შოთა სირაძე |
ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი -იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარე შოთა სირაძე სოციალურ ქსელ ფეისბუკის საკუთარ გვერდზე რუსთავი2-თან დაკავშირებით ვრცელ კომენტარს ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
-ფეისზე კომენტარების გაკეთება დიდად არასდროს არ მხიბლავდა, მაგრამ ბოლო დროს რუსთავი 2-თან დაკავშირებულმა მოვლენებმა და ამ მოვლენებთან მიმართებაში სრულიად არაპროფესიონალურმა, უპასუხისმგებლო, ცრუ და პიარზე აგებულმა ინფორმაციებმა და კომენტარებმა, რომელსაც საზოგადოება შეცდომაში შეჰყავს, მაფიქრებინა ამ კომენტარის გაკება.
პირველ რიგში რუსთავი 2-თან, როგორც სამაუწყებლო კომპანიასთან დაკავშირებით, ჩემი აზრი (და არა მარტო ჩემი) მინდა გამოვთქვა: ეს არხი მოიაზრება ოპოზიციურ არხად, ამას თვით არხის წარმომადგენლებიც არ უარყოფენ. რას ნიშნავს ოპოზიციური არხი, ჩემთვის სრულიად გაუგებარია, ვინაიდან ვფიქრობ, რომ ასეთი სტატუსით ცივილიზებულ მედიაში, არცერთი ტელეკომპანია არ იარსებებს, ძალიან მარტივი მიზეზის გამო: თუ ოპოზიციური ხარ, ე.ი. ვიღაცის პოზიციაში ხარ, თუ პოზიციაში ხარ, ამ პოზიციონერის ინტერესებს ემსახურები, თუ ვიღაცის ინტერესებს ემსახურები, ე. ი. მასზე დამოკიდებული ხარ ფინანსურად თუ სხვაგვარი პასუხისმგელობით (რა მნიშვნელობა აქვს), თუ ვიღაცის ინტერესებს ემსახურები, ე.ი. დაინტერესებული ხარ, თუ დაინტერესებული ხარ, ე.ი. სუბიექტური ხარ და თუ სუბიექტური ხარ ობიექტური ვერ იქნები და ძალიან ცუდია, როდესაც ტელევიზია სუბიექტურია. ეს პირველ რიგში საზოგადოებისთვისაა ცუდი, ვინაიდან ხალხს უფლება აქვს ნდობა ჰქონდეს ტელევიზიების მიმართ და სჯეროდეთ ის, რასაც ტელევიზია გადმოსცემს. ამ ნდობის საკუთარი მიზნებისთვის გამოყენება, რბილად რომ ვთქვათ, ცუდი საქმეა.
მეორე რიგში, ვისგან უნდა დავიცვათ რუსთავი 2?, ვისგან უნდა დავიცვათ სიტყვის თავისუფლება? იქნებ ვინმემ დააკონკრეტოს ვის შეეზღუდა უფლება ისაუბროს საკუთარი შეხედულებების შესახებ ტელევიზიაში თუ სხვა მასობრივ საინფორმაციო საშუალებებში, ვის აეკრძალა „გადმოაფრქვიოს„ ათასგვარი ცილისმწამებლური, შეურაცმყოფელი, სახელის გამტეხი ბრალდებები და სხვა ათასგავრი სისაძაგლეები.
სამწუხაროდ საზოგადოებაში ინერგება აზრი, რომ ამ კომპანიას ხელისუფლება უტევს და ეს პიარი საკმაოდ წარმატებით მუშაობს. დღემდე ვერ მოვისმინე ვერც ხელისუფლების წარმომადგენლებისგან და მით უფრო სხვა პირებისგან, ისეთი არგუმენტაცია, რომელიც საზოგადოებას ობიექტურ და დასაბუთებულ ინფორმაციას მიაწვდის, ამიტომ თავს უფლება მივეცი ძალიან მოკლედ ავხსნა ის რაც ხდება ამ საქმის გარშემო:
თუ ვიღაც გვეუბნება, რომ რუთავი 2 დასაცავია, მაშინ უნდა დაკონკრეტდეს ვისგან; თავიდანვე ვიტყვი, რომ ხელისუფლება ამ კომპანიას ვერ დახურავს, ვინაიდან ხელისუფლების მიერ ტელეკომპანიის დახურვას, (ამ უხეშ სიტყვას), იმდენი და ისეთი კონკერეტული სამართლებრივი საფუძვლები აქვს, რომ მათი არსებობისა და შემდგომ შესაბამისი კომპეტენტური ორგანოების მიერ დასაბუთებული გადაწვეტილებების გარეშე, ეს ვერ მოხდება. თუ ასეთი მოხდა, ნებისმიერი გადაწყვეტილება საზოგადოებისთვის ღიაა და რაც მთავარია სასამართლოში საჩივრდება. როგორც ვიცით ხელისუფლებას ასეთი ნაბიჯი არ გადაუდგამს.
მაშინ გამოდის, რომ რუსთავი 2 ხალვაშისგან ყოფილა დასაცავი. როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, ამ პიროვნებას სარჩელი აქვს შეტანილი სასამართლოში და ამ კომპანიას საკუთარი ბიზნესინტერესებიდან გამომდინარე წილზე ედავება. იქნებ ვინმემ აგვიხსნას ხალვაშისგან როგორ დავიცვათ რუსთავი 2?. ალბათ ერთადერთი გამოსავალია მთელი ერი ადგეს და ხალვაშს შევძახოთ, ან აქციები მოვუწყოთ და ა.შ., რომ ნუ იზამს ამას... არა მგონია ეს მეთოდი ეფექტური იყოს, კიდევ უფრო არა მგონია, რომ ეს მთელმა ერმა გააკეთოს.
მივედით იქამდე, რომ რუსთავი 2 სასამართლოსგან ყოფილა დასაცავი და ასეთ შემთხვევაში ყველას ძალიან მარტივად მინდა ავუხსნა, რომ სასამართლოს თუ მოსამართლის ნებისმიერი გადაწყვეტილება (შემაჯამებელი თუ შუალედური) წერილობით ყალიბდება, საბუთდება კონკრეტული მატერიალური ნორმებით, გადაეცემა მხარეებს, ხდება საჯარო და მხარეებს შეუძლიათ საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომი გახადონ და რაც მთავარია შესაძლებელია მისი ორ ზემდგომ ინსტანციაში და ევროსასამართლოში გასაჩივრება. ამავე დროს სასამართლოს ნებისმიერი გადაწყვეტილება ათწლეულობით ინახება და მათი გადასინჯვის პროცესუალური შესაძლებლობა ყოველთვის არსებობს.
ასე, რომ სრულიად ცრუ, უპასუხისმგებლო და პიარზე აგებული ინფორმაციაა ის, რომ რუსთავი 2-ის ბედი თურმე ერთ მოსამართლეზე ყოფილა დამოკიდებული და ნუ დაიჯერებთ ამას. თუ ვინმეს სასამართლოს ან მოსამართლის გადაწყვეტილებაზე რაიმე პრეტენზია აქვს, პირველ რიგში გასაჩივრების უფლებით უნდა ისარგებლოს და თუ დაუოკებელი სურვილი აქვს, რომ საზოგადოებს უნდა აუწყოს ამის შესახებ, მაშინ გადაწყვეტილება უნდა გაასაჯაროვოს და დააკონკრეტოს თუ რომელი ნორმა და კანონის რა მოთხოვნა იქნა დარღვეული სასამართლოს მიერ, რაც მე პირადად დღემდე არ მომისმენია.
კიდევ ერთხელ ავღნიშნავ, რომ არ მიყვარს ფეისზე კომენტარების გაკეთება, მაგრამ ამ შემთხვევაში თავს უფლება მივეცი ჩემი მოკრძალებული წვლილი შევიტანო საზოგადოებისთვის ობიექტური ინფორმაციის მიწოდებაში.