საქართველოს პარლამენტის წევრის, გოდერძი ბუკიას შეხვედრა უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებთან ხობის რაიონიდან
ხობის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი, გოდერძი ბუკია თავისი რაიონის წარმომადგენელ ახალგაზრდებს, უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებს შეხვდა. მან ერთგვარი ანგარიში ჩააბარა ახალგაზრდებს მისი დეპუტატობის პერიოდში ხობის რაიონში განხორციელებული პროექტების შესახებ, რამაც რაიონის ინფრასტრუქტურულ და სოციალურ განვითარებას შეუწყო ხელი.
მისი თქმით, ბოლო წლებში ხობის პოპულარობა და ცნობადობა გაიზარდა, რაც განაპირობა კულტურული პროექტების განხორციელებამ - საერთაშორისო ფესტივალმა „სიმღერა სამეგრელოზე“ და ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების სახელობის სამონასტრო კომპლექსის აშენებამ.
გოდერძი ბუკიამ იმ პერსპექტიულ პროექტებზეც ისაუბრა, რომლებიც ახლო მომავალში დაიწყება და მოუწოდა ახალგაზრდებს მიიღონ კარგი განათლება, გახდნენ კვალიფიციური სპეციალისტები, რომ დაბრუნდნენ მშობლიურ კუთხეში და მონაწილეობა მიიღონ მის აღმშენებლობაში, რაიონში ცხოვრების გაუმჯობესებაში.
მან პირველად განაცხადა ახალი ინიციატივის შესახებ, რომ მიმდინარე წლის სექტემბერში ხობში პირველად ჩატარდება საერთაშორისო სტუდენტური ფესტივალი, სადაც მრავალი ქვეყნის ახალგაზრდები იქნებიან მოწვეული.
გოდერძი ბუკიამ უპასუხა სტუდენტთა შეკითხვებს.
შეხვედრა თბილისში, პარლამენტის კინოდარბაზში გაიმართა. შეხვედრაში მონაწილეობდნენ ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელი, გოჩა ქაჯაია და ხობის საკრებულოს თავმჯდომარე, ედიშერ ჯობავა.