჩვენი სოფლისთვის `სოფლის მხარდაჭერის პროგრამის~ ფარგლებში (დაახლოებით 17 ათასი ლარი), მოხმარდა სოფლის საბავშვო ბაღის გაფართოებას და სარემონტო სამუშაოებს. შედეგი სახეზეა, დღეს ჩვენი ბავშვები იმყოფებიან უფრო კომფორტულ გარემოში, ვიდრე ეს იყო მანამდე. ბაღს ფართი მოემატა, ასევე ხელახლა გაკეთდა მთავარი სპეციალისტის ოთახი, გარემონტდა სამზარეულო, არის ცხელი წყალი, შიგნით განთავსდა სველი წერტილიც და ა.შ. ბავშვებზე ზრუნვა ხომ თითოეული ჩვენთაგანის ვალია.
თუ როგორ შევაფასებდი ჩემი მუშაობის პერიოდს, ეს უფრო უპრიანი იქნებოდა, სოფლი მოსახლეობისთვის გეკითხათ. ყოველთვის კრიტიკულად ვარ განწყობილი საკუთარი თავის მიმართ, ვფიქრობ, უფრო მეტის გაკეთება უნდა შევძლოთ.

რისი  გაკეთება ვერ შეძელით, რაზე  გწყდებათ გული და ოცნება, რომელიც ვერ აისრულეთ?
_ადამიანი უნდა იყოს ობიექტურად შემფასებელი. უპირველეს ყოვლისა, საკუთარი თავის და განვლილი წლების მიმართ. რა თქმა უნდა, გული მწყდება იმაზე, რომ მე და მილიონობით ქართველმა, ცხოვრების გამორჩეული წლები საზღვარგარეთ, უმძიმეს ფიზიკურ შრომაში  გავატარეთ იმის გამო, რომ აქ, საქართველოში ოჯახი მერჩინა. ჩემთვის მთავარი და უმთავრესი არის სამშობლო. მინდოდა მენახა ერთიანი, ძლიერი, ერთ მუშტად შეკრული საქართველო. რომელიც სამწუხაროდ, ჯერ ისევ ოცნებად მრჩება.
`სოფლის მხარდაჭერის~ პროექტის ფარგლებში რა სამუშაოებია დაგეგმილი თქვენს სოფელში?
_`სოფლის მხარდაჭერის პროგრამით~ წელს სოფელმა გადაწყვიტა, მოხდეს სანიაღვრე არხების ამოწმენდა და გზრბის მოხრეშვა. ამ პროგრამის ფარგლებში ჩვენი სოფლისთვის გამოყოფილი 17144 ლარი. აღვნიშნავ, რომ სანიაღვრე არხების ამოწმენდა არის ჩვენთვის უპირველესი ამოცანა, მაგრამ ეს სამუშაოები ვერ გაკეთდება მხოლოდ `სოფლის მხარდაჭერის პროგრამის~ ფარგლებში გამოყოფილი თანხით, რადგან სამუშაოების მოცულობა ძალიან დიდია.
მუნიციპალიტეტში ეტაპობრივად რიგდება მიწის ხვნა-თესვის ბარათები, რა ხდება თქვენთან სოფელში?
_რაც შეეხება, საგაზაფხულო ხვნა-თესვის ბარათებს, მოსახლეობამ ეს ბარათები დიდი ხნის წინ მიიღო. თითოეულ ბენეფიციარს აქვს მასზე გამოყოფილი ბარათი. ვინც ვერ შეძლო ჩვენთან მოსვლა, აღნიშნული ბარათები ჩვენ სახლში მივუტანეთ, ასე რომ, ამ მხრივ არანაირი პრობლემა არ გვაქვს.
რადგან ამ თემას შევეხეთ, მინდა აღვნიშნო ის დიდი ღვაწლი, რაც დღევანდელ ხელისუფლებას არა მარტო ხვნა-თესვაში, არამედ საერთოდ სოფლის მეურნეობის აღორძინების საქმეში მიუძღვის. ამით გლეხი მიწას დაუბრუნდა, წლობით მიგდებული სახნავი მიწები მოიხნა, ასევე წარმატებით ხორციელდება პროექტები `აწარმოე საქართველოში, ``დანერგე საქართველოში`. წინა ხელისუფლების მმართველობის ხანაში მიგდებული სოფელის აღორძინება დღევანდელმა ხელისუფლებამ ერთ-ერთ პრიორიტეტად გახადა. საქართველო ხომ მიწათმოქმედების ქვეყანაა, სწორედ ამიტომ შეარქვეს ჩვენს ქვეყანას ბერძნებმა `გეორგია~.
პირველ ხორგაში სანაქებო სკოლა ფუნქციონირებდა. ოპტიმიზაციის გამო სკოლას რიგი ფუნქციები ჩამოერთვა, ამჯერად რამდენი კლასია? ცდილობთ თუ არა, რომ სკოლას ძველი `დიდება~ დაუბრუნოთ ან შენობა სხვა რამეში გამოიყენოთ?
-რაც შეეხება პირველი ხორგის სანაქებო სკოლას, მას ოპტიმიზაციის გამო ფუნქციები ჩამოერთვა. ამჟამად მხოლოდ I-IV კლასებია. სულ 10 მოსწავლე გვყავს. ეს ყველაზე მტკივნეული თემაა თითოეული ხორგელისთვის. ჩვენ ხომ გამორჩეული წლები, რასაც ბავშვობა ჰქვია, ამ სკოლის კედლებში გავატარეთ. ამ სკოლამ უნიჭიერესი თაობები გამოზარდა, რომლებიც დღეს ღირსეულად ემსახურებიან ჩვენს სამშობლოს. ამ სკოლაში მოღვაწობდნენ უდიდესი პედაგოგები, სკოლა მართლაც გამორჩეული იყო.
ძნელი სათქმელია, თუ როგორ უნდა დაუბრუნდეს ძველი დიდება სკოლას, უბრალოდ, ყველას გვინდა კიდევ ერთხელ ვთხოვო,  ვისაც ეს ეხება_მივხედოთ ამ შენობას, სანამ საბოლოოდ არ დანგრეულა. თუ სკოლა (საჯარო) ვერ აღდგება, მცირე კონტიგენტის გამო, შეიძლება ამ უნიკალური შენობის გამოყენება სხვა კუთხით (შეიძლება პროფესიული  ან სასულიეო სემინარიის გახსნით).
ხორგა ცნობილი ადამიანების, (პოეტების, მწერლების, მეცნიერების, პოლიტიკოსების თუ სამეურნეო მუშაკების) ოდაბადეა. სოფელში ფუნქციონირებდა ალიო მირცხულავას სახლ-მუზეუმი, ამჟამად ის ფუნქციადაკარგულია. რას ფიქრობთ და რას გვეტყოდით მასზე?
-დიახ, ხორგა გამოჩენილი ადამიანების ოდაბადეა. ძნელად თუ მოიძებნება საქართველოში არათუ სოფელი, ქალაქიც კი, რომელმაც გამოზარდა ორი პოეტი-აკადემიკოსი, საქართველოს ცკ პირველი მდივანი, დრამატურგები, მეცნიერები. ეს ხალხი ჩვენი სიამაყეა, რაც შეეხება გამოჩენილ პოეტს ა. მირცხულავას სახლ-მუზეუმს, მას სჭირდება კაპიტალური რემონტი, რაც გარკვეულ თანხებთანაა დაკავშირებული. ჯერჯერობით სპონსორი ვერ ვიშოვეთ.
როგორც ჩვენთვის ცნობილია, მის აღდგენაზე ყველასთვის ცნობილი,  ყოფილი ხორგელი ქალბატონი, მერი აბრამია  იბრძვის სხვებთან ერთად, როგორია თქვენი როლი ამ საქმეში?
-დიახ, მის აღდგენაზე მართლაც იბრძვის ქალბატონი (თანაც ხორგელი, ოღონდ არა `ყოფილი) მერი აბრამია, რისთვისაც მინდა მას დიდი მადლობა გადავუხადო. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, მის შეკეთებას სჭირდება გარკვეული თანხა. მე მინდოდა და დღესაც სურვილი მაქვს ა. მირცხულავას სახლ-მუზეუმში პარალელურად ხდებოდეს ახალგაზრდების თავშეყრა, სადაც გაიმართება თუნდაც პოეზიის საღამოები, ახალგაზრდები ერთმანეთს გაუზიარებენ შეხედულებებს, ერთმანეთს უფრო დაუახლოვდებიან...
რას გვეტყოდით სოფლად მცხოვრებ ბენეფიციარ ადამიანებზე, რომლებიც სიღარიბის ზღვარს მიღმა იმყოფებიან, დევნილებზე, ინვალიდებზე. არიან თუ არა მათი ოჯახები თქვენი ზედამხედველობის ქვეშ?
-სოფელში, როგორც ყველგან მუნიციპალიტეტში, არიან დევნილები, ინვალიდები, სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი ადამიანები. სამწუხაროდ, ბევრ ოჯახს მოუხსნეს უმწეოთათვის განკუთვნილი დახმარება (ჩემი შეხედულებით არასამართლიანად), ეს ხომ მათთვის ერთაერთი საარსებო წყარო იყო. მიუხედავად ჩემი მცდელობისა და შუამდგომლობისა გარკვეულ ინსტანციებთან, ეს პრობლემა მაინც პრობლემად რჩება. რა თქმა უნდა, ჩვენ ასეთ ხალხთან სახლში დავდივართ, ყოველნაირად ვცდილობთ მათ შევუმსუბუქოთ მძიმე რეალობა.
ბატონო კობა, როგორ შეგიძლიათ შეაფასოთ თქვენი ცხოვრების ახლანდელი ეტაპი?
-ვიყო გამგებლის წარმომადგენელი ჩემს სოფელში ეს ჩემთვის დიდი პატივია, ისევე როგორც `ხორგელობა~, რაც ჩემთვის ყველაფერს ნიშნავს. სოფელს ყავს ღირსეული დეპუტატი როსტევან გვარამია, წამყვანი სპეციალსიტი, საკმაოდ გამოცდილი და ნიჭიერი ახალგაზრდა ნონა ბერაია.  ჩვენ, ყველას შესისხლხორცებული გვაქვს ჩვენი ხალხის ჭირ-ვარამი და ყოველნაირად ვცდილობთ ვიყოთ მოსახლეობის გვერდით, ვემსახურებით ჩვენს ხალხს.

ესაუბრა ნანი კილასონია.

გაზეთი „ხობის მოამბე“  #5 მარტი 2016 წელი