შეხვედრა მწერალ ელგუჯა თავბერიძესთან

მწერალი ელგუჯა თავბერიძე
25 მარტს, საჯიჯაოს N1 საჯარო სკოლას, სკოლის ადმინისტრაციის მოწვევით, მწერალი, ლიტერატურულ კონკურს „საბას“ 2013 წლის ლაურეატი ელგუჯა თავბერიძე ეწვია. შეხვედრას პედაგოგები და მოსწავლეები ესწრებოდნენ.  მოხსენება დიდი ქართველი მწერლის, აკაკი წერეთლის ცხოვრებასა და შემოქმედებას, XIX საუკუნის საქართველოში მიმდინარე ლიტერატურულ პროცესებს მიეძღვნა. მოხსენების დასრულების შემდეგ, ღონისძიება კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა და მოსწავლეებმა მომხსენებელს აკაკის შემოქმედებაზე კითხვები  დაუსვეს. 
ელგუჯა თავბერიძე მრავალი ნაშრომის ავტორია, რომელთა შორის, განსაკუთრებით აღსანიშნავია, დოკუმენტური პროზის ჟანრში გამოცემული წიგნები: „კოლიმგრაფი“ (ვარლამ შალამოვის ცხოვრებასა და შემოქმედებაზე), „აკაკის ლანდი“.
ღონისძიებას, ასევე ესწრებოდნენ,  პოეტი და პუბლიცისტი გიზო თავაძე, ლიტერატურათმცოდნე დარინა ყურუა, ა(ა)იპ „ხობის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრის“ დირექტორი ბეჟან ნადარაია.







ა(ა)იპ „ხობის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრის“ დირექტორი ბეჟან ნადარაია


პოეტი და პუბლიცისტი გიზო თავაძე



















ლიტერატურათმცოდნე დარინა ყურუა




შეხვედრა ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ საჯიჯაოს N1 საჯარო სკოლაში


         მწერალს რომ მკითხველი ჰყავს ამაზე მეტი ბედნიერება შემოქმედი ადამიანისთვის სხვა არაფერია. მწერალთან შეხვედრა კი მკითხველი ადამიანისთვის კიდევ უფრო დიდი ბედნიერებაა. ორივე ერთმანეთის განუყოფელი ნაწილია, ერთის გარეშე მეორის არსებობას აზრი და მნიშვნელობა რომ არ ექნება და ვერც იარსებებს ისეთი. მე კი, ლიტერატურის თაყვანისმცემელი, ყველაზე ბედნიერი მაშინ ვარ, როცა ამ სრულყოფილებას, მწერალსა და გულიან მკითხველს, ერთად ვხედავ, მათი შეყრის თანამონაწილე ვხდები და მერე თავს უფლებას ვაძლევ, ჩემს გრძნობებზე ხმამაღლა ვისაუბრო. მსგავს თემებზე ყოველთვის არაჟურნალისტურად („არანიუსურად“) ვწერ, სხვაგვარად ვერ ვახერხებ, ვერ ვკმაყოფილდები, როცა მხოლოდ ფაქტების აღნიშვნით შემოვიფარგლები. მერე მეტად მიგროვდება ეს დაგროვილი ემოცია და უფრო მეტად არ მასვენებს. თუმცა, დარწმუნებული ვარ, გუშინდელ შეხვედრაზე მოვყვები და მაინც დამრჩება რაღაც უთქმელი, მაინც დამრჩება მოუსვენრობის მიზეზი Смайлик «smile
ძალიან ლამაზი დღე იყო!... 
     ა(ა)იპ „ხობის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრის“ დირექტორის ბატონ ბეჟან ნადარაიას მიწვევით, 25 მარტს, ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ საჯიჯაოს N1 საჯარო სკოლას, მწერალი, პუბლიცისტი და კრიტიკოსი ბატონი ელგუჯა თავბერიძე; ბატონი გიზო თავაძე _ პუბლიცისტი, მწერალი და პოეტი; და მე, ლიტერატურისმოყვარე, დარინა ყურუა ვსტუმრობდით. შეხვედრა ბატონი ელგუჯას წიგნის „აკაკის ლანდის“ განხილვას მიეძღვნა. მასწავლებლებითა და უფროსკლასელებით სავსე აუდიტორიაში ბატონი ელგუჯას მოხსენებამ, ბატონი გიზოს შეფასებამ, ჩემმა ორიოდე სიტყვამ და უფროსკლასელების შეკითხვებმა, დროის შეგრძნება დაგვაკარგვინა, საათნახევარმა თითქოს ელვის სისწრაფით ჩაიქროლა და საბოლოოდ კიდევ ერთი ლამაზი დღე დაგვიტოვა მოსაგონრად. 
   შეხვედრა დიდი ქართველი მწერლის, აკაკი წერეთლის ცხოვრებასა და შემოქმედებას და XIX საუკუნის საქართველოში მიმდინარე ლიტერატურულ პროცესებს მიეძღვნა. იმდროინდელი ქართველი მოღვაწეებიც არ დაგვვიწყნია: ილია ჭავჭავაძე, ნიკო ნიკოლაძე, ლავრენტი არდაზიანი, სამსონ თოფურია... ვინ არ ვახსენეთ, ვის არ გადავწვდით... უფროსკლასელებს კითხვები არ ელეოდათ, აკაკი აინტერესებდათ. ინტერესით უსმენდნენ ბატონ ელგუჯას _ აკაკიზე მოფიქრალ და მწერალ კაცს. ინტერესით მოგვისმინეს ბატონ გიზოს და მე _ აკაკიზე მწერალ კაცზე რომ მოვუყევით, ბატონი ელგუჯა რომ ახლოს გავაცანით უფრო...
ასეთ დღეთა სიმრავლე მინდა _ გულიანი მკითხველებით სავსე აუდიტორია და ბატონი ელგუჯასნაირი და ბატონი გიზოსნაირი შემოქმედები; იმ მწერლებთან შეხვედრები, ვის ძლიერ მხრებზეც დგას თანამედროვე ლიტერატურა; სიამაყით სავსე ახალი თაობა თანამედროვე მწერლებთან შეხვედრის ბედნიერება რომ ერგოთ წილად და ჩემსნაირი ემოციური ლიტერატურისმოყვარენი... 
    ახლა რომ მაქვს იმედი და რწმენა _ სამეგრელოდან დაწყებული მოგზაურობა რომ გაგრძელდება და მთელ საქართველოს შემოვივლით _ ეს იმედი მინდა სულ მინათებდეს გზას და რწმენა მაძლიერებდეს ამის შესასრულებლად. 
       მადლობა ბატონ ბეჟან ნადარაიას _ ა(ა)იპ „ხობის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრის“ დირექტორს; ბატონ გოგი ქაჯაიას _ ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელს; ბატონ ედიშერ ჯობავას _ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს; ბატონ ვარაზ გაბედავას _ გამგებლის მოადგილეს; ბატონ გოჩა სიჭინავას _ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრს; ბატონ ირაკლი შონიას _ გამგეობის თანამშრომელსა და ჩვენი შეხვედრის მემატიანეს; ქალბატონ მაია შუშანიას _ სოფელ საჯიჯაოს N1 საჯარო სკოლის დირექტორს, მის პედაგოგიურ კოლექტივს და მოსწავლეებს!
      უფლის იმედად, ასეთ კეთილ კაცთა დახმარებით, დარწმუნებული ვარ, მწერალთა შეხვედრები ახალ თაობასთან გაგრძელდება!...