ადამიანს ადრეულ ასაკში ნანახი და განცდილი, კარგიც თუ ცუდიც მთელი ცხოვრების მანძილზე ყველაზე უკეთესად ამახსოვრდება.
ალბათ, პირველ კლასში ვიყავი, როდესაც პირველად ვნახე სცენაზე რეზო თოდუა. დღემდე თვალწინ მიდგას მის მიერ, საოცარი არტისტიზმით შესრულებული კომიკური როლები. ჩემს თაობას (უფროს თაობას უფრო მეტად) ახსოვს აგიტ-მხატვრული ბრიგადის არსებობა, რომლებიც კონცერტებს მართავდნენ (ალბათ დავალებაც იყო) სკოლებში, სოფლის კლუბებში ზოგჯერ ღია ცის ქვეშ. მას შემდეგ დიდი დრო გავიდა. დღეს, სამწუხაროდ, თითქმის ცოცხლები აღარ არიან. ესენი იყვნენ რადიკო ალანია, ტუჩი მირცხულავა, საშურა ჯალაღონია, გოგი მირცხულავა, მიშა შურღაია (თუ ვინმე გამომრჩა მომიტევოს მათმა სულებმა). რეპერტუარში ქონდათ სიმღერები, სკეტჩები, პაროდიები და, რაც მთავარია, საოცარი იუმორი. უფულონი მაგრამ - ნაღდი ხობელი კოლორიტები. მათ შორის იყო ჩვენი რეზო თოდუა.
მაშინ ბავშვებს გვიკვირდა საიდან ჰქონდა ამ „კვანჭალია“ კაცს ასეთი ბუბუნა ხმა. მახსოვს რეზოს მიერ შესრულებული როლი სპექტაკლში „ძალად ექიმი“, იყო სიცილ-ხარხარი - საოცარი შესრულების გამო.
ბედმა მარგუნა ბოლო პერიოდი ვხელმძღვანელობდე კულტურის ცენტრს. თითქმის ყოველ დღე მიხდება ურთიერთობა ჩემს რეზისთან (ხანდახან ასე ვეძახი მოფერებით). არ მახსოვს ამ ხუთი წლის განმავლობაში მას ჩემთვის სახელით მოემართოს. ფორმა მისალმებისა ყოველ დილით ასეთი აქვს: „ბატონო დირექტორო ან ჩემი კოსმანის შვილი“.
საოცარი სიყვარულის და სითბოს მატარებელია ჩემი რეზი. დღესაც, მიუხედავად ასაკისა ერთგულად ემსახურება თავის პროფესიულ საქმიანობას. არის ანსამბლ „კოლხეთის“ ყველაზე უხუცესი მსახიობი, წევრი (ანსამბლ კოლხეთზე ცალკე მექნება საუბარი). მას ჯილდოები და რეგალიები არ აკლია, მაგრამ ყველაზე გამორჩეული როგორც თავად ამბობს, მისთვის მაინც ხობის „საპატიო მოქალაქეობის“ საპატიო წოდება არის , რომელიც „ცოტნეობი“-ს დღესასწულზე მიანიჭეს.
ვულოცავთ ბატონ რეზოს ამ მართლაც დამსახურებულ და საპატიო წოდებას!
. . . და დადის ხობში კაცი, რომელიც ყველას უყვარს. მრავალჟამიერი თქვენი სიცოცხლე.