ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის პირველი ლიგის, მეთექვსმეტე ტურის მატჩი, ხობის „კოლხეთსა“ და ცხინვალის „ლიახვს“ შორის გადაიდო. შეხვედრა ხობის ცენტრალურ სტადიონზე 29 ნოემბერს, 14 საათზე იყო დაგეგმილი. მატჩის გადადების გადაწყვეტილება საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა სამსაჯო ჯგუფთან და კლუბების ხელმძღვანელებთან კონსულტაციის შემდეგ მიიღო. მატჩის გადადების მიზეზი თამაშის გარიგების მაღალი რისკი გახდა.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი შეხვედრის გარიგების საფრთხის გამო, დღეს ხობში ჩავიდა და ადგილზე გაეცნო ვითარებას. ლევან კობიაშვილი კლუბების წარმომადგენლებს, ფეხბურთელებსა და გულშემატკივრებს პირადად შეხვდა. მოგვიანებით კი თამაშის გადადების გადაწყვეტილება მიიღო. მატჩის ირგვლივ არსებული სხვადასხვა არასპორტული გარემოებების შესახებ ინფორმირებულია შესაბამისი უწყებები.
"ეს არის დაუშვებელი ფაქტი, როდესაც ფინანსური სარგებელის მიღების მიზნით ხდება თამაშების შედეგებზე ზემოქმედება. დღეს ჩვენ მივიღეთ ამ საშიშროების შესახებ ინფორმაცია. მე ვიმყოფებოდი ადგილზე და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ თამაში გადაგვედო. ყველანაირი ინფორმაცია მივაწოდეთ სამართალდამცავებს და გვაქვს მოლოდინი, რომ მოხდება სათანადო გამოძიება და უმკაცრესად დაისჯებიან ის ადამიანები, ვინც პირდაპირი თუ ირიბი გზით ჩართულია გარიგებული თამაშების სქემაში. ფედერაცია ასევე გარიგებულ თამაშებთან საბრძოლველად სპეციალური დეპარტამენტის შექმნას გეგმავს. ვაფიქსირებ საჯაროდ ჩვენს პოზიციას, უმკაცრესად დაისჯება ყველა დამნაშავე, რადგან ფეხბურთი არ არის ის სფერო, სადაც ადგილი ექნება მსგავს ფინანსურ მანიპულაციებს", - აცხადებს ლევან კობიაშვილი.
სფფ-ის პრესსამსახური
http://gff.ge/ka/News/Details/2165
სფფ-ს პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი ფეხბურთის ხობელ გულშემატკივრებთან ერთად