ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივით ხობის მუნიციპალიტეტის საჯიჯაოს ადმინისტრაციულ ერთეულში C ჰეპატიტზე უფასო სკრინინგი ჩატარდა. მსურველს ჰქონდა უფლება C ჰეპატიტის ანალიზი ჩაებარებინა და გაეგო, არის თუ არა C ჰეპატიტის ვირუსით ინფიცირებული.
მოსახლეობის უფასო სკრინინგი ხობის მუნიციპალიტეტის ხეთის ადმინისტრაციულ ერთეულშიც ჩატარდა და იგი მუნიციპალიტეტის ყველა ზონას მოიცავს.
აღსანიშნავია, რომ ადამიანთა უმრავლესობამ არ იცის, რომ ის C ჰეპატიტის ვირუსის მტარებელია. საქართველოს მთავრობამ სახელმწიფო პროგრამა „საქართველო C ჰეპატიტის გარეშე" დაიწყო, რომლის ფარგლებშიც, C ჰეპატიტის აღმოჩენის შემთხვევაში, საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს აქვს საშუალება, უფასოდ მიიღოს მკურნალობა. ხობის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ინფიცირებულ პირთათვის გამოკვლევის შემდგომი ნაწილი ხობის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდება.
ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად სკრინინგში ჩაერთო ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელი გოჩა ქაჯაია, რომელიც ადგილზე გამგეობის შრომის, საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, ვეტერანთა, ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა სამსახურის უფროსთან შოლინა კანკიასთან ერთად იმყოფებოდა. სპეციალისტების თქმით, საკმაოდ მაღალი აქტივობა დაფიქსირდა. დადებითი პასუხის შემხთვევაში პაციენტებს გამოკვლევების გაგრძელება ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში შეეძლებათ.
C ჰეპატიტზე უფასო სკრინინგს, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ზუგდიდის რეგიონალური ფილიალი ახორციელებს.