საქართველოს ტრადიციული რეწვის ასოციაციის ახალი წევრი მეიარაღე ოსტატი ლევან ბუკიაა!


ქალაქ ხობში მცხოვრებ ოსტატში, ბავშვობიდანვე განსაკუთრებულ ინტერესს იწვევდა დანები და მუდამ ცდილობდა დამოუკიდებლად გაეკეთებინა ფილმებში ნანახი გმირების იარაღები. მან იარაღის ჭედვა შეისწავლა კახაბერ ზანრაძის სახელოსნოში, სადაც ჩამოყალიბდა პროფესიონალ მჭედლად. გარკვეული დროის განმავლობაში ლევანი მოღვაწეობდა უკრაინაში, სადაც გაიღრმავა პროფესიული ცოდნა და საკუთარი გამოცდილება გაუზიარა ადგილობრივ კოლეგებს. ოსტატი დანების შექმნისას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს შესრულების სისუფთავეს, ხარისხს და სიზუსტეს. ლევანი ცდილობს შენარჩუნოს და განავითაროს ქართული ცივი იარაღის სამჭედლო საქმე. „მე ვთვლი, რომ იარაღის სილამაზე მის სილუეტშია, მისი კონტური და არა ორნამენტი.“ - ამბობს ოსტატი. 
ამჟამად, იგი გეგმავს განავითაროს და შექმნას ცალკე პროდუქცია ქალბატონებისთვის რქის მასალისგან, რომელსაც იგი იყენებს იარაღის ტარებსა და სხვა ატრიბუტებშიც, რომლის შესაბამისი დამუშავება ეფექტურს ხდის მას და წააგავს სხვადასხვა ნახევრადძვირფას ქვებს. 

ჩვენი ასოციაცია წარმატებებს უსურვებს ახალ წევრს მის საქმიანობაში!