გიორგი ხვიჩია |
ფონდ “ქართული გალობის” ფონდი ქართული გალობა / Georgian Chanting Foundation და გიორგი მთაწმინდელის სახელობის საეკლესიო გალობის უმაღლესი სასწავლებლის სტიპენდიანტი – გიორგი ხვიჩია, II კურსის სტუდენტი:
სიმღერა უცხო არ იყო ჩვენი ოჯახისათვის. ბებიაჩემი მეჩონგურე იყო, ჩემს სამივე დას მუსიკალური შვიდწლედი აქვს დამთავრებული. ჩემთვისაც ბავშვობიდან დილა სიმღერით იწყებოდა. სწორედ სიმღერის უსაზღვრო სიყვარულმა მიმიყვანა ჯერ ხეთის მთავარანგელოზთა ტაძარში (სადაც გალობა დავიწყე) და რაიონის ბიჭუნათა ანსამბლში, შემდეგ, ფოთის წმიდა გრიგოლ ღვთისმეტყველების სახელობის სასულიერი სემინარიაში, საღვთისმეტყველო ფაკულტეტზე და ბოლოს, გიორგი მთაწმინდელის ქართული საეკლესიო გალობის უმაღლეს სასწავლებელში.
მიხარია და მადლობელი ვარ, რომ ამ სასწავლებელში იმ ადამიანების გარემოცვაში ვიმყოფები, რომლებიც ძირფესვიანად გვასწავლიან წინაპართაგან დღემდე მოტანილ სიმღერა-გალობას, ტრადიციულ ხალხურ საკრავებს და ასევე, სხვა მნიშვნელოვან თეორიულ საკითხებს.
მახსენდება ცხონებული ვაჟა აბაკელია, რომელიც უბადლო შემსრულებელი იყო მეგრული სიმღერების. როცა მუსიკის გაკვეთილი გვქონდა, შემოვიდოდა თუ არა იკითხავდა: "ხვიჩიები თუ არიანო". ეს ერთგვარი სტიმული იყო გამეგრძელებინა მუსიკის გზით სიარული. ჩემი მიზანია, ჯერ მე თვითონ ჯეროვნად შევისწავლო სიმღერა-გალობა და შემდეგ, ახალ თაობას გადავცე ის. არ ვიცი რამდენად შევძლებ ამ ყველაფერს, მაგრამ „შეუძლებელი კაცთაგან შესაძლებელ არს ღმრთისა მიერ“.