23 სექტემბერს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში გაიმართა საკრებულოს მორიგი სხდომა, რომელსაც თავმჯდომარეობდა საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა. სხდომას ესწრებოდნენ საკრებულოსა და გამგეობის ხელმძღვანელი პირები, სადაც განხილულ იქნა დღის წესრიგით გათვალისწინებული სხვადასხვა საკითხები: მათ შორის: დადგენილების პროექტი: „ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის N7 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“, რომელშიც ცვლილებები განხორციელდა საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ შეტანილი ცვლილებების შესაბამისად, კერძოდ ცვლილებებით განისაზღვრა, რომ საკრებულოს კომპეტენციას არ წარმოადგენს ადგილობრივი შესყიდვების გეგმის დამტკიცება, ისევე, როგორც საკრებულოს აპარატის და გამგეობის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცება, ეს უფლებამოსილება შესაბამისად მიენიჭა
საკრებულოს თავმჯდომარეს და მუნიციპალიტეტის გამგებელს. სხდომაზე განხილულ იქნა განკარგულების პროექტები „ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარისთვის ხობის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული დამატებითი ქონების ა(ა)იპ „ხობის მუნიციპალიტეტის პროფესიული სწავლების ცენტრისთვის“ გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 14 სექტემბრის N52 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „ხობის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სახელმწიფოსათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის შესახებ“, რომლის თანახმადაც ხობის მუნიციპალიტეტის პროფესიული სწავლების ცენტრისთვის სარგებლობის უფლებით გადაცემული ქონება - არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა და მასზე არსებული შენობა-ნაგებობის ნაწილი სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მოთხოვნის საფუძველზე გადაეცემა სახელმწიფოს უსასყიდლო საკუთრებაში, სახელმწიფოს მხრიდან შემდგომ ამ ქონების სარგებლობის უფლებით სსიპ პროფესიული კოლეჯისთვის „ფაზისი“ გადაცემის მიზნით. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ხობის მუნიციპალიტეტის პროფესიული სწავლების ცენტრის ბაზაზე სსიპ პროფესიული კოლეჯის „ფაზისი“ ფილიალის შექმნის შესახებ, ხოლო საკრებულოს მიერ სახელმწიფოსთვის გადაცემულ, ყოფილი ნოჯიხევის პროფესიული სასწავლებლის ორ შენობა-ნაგებობას სახელმწიფოს მიერ ჩაუტარდება რემონტი, რის საფუძველზეც ის სრულად იქნება რეაბილიტირებული და აღიჭურვება თანამედროვე ტექნიკით სასწავლო პროცესისთვის, ამ პროექტისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხა უკვე გამოყოფილია. ზემო აღნიშნულის გამო საკრებულოს მიერ ასევე მუნიციპალიტეტის გამგებელს მიეცა თანხმობა ხობის მუნიციპალიტეტის პროფესიული სწავლების ცენტრის ლიკვიდაციის პროცესის დაწყების თაობაზე. მორიგ საკითხად განხილულ იქნა განკარგულების პროექტი „არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის - „ხობის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი სააღმზრდელო გაერთიანების“ შექმნისა და წესდების დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 10 ივლისის №49 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“, რომლის თანახმადაც განხორციელდა საჯიჯაოს და გაღმა საჯიჯაოს ბაღების გაერთიანება. პროექტის განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ საჯიჯაოს საბავშვო ბაღში ამ ეტაპისთვის ჩარიცხულია 42 აღსაზრდელი, ბაღს გარეთ დარჩენილია შესაბამისი ასაკის მქონე 17 აღსაზრდელი, ხოლო გაღმა საჯიჯაოს ბაღში სულ ირიცხება 4 აღსაზრდელი. მშობელთა მოთხოვნის გათვალისწინებით, გაღმა საჯიჯაოს ჯგუფის ხარჯზე დამატებით საჯიჯაოს საბავშვო ბაღში შესაძლებელი იყო ახალი ჯგუფის გახსნა და გაღმა საჯიჯაოდან აღსაზრდელთა გადაადგილებისთვის ტრანსპორტით უზრუნველყოფა, ზემო აღნიშნულის გათვალისწინებით საკრებულომ მიიღო გადაწყვეტილება ორი საბავშვო ბაღის გაერთიანების თაობაზე. ამ და დღის წესრიგით გათვალისწინებული სხვა საკითხების განხილვის შემდეგ საკრებულოს სხდომა დახურულად გამოცხადდა.
www.khobi-sakrebulo.ge