მარწყვი ხობისწყლის ულამაზესი ხეობიდან, კოოპერატივი შამათია

9 წლის იყო ნინო, როცა აფხაზეთში მომხდარი საშინელი ომის გამო, საკუთარი ქვეყნის ტერიტორიაზე „დევნილის“ სტატუსით აღმოჩნდა. და დაიწყო დაუნდობელი ბრძოლა გადარჩენისა და თვითდამკვიდრებისთვის. ამ ბრძოლაში მან პროგრესისკენ მიმავალი გზა აირჩია, რომელიც განათლებაზე გადიოდა. ნინომ წარმატებით დაამთავრა ეკონომიკის და ბიზნესის ფაკულტეტი და  თავისი სპეციალობით განაგრძო მუშაობა სხვადასხვა კომპანიაში.
დაოჯახების შემდეგ ნინოს ოჯახის სასარგებლოდ მოუწია არჩევანის გაკეთება და გარკვეული დრო დიასახლისობას მიჰყო ხელი. თუმცა  დიდხანს გაჩერება მას არ შეეძლო და გადაწყვიტა ამჯერად ბიზნესში მოესინჯა საკუთარი შესაძლებლობები. შემოიკრიბა აგრარულ სექტორში მუშაობის  გამოცდილების მქონე, სანდო ადამიანები, რომლებმაც გააერთიანეს თავიანთი ფინანსური და ქონებრივი რესურსები და დააფუძნა კოოპერატივი შამათია. ასე ქვია ხობისწყლის ულამაზეს ხეობაში ადგილს, სადაც ნინოს ოჯახის საკუთრებაში არსებული 2,8 ჰა მიწის ნაკვეთი მდებარეობს. ნინო თავად არის კოოპერატივის თავმჯდომარე, სადაც 4 ქალი 1 მამაკაცია გაერთიანებული, მათ შორის 2 აფხაზეთიდან ლტოლვილია.
კოოპერატივმა თავდაპირველად დაფნის სანერგე მეურნეობა მოაწყო საკუთარი სახსრებით. ერთობლივი საქმიანობით მიღებულმა შედეგმაც არ დააყოვნა და ჯგუფმა ბიზნესის გაფართოება გადაწყვიტა. ენპარდის ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერით ამჯერად მარწყვის სასათბურე მეურნეობა მოაწყვეს 1,000 მ2-ზე. საგრანტო თანხით, რაც  45,644 ლარს შეადგენდა, კოოპერატივმა  მოაწყო სასათბურე კონსტრუქცია, სარწყავი, ვენტილაციის და გათბობის სისტემები. კოოპერატივმა საკუთარი ფინანსებით (16,568 ლარი)  შეიძინა და დარგო 4,000 ძირი „სან-ანდრეასის“ ჯიშის მარწყვის ნერგი, მოაწყო სადარაჯო პუნქტი და სადრენაჟე სისტემა, შემოღობა ტერიტორია.


თუმცა იქამდე იყო სიძნელეებიც. სასათბურე კონსტრუქციის აშენებას სათანადო ტემპერატურა სჭირდებოდა, ამიტომ ზამთრის პირობებში სათბურის დასრულება არ მოხერხდა, შესაბამისად დაგვიანდა მარწყვის ნერგების შეტანა, რამაც  მოსავლის მცირედი დანაკარგი გამოიწვია. კოოპერატივის წევრებს არ ჰქონდათ მარწყვის მოვლის  გამოცდილება, რაშიც ძალიან დაეხმარა ქეა საერთაშორისო კავკასიაში. ორგანიზაციის ექსპერტების და დარგის სპეციალისტების მიერ ჩატარებული ტრეინინგების საშუალებით შეისწავლეს მარწყვის  მოვლის თანამედროვე ტექნოლოგიები. მომავალში კოოპერატივი საკუთარი პროდუქციის ბრენდირებასაც გეგმავს.
„ჩვენ გვაქვს საყვარელი საკუთარი საქმე და ძალიან დიდ სიხარულს გვანიჭებს ყოველი დღე, როცა ჩვეს სათბურში შევდივართ  და ბაზოებზე გადმოკიდებულ წითელ მარწყვებს ვხედავთ, რომლებიც დაკრეფას ელოდებიან. ახლა უკვე დიდი იმედით ვუყურებ მომავალს და მჯერა,რომ  სიყვარულით გაკათებული საქმე ადრე თუ გვიან თავის შედეგს გამოიღებს. თავს  შემდგარ ადამიანად მივიჩნევ, რომელსაც საყვარელი ოჯახი და საყვარელი საქმე აქვს. ეს ველაფერი კი მავიწყებს იმ ავბედით დღეებსა და აუტანელ რეალობას, რასაც  საკუთარი მიწა-წყლიდან გამოძევება ჰქვია. კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ სასოწარკვეთილების უფლება არავის არა აქვს, მითუმეტეს ქალს, რომელიც სიცოცხლის საწყისია და პასუხისმგებელია არა მარტო საკუთარ, არამედ შვილების მომავალზე, რაც საბოლოოდ ქმნის ჯანსაღ საზოგადოებას“-ამბობს ნინო.
ადგილობრივად მარწყვზე მოთხოვნა საკმაოდ მაღალია,  ამიტომ კოოპერატივს წლის განმავლობაში, დაგეგმილი აქვს საკუთარი სახსრებით, ეტაპობრივად  შეისყიდოს და დარგოს დამატებით 6400 ძირი მარწყვის ნერგი, რაც მათ წლის განმავლობაში დაახლოებით 7-7.5 ტონამდე მარწყვის მოყვანის შესაძლებლობას მისცემს, ეს კი საშუალოდ 30-40 000 ლარის შემოსავლის მომტანია წელიწადში, ხოლო წმინდა მოგება პირველ ეტაპზე, საგრანტო თანხის დაბრუნებამდე, საშუალოდ 8,000 ლარს მიაღწევს. ივნისში მოსავლის პირველი ნიშნებიც გამოჩნდა, შემოდგომიდან უკვე ბარაქიან მოსავალს ელოდებიან.
მარწყვის შესაძენად დაუკავშირდით კოოპერატივი “შამათია”-ს თავმჯდომარეს ტელეფონით: 592 44 24 09 ნინო, 577383115 ირაკლი-მეუღლე.