24 აგვისტოს ქ. ხობის ცენტრალურ სტადიონზე სტარტი აიღო ხობის საფეხბურთო სკოლის, ფოთის "კოლხეთის" ჭაბუკ ფეხბურთელთა, მარტვილის საფეხბურთო სკოლისა და ხობის "კოლხეთის" გუნდების ყოფილი ფეხბურთელის, ტრაგიკულად დაღუპული ახალგაზრდის ნუგზარ (ნუტი) ლემონჯავას სახელობის გარდამავალი თასის რიგით მეორე გათამაშებამ მინი ფეხბურთში. ტურნირი სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონალური ფეხბურთის ფედერაციის, ხობის საფეხბურთო კლუბ „კოლხეთი"-ს და ხობის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო სკოლის ორგანიზებით ტარდება და მასში დასავლეთ საქართველოს მასშტაბით 6 საფეხბურთო სკოლის გუნდი იღებს მონაწილეობას. შეჯიბრი გაიმართება როგორც უმცროსი ასაკის, ასევე უფროსი ასაკის ფეხბურთელთა შორის. ფინალური შეხვედრა 29 აგვისტოს ნუტის დაბადების დღეს შედგება. ტურნირის გახსნის ცერემონიალს ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველი მოადგილე ვარაზ გაბედავა, მუნიციპალიტეტის ხელისუფლების წარმომადგენლები, ხობის მაჟორიტარი დეპუტატის გოდერძი ბუკიას ბიუროს ხელმძღვანელი რევაზ წულაია და მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.