ხობის გამგებელი გოჩა ქაჯაია – პირადი ურთიერთობების სიმყარე ყველანაირ თანამდებობაზე მაღლა უნდა დავაყენოთ


მიმდინარე წლის მარტში პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა რეგიონების პირველ პირებთან გამართულ შეხვედრაზე ხობის მუნიციპალიტეტი, საბიუჯეტო ვალდებულებების 100%-იანი შესრულების გამო, საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ მუნიციპალიტეტად მოიხსენია.
 როგორ ახერხებს ხობის ადგილობრივი ხელისუფლება საბიუჯეტო თანხების მობილიზებასა და ათვისებას, მაშინ როცა ის ცენტრალური ბიუჯეტიდან ტრანსფერს არ იღებს, რა მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება შეძლო ბოლო ერთ წელიწადში ხობის გამგეობამ და საკრებულომ,  რა წვლილი მიუძღვის მრავალგზის მაჟორიტარ დეპუტატს, გოდერძი ბუკიას ხობის ეკონომიკურ განვითარებაში;
 აგრეთვე, რა გზა განვლო თავად გოჩა ქაჯაიამ ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის პოსტზე არჩევამდე, რა იყო მისთვის იმის მთავარი მოტივაცია 2014 წელს, რომ კენჭი ეყარა გამგებლის თანამდებობაზე, რამდენად შეძლო ამომრჩეველთა წინაშე გაცემული დაპირებების შესრულება, რა რეაქცია აქვს კრიტიკაზე, ამ და სხვა შეკითხვებზე პასუხებს ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელთან, გოჯა ქაჯაიასთან ჩაწერილი ინტერვიუდან შეიტყობთ.
„პრემიერ-მინისტრის მიერ ხობის მუნიციპალიტეტის პირველ ადგილზე დასახელება ნამდვილად მოულოდნელი და სასიამოვნო იყო“.

„ხობის მუნიციპალიტეტი წლების განმავლობაში საკუთარი შემოსავლებით საზრდოობს, რომლის ძირითად ნაწილს შპს „შავი ზღვის ტერმინალიდან“ შემოსული გადასახადებია“.

„შავი ზღვის ტერმინალი“ ხობის ეკონომიკაში გადამწყვეტ როლს ასრულებს. მისი წილი ადგილობრივი ბიუჯეტის შემოსავლებში 42%-ს შეადგენს“.

„ხობის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, პროგრამის – „აწარმოე საქართველოში“ – ფარგლებში უკვე დაიწყო სიმინდის გადამამუშავებელი და ზეთის გამომხდელი ქარხნის მშენებლობა“.

„ქარხნების ექსპლუატაციაში შესვლის შემდგომ 100-მდე მუშა-ხელი დასაქმდება“.

„ხობში ადგილობრივი თვითმმართველობა გამართულად და აქტიურ რეჟიმში მუშაობს“.

„განგებამ მრავალი გამოცდა მოგვიწყო, რომელთაგან ყველაზე მძიმე უახლოესი ადამიანების დაკარგვა იყო. მუნიციპალიტეტის ისტორიაში ჩემი ძმის სახელი არამარტო მისი პირველ პრეფექტად ყოფნის გამო დარჩა – ჩვენს ოჯახს რაიონის მთელმა საზოგადოებამ მისი გმირულად დაღუპვის გამო არნახულად უთანაგრძნო“.  

„პირადი ურთიერთობების სიმყარე ყველანაირ თანამდებობაზე მაღლა უნდა დავაყენოთ“.

  – ბატონო გოჩა, პირველ რიგში გვინდა იმ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე გვესაუბროთ, რაც ხობის მუნიციპალიტეტში ხორციელდება. რა პროექტებს გამოყოფდით?
– ხობის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დასაფინანსებელი პროექტების ფარგლებში მინდინარეობს ხეთისა და თორსა-დღვაბის წყალსადენის ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოები, კულტურულ-საგანმანათლებლო და ახალგაზრდული ცენტრის შექმნის ფარგლებში კულტურის სახლის რეაბილიტაციის პროექტის პირველი ეტაპი, ქალაქ ხობის ქუჩების კეთილმოწყობის (მოასფალტება) სამუშაოები, ბიის წყალსადენი სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები,  ქ. ხობში ჭყონდიდელის ქუჩაზე 60-ბინიანი საცხოვრებელი სახლის სახურავის სარეაბილიტაციო სამუშაოები, ქ. ხობის N2 საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია, ქალაქ ხობში გორგასალის ქუჩის ასფალტ-ბეტონის საფარის კაპიტალური შეკეთება და ქალაქ ხობში ბარათაშვილის ქუჩის მოასფალტება.
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, ყველა სოფელში მიმდინარეობს სამუშაოები მოსახლეობის მიერ შერჩეული პრიორიტეტების შესაბამისად. მიმდინარე წლისთვის პრიორიტეტად მიჩნეულ იქნა და მიმდინარეობს საბავშვო ბაღების სარემონტო სამუშაოები,  ქვიშა-ღორღოვანი საფარის მქონე შიდა სასოფლო გზების შეკეთება, სანიაღვრე არხების ამოწმენდა, ხიდ-ბოგირების რემონტები, წყალსადენი სისტემის მოწყობა, წყაროს წყლის სათავე-ნაგებობების კაპიტალური რემონტი, სასაფლაოს ტერიტორიის შემოკავება, გარე განათების მოწყობა, 9 აპრილის მემორიალისა და სკვერის კეთილმოწყობა.
2014 წელს მომხდარი სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელების მიზნით, საქართველოს მთავრობის დადგენილებით გამოყოფილი თანხების ფარგლებში ძველ ხიბულაში, საჯიჯაოში, ბიასა და პირველ მაისში უნდა განხორციელდეს დაზიანებული  გზების, ხიდებისა და ხიდ-ბოგირების აღდგენითი სამუშაოები, ხოლო სოფელ ქარიატაში -მდინარე ხობზე ბონდის ხიდის საპროექტო სამუშაოები. ასევე, სოფელ მეორე გურიფულში მდინარე ხობზე დაიწყება 1,2 მილიონიანი ნაპირსამაგრი სამუშაოები.
მუნიციპალიტეტში ასევე მრავლად არის დაგეგმილი ისეთი სამუშაოები, რომელთაც თავად სახელმწიფო ახორციელებს, მაგალითად: მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ დაგეგმილია 2,7 მილიონიანი პროექტი ქალაქ ხობის წყალმომარაგების სისტემის სარეაბილიტაციოდ; გზების დეპარტამენტის მიერ შესრულდა ნაპირსამაგრი სამუშაოები სოფელ ძველ ხიბულაში. იგეგმება ზუბი-ძველი ხიბულის გზისა და ხობი-გურიფული-ახალსოფელი-ბაქანის გზის მონაკვეთების მოასფალტების სამუშაოები.
უკანასკნელ პერიოდში გარკვეულწილად ყველა სოფელში მოწესრიგდა ისეთი სახის ობიექტები, რომელთა მოწესრიგება თვითონ მოსახლეობამ პირველ ეტაპზე მიიჩნია პრიორიტეტულად. მარტო რად ღირს ქალაქის ცენტრალური ნაწილის სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომლითაც, პირდაპირი მნიშვნელობით შეიძლება ითქვას, რომ მოქალაქეებს უსაფრთხო გადაადგილების საშუალებაც მიეცა.
მუნიციპალიტეტში არსებული ინფრასტრუქტურის სრულად ამოქმედების შემთხვევაში ხობი შეიძლება ერთ-ერთ აქტიურ ეკონომიკურ რაიონად გადაიქცეს, როგორც საწარმოო, ასევე სოციალური, სპორტული და კულტურული თვალსაზრისით.
მაქსიმალურად შევუწყობთ ასევე ხელს ყველა იმ პროექტს, რომელიც სახელმწიფოსგან არის მხარდაჭერილი. ერთ-ერთ პრიორიტეტად ვსახავთ საბავშვო ბაღებში თანამედროვე სტანდარტების დანერგვას.
რაც შეეხება უშუალოდ ადგილობრივი ხელისუფლების მიერ განსახორციელებელ პროექტებს – არაერთი პროექტია დაგეგმილი, რომელთა განხორციელება, როგორც აღვნიშნეთ, უკვე დაწყებულია სოფლის მხარდაჭერის პროგრამითა და საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსებული პროექტების ფარგლებში.

– რამდენადაც ვიცით, პრემიერ-მინისტრის, ბატონი ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით დაარსებული პროგრამის – „აწარმოე საქართველოში“ – ფარგლებში თქვენთან 2 ქარხანა შენდება. რა ქარხნებზეა საუბარი?
– უდავოდ, უაღრესად მნიშვნელოვანი პროგრამაა, რომლის ფარგლებშიც სახელმწიფოს მხარდაჭერით არაერთ ინიციატივიან ადამიანს შესაძლებლობა ეძლევა განახორციელოს ის პროექტი, რომლის განხორციელების საშუალებაც მხოლოდ საკუთარი რესურსებით არ შეეძლო.
საქართველოს მასშტაბით უკვე არაერთი საწარმო გაიხსნა პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში.
ხობის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, ამ პროგრამის ფარგლებში უკვე დაიწყო სიმინდის გადამამუშავებელი და ზეთის გამომხდელი ქარხნის მშენებლობა და მასთან ერთად აშენდება კომბინირებული საკვების მწარმოებელი ქარხანა, რომლის დაპროექტება დასრულების სტადიაშია.
ამ ორი ქარხნის ამოქმედება შემოდგომისთვის არის დაგეგმილი და სიმინდისა და სხვა მარცვლეული კულტურის გადამუშავების შედეგად დაიწყება მაღალი სტანდარტების სიმინდის ზეთის, სიმინდის ბურბუშელას, სიმინდის ფქვილის და კომბინირებული საკვების წარმოება. ასევე, პერსპექტივაშია სხვა მსგავსი და მრავალფეროვანი პროდუქციის წარმოება, ვინაიდან სიმინდისგან არაერთი დასახელების პროდუქტის წარმოებაა შესაძლებელი.
ორივე ქარხნის მშენებლობა ხობის მაჟორიტარი დეპუტატის გოდერძი ბუკიას ინიციატივით და მხარდაჭერით დაიწყო, რომელსაც ხობისთვის არაერთი პროექტი აქვს განხორციელებული და სამომავლო გეგმებითაც არაერთ სიახლეს გვთავაზობს.
ქარხნების ექსპლუატაციაში შესვლის შემდგომ 100-მდე მუშა-ხელი დასაქმდება.

– თქვენ საქართველოში იმ მცირერიცხოვან მუნიციპალიტეტთა შორის ხართ, რომელიც თვითდაფინანსებაზე იმყოფება და ცენტრალური ბიუჯეტიდან ტრანსფერს არ იღებს, მიუხედავად ამისა შარშანდელი ბიუჯეტის შესრულება 100 %-ით შეძელით. როგორ ახერხებთ ამას? რა არის თქვენი მუნიციპალიტეტის საბიუჯეტო შემოსავლების ძირითადი წყარო?
– ხობის მუნიციპალიტეტი წლების განმავლობაში საკუთარი შემოსავლებით საზრდოობს, რომლის ძირითად ნაწილს შპს „შავი ზღვის ტერმინალიდან“ შემოსული გადასახადებია. ტერმინალის მშენებლობისა და დიდი ოდენობით მუშა-ხელის დასაქმების პირობებში, ადგილობრივ ბიუჯეტში შემოსული გადასახადების კვალობაზე, ადგილობრივმა ბიუჯეტმა 2007 წელს 12 მილიონ ლარს მიაღწია.
უკანასკნელ წლებში, ტერმინალის ქონების ინვენტარიზაციისა და მისი ცვეთის გათვალისწინებით მკვეთრდ შემცირდა ადგილობრივი ბიუჯეტის შემოსულობებიც და ხობი ფინანსური რესურსების სიმწირის წინაშე დადგა, თუმცა, ბიუჯეტის მთავარი დონორი კვლავ შავი ზღვის ტერმინალია.
ზემოთ აღნიშნული ფაქტორების გათვალისწინებით, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განხორციელებული და მიმდინარე პროექტები სახელმწიფო ბიუჯეტის ფონდებიდან ხორციელდება, რომლის ფარგლებშიც ხობის მუნიციპალიტეტი შარშან პირველ ადგილზე დასახელდა.
შედეგი ჩვენთვის თავისთავად ცნობილი იყო, ვინაიდან ყველა ვალდებულება შესრულებული გვქონდა, თუმცა პირველ ადგილზე დასახელება ნამდვილად მოულოდნელი და სასიამოვნო იყო. დამეთანხმებით, რომ მსგავსი შედეგები მარტივად არ მიიღწევა და ყველა იმ მოსამსახურეს, რომელთა წვლილიც არის ამ წარმატებაში, ოფიციალურად გამოეცხადა მადლობა გამგებლის მხრიდან.
მართალია, სამუშაოები მუნიციპალიტეტის მასშტაბის გათვალისწინებით სხვა დიდ მუნიციპალიტეტებთან და თვითმმართველ ქალაქებთან შედარებით მასშტაბური არ იყო, მაგრამ მთავარია, რომ თითოეული მათგანი ორგანიზებულად წარიმართა და სათანადო ინფორმაცია და დოკუმენტაცია დროულად იქნა წარდგენილი.
მიმდინარე წელსაც არანაკლები მოცულობის სამუშაოა დაგეგმილი მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე და იმედს ვიტოვებთ, რომ შარშანდელის მსგავსად ყველაფერი წარმატებულად განხორციელდება, ვინაიდან განსაკუთრებული ყურადღება და პასუხისმგებლობაა გამოხატული დაგეგმილი სამუშაოების დროულად და ხარისხიანად შესასრულებლად.

– რა მდგომარეობაშია ყულევის ტერმინალი? რამდენად დატვირთვით მუშაობს ის და რა არის მისი წილი ხობის ეკონომიკაში?
– შპს „შავი ზღვის ტერმინალი“ სრული დატვირთვით მუშაობს. ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტი იყო მთელი საქართველოსთვის, რომლის ფარგლებში შემდგომი განვითარება და ახალი ტერმინალების ამოქმედებაა გათვალისწინებული.
შავი ზღვის ტერმინალი ხობის ეკონომიკაში გადამწყვეტ როლს ასრულებს, მისი წილი ადგილობრივი ბიუჯეტის შემოსავლებში 42%-ს შეადგენს და ყველაზე დიდ გადამხდელს წარმოადგენს. წლების განმავლობაში არაერთი პროექტი განხორციელდა ადგილობრივი ხელისუფლების მიერ, სწორედ ადგილობრივი ბიუჯეტის მოცულობითი შემოსავლების წყალობით. თავად ტერმინალის ადმინისტრაციაც საკუთარი სახსრებიდან მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არაერთ სოციალურ პროექტს ახორციელებს, რაც უდავოდ მისასალმებელია და ხაზგასასმელია – მუნიციპალიტეტის სახელით მსურს მადლობა მოვახსენო შავი ზღვის ტერმინალის ხელმძღვანელობას.

– თქვენი პრაქტიკული გადმოსახედიდან, რამდენად მისაღებია თვითმმართველობის მოქმედი კოდექსი?
– ახალი კანონმდებლობით, ადგილობრივ თვითმმართველობას მნიშვნელოვნად ფართო უფლებამოსილებები გადმოეცა, რაც საშუალებას იძლევა ადგილობრივ დონეზე მიღებული გადაწყვეტილებების საფუძველზე უკვე მრავალმხრივად და ეფექტურად წარიმართოს მუნიციპალიტეტებში განვითარების პროცესები. ჩვენ უკვე საშუალება გვეძლევა ჩვენვე ჩავერთოთ საინვესტიციო გარემოს შექმნაში და ხელი შევუწყოთ ინვესტიციების მოზიდვას, რაც ვფიქრობ, რომ ერთ-ერთი სწორი და პრიორიტეტული მიმართულებაა მუნიციპალიტეტების ყოველმხრივი განვითარებისთვის.
ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში უკვე არაერთი ცვლილება განხორციელდა და მიუხედავად იმისა, რომ მისი მიღების მომენტიდანვე კარდინალურად განსხვავებული და პროგრესული მოტივები იყო გათვალისწინებული მასში, იგი პრაქტიკული გამოცდილებების კვალობაზე პერიოდულად იხვეწება – კანონმდებლობაც ცოცხალი ორგანიზმია, ვინაიდან  საზოგადოების აქტივობას და მის განვითარებას ემსახურება.
როგორც სახელისუფლებო, ასევე არასამთავრობო სექტორთან არაერთი შეხვედრისას გაჟღერდა, რომ კანონმდებლობაში მოსალოდნელი ახალი ცვლილებებით ახალი მიმართულებები იგეგმება, რომლითაც მნიშვნელოვნად გაფართოვდება ადგილობრივი თვითმმართველობის სამოქმედო არეალი. მათ შორის უნდა აღინიშნოს კანონპროექტი, რომელიც განხილვის სტადიაზეა, საკმაოდ მოცულობითია და ითვალისწინებს საზოგადოების მეტ ჩართულობას ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელების პროცესში. დამეთანხმებით, ადგილობრივი თვითმმართველობა დიდი გამოწვევების წინაშე დგება…

– გაქვთ თუ არა უცხო ქვეყნის რომელიმე რეგიონთან ან ქალაქთან ეკონომიკური ან სხვა სახის ურთიერთობები და თქვენი აზრით, რამდენადაა საჭირო მსგავსი ურთიერთობების დამყარება, თუ გნებავთ გამოცდილების მიღების მხრივ?
– როგორც გამოცდილების მიღების კუთხით, ასევე ყოველმხრივ კავშირურთიერთობების განვითარებისთვის მნიშვნელოვანია არამარტო ქვეყნის მუნიციპალიტეტებთან თანამშრომლობა, არამედ, საზღვარგარეთის ქვეყნების ადგილობრივ ორგანოებთან კონტაქტი და დაახლოება.
მსგავსი მიზნებით, 2013 წელს მუნიციპალიტეტის დელეგაცია იმყოფებოდა უკრაინის ხმელნიცკის ოლქის ქ. სტაროკოსტიანტინოვოში, სადაც გამოიკვეთა შემდგომი თანამშრომლობის პერსპექტივები სხვადასხვა მიმართულებით. მას შემდგომ იგეგმებოდა უკრაინელების ვიზიტი ხობში, თუმცა უკრაინაში განვითარებული მოვლენების გამო, ვერ შედგა… იმედს ვიტოვებთ, რომ, დროებით.

– თქვენი გამგებლად არჩევიდან ერთი წლის შემდეგ, რა შეფასებას მისცემდით განვლილ პერიოდს, რამდენად შეძელით ამომრჩეველთა წინაშე გაცემული დაპირებების შესრულება?
– გამგებლის თანამდებობაზე მუშაობას, მოვალეობის შემსრულებლის სტატუსით, 2013 წლის ზაფხულის მიწურულს შევუდექი. ეს ის პერიოდი იყო, როდესაც აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობდა მუშაობა ყველა მიმართულებით და ასეა დღესაც. მათგან გამოვყოფ არა მარტო ქალაქის, მთელი მუნიციპალიტეტის მასშტაბით მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს. დაწყებული საქმე ხარისხიანად იქნა მიყვანილი ბოლომდე და საგრძნობლად გაუმჯობესდა ქალაქისა თუ სოფლების იერსახე. ანალოგიურად, მიმდინარე წელსაც ხობის მოსახლეობა აშკარად იგრძნობს სიახლეებს, რაც ათწლეულების განმავლობაში ამორტიზებული ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას გულისხმობს.
ჩვენი მთავარი მიზანია კერძო ინვესტიციებისთვის ხელშემწყობი გარემო შევქმნათ მუნიციპალიტეტში და ამას ვპირდებოდით მოსახლეობასაც. როგორც აღვნიშნე, ახალი კანონმდებლობით, ადგილობრივ თვითმმართველობას მნიშვნელოვნად ფართო უფლებამოსილებები გადმოეცა, რაც საშუალებას გვაძლევს ჩავერთოთ საინვესტიციო გარემოს შექმნაში და ხელი შევუწყოთ ინვესტიციების მოზიდვას. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე იგეგმება არაერთი კერძო საწარმოს მოწყობა და ამოქმედება. შემოთავაზებები გვაქვს მიღებული სხვადასხვა მსხვილი კომპანიის მხრიდან, რაც ეკონომიკურ გარემოს ერთი-ორად გააუმჯობესებს.

ჩვენ საუბრისას შევეხეთ პროექტის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში ორი ქარხნის მშენებლობის საკითხს. ამ და სხვადასხვა პროექტის და კერძო ინიციატივების საფუძველზე მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უკვე ამოქმედდა, ან საფუძველი ეყრება არაერთ კერძო საწარმოს, ესენია: თხილის გადამამუშავებელი ქარხანა, წებო-ცემენტის მწარმოებელი ქარხანა, პლასტმასის პროდუქციის მწარმოებელი ქარხანა, რომლის ფარგლებში ასევე გათვალისწინებულია ყველა სახის პლასტმასის საქონლის წარმოება – როგორც პირველადი მოხმარების საქონლის, ასევე შენობის გადასახური კრამიტების და მსგავსი სამშენებლო მასალებისა. იგეგმება შუშის მწარმოებელი ქარხნის ამოქმედება. შპს „კახური ტრადიციული მეღვინეობა“ გეგმავს დაფნის პლანტაციების გაშენებას და უახლესი ტექნოლოგიით აღჭურვილი დაფნის ქარხნის მშენებლობას. მრავლადაა მსგავსი პროექტი, რომელიც განხილვის სტადიაზეა.
მუშაობა კიდევ უფრო მეტად უნდა გავააქტიუროთ, რათა ეტაპობრივად აღმოიფხვრას დასაქმების პრობლემა და მოსახლეობას საარსებო წყარო გამოუჩნდეს.
ერთ-ერთ პრიორიტეტად ვსახავთ მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის აღდგენა-რეაბილიტაციას – მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განთავსებულია სპორტული ინფრასტრუქტურის არაერთი ობიექტი, რომელიც ათწლეულების განმავლობაში გაძარცვულია. ესენია: საცურაო კომპლექსი, საფეხბურთო კლუბ „კოლხეთის“ ცენტრალური სტადიონი, სპორტ-დარბაზი, სატრენაჟორო დარბაზი, საუნა, საჩოგბურთო კორტები, ფეხბურთის სავარჯიშო მოედნები. თუ გავითვალისწინებთ იმ გარემოებას, რომ ამდენი სახის სპორტული ობიექტი არც ერთ მეზობელ მუნიციპალიტეტს არ გააჩნია, და ასევე იმას, რომ ხობი გეოგრაფიულად რეგიონის ცენტრალურ ნაწილშია განთავსებული, მათი აღდგენის შემთხვევაში ხობი შესაძლებელია გადავაქციოთ რეგიონის სპორტულ ცენტრად. ამ ობიექტებიდან მარტო საცურაო კომპლექსის აღდგენაც კი უდიდეს ეფექტს მოგვცემს. სრულიად რეალურია ასევე აღნიშნული სპორტული ინფრასტრუქტურის ბაზაზე ოლიმპიური მომზადების ცენტრის შექმნა და ყოფილი ოლიმპიური მომზადების ხობის სპორტული სკოლა-ინტერნატის მსგავსად სპორტსმენთა ახალი თაობის პროფესიონალურად აღზრდაზე ზრუნვა ამ მიზნებისთვის გამგეობაში შეიქმნა სპეციალური კომისია, რომლის მიერ შემუშავდა და საკრებულომ მოიწონა „ხობის მუნიციპალიტეტში სპორტის განვითარების პროგრამა (კონცეფცია)“. მასში დეტალურად არის აღწერილი და გაანალიზებული მუნიციპალიტეტში სპორტისა და სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნები, შესაძლებლობები, გზები, დაფინანსების წყაროები და წინადადებები ინვესტიციების მოზიდვის შემთხვევაში მუნიციპალიტეტის მხრიდან შესაძლო შეღავათებსა და ხელშემწყობ პირობებზე. ასევე დაისვა საკითხი ხობის მონასტრისა და მასთან არსებული ინფრასტრუქტურის მოწესრიგებისა და განვითარების თაობაზე, რასაც სასულიერო კერის აღორძინებასთან ერთად ტურიზმის განვითარების კუთხითაც უაღრესი მნიშვნელობა ექნება. ეს არის ორი გრანდიოზული პროექტი, რომელიც მთელს მუნიციპალიტეტს უდიდეს სარგებელს და დანიშნულებას შესძენს. ამ და მსგავსი საკითხების მომზადებასა და განხილვაში მთელი გუნდია ჩართული. თითოეულ განსახორციელებელ საქმესთან დაკავშირებით საკითხის დადებითად გადასაწყვეტად აქტიურად არიან ჩართულნი და მაქსიმალური მხარდაჭერაა გამოხატული სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის ლევან შონიას და საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატის გოდერძი ბუკიას მხრიდან.
მხოლოდ გასულ წელს მუნიციპალიტეტის პირველ ადგილზე დასახელებაც მოწმობს, რომ ხობში ადგილობრივი თვითმმართველობა გამართულად და აქტიურ რეჟიმში მუშაობს.

– მოგეხსენებათ, საჯარო მოხელე მუდმივი დაკვირვების და ხშირად, კრიტიკის ობიექტიცაა. რა რეაქცია გაქვთ კრიტიკაზე?
– გეთანხმებით… საჯარო მოხელე მუდმივად არის დაკვირვების ქვეშ, რადგან იგი, სახელმწიფო მოსამსახურე იქნება, თუ ადგილობრივი თვითმმართველობის მოსამსახურე, ხალხის სამსახურშია და ირიბად მოსახლეობის წინაშეც არის ვალდებული, როგორც მოქალაქეთა კეთილდღეობისთვის დაქირავებული. მთელ ამ პროცესში, საზოგადოების მხრიდან საჯარო მოხელეთა მიმართ დაყენებული მოთხოვნების შესრულებაზე კონტროლისას, ერთ-ერთი მთავარი თემაა კრიტიკა.
პირადად მე, მივესალმები კონსტრუქციულ კრიტიკას. მას ყოველთვის ყურადღებით ვეპყრობი და ვითვალისწინებ ჩემი საქმიანობის გასაუმჯობესებლად.
ჩემი დაკვირვებით, საზოგადოების გარკვეული ნაწილი, რომელსაც ნაკლები შეხება აქვს საჯარო სამსახურთან და საჯარო მოსამსახურეებთან, ნაკლებად ინფორმირებულნი არიან და სათანადოდ ვერ აფასებენ იმ რუტინულ შრომას, რაც საჯარო სამსახურშია. მეც, სანამ საჯარო სამსახურს შევუდგებოდი, ვერც წარმომედგინა თუ რა ენერგიას მოითხოვდა თითოეული სამუშაო დღე.
კრიტიკა განვითარებას უნდა ემსახურებოდეს, ჯანსაღი ფორმა უნდა ჰქონდეს და ჩასაფრების პოზიციიდან გამომდინარე და თვითმიზანი არ უნდა იყოს… საუკეთესო შედეგებს მივაღწევთ, თუ საჯარო მოსამსახურეებით დაწყებული, საზოგადოების თითოეული წევრი თვითკრიტიკული იქნება.

– რა იყო თქვენთვის იმის მთავარი მოტივაცია 2014 წელს, რომ კენჭი გეყარათ გამგებლის თანამდებობაზე?
– წლების განმავლობაში მიმუშავია სხვადასხვა საპასუხისმგებლო თანამდებობაზე. უკანასკნელ წლებში განვითარებული მოვლენების მიმართ ხშირად მიჩნდებოდა პროტესტის გრძნობა, რამაც მაქსიმალურ ზღვარს ციხის ცნობილი კადრების გამოქვეყნებისას მიაღწია. დავრწმუნდი, რომ ცხოვრების გაგრძელება ასე აღარ შეიძლებოდა და თავადაც გადავწყვიტე წინ აღვდგომოდი და მებრძოლა ნეგატიური მოვლენების წინააღმდეგ. „ქართული ოცნების“ წევრი ჯერ კიდევ ახალი ხელისუფლების მოსვლამდე, არჩევნებამდე გავხდი და ხელისუფლების ცვლილება ჩემი შეხედულებების ცვლილების საფუძველი არ გამხდარა. ცხოვრების ყველა ეტაპზე გულწრფელი ვიყავი და გამორჩენის მიზნით პოზიციები არ შემიცვლია.
ჩემი მიზანი პოლიტიკოსობა არ ყოფილა. იგი ქვეყანაში და ჩემს ირგვლივ არსებულმა გარემოებებმა გამოიწვია. ჯერ კიდევ ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობაში მონაწილეობამდე კერძო ბიზნესს ვეწეოდი და მატერიალურად უზრუნველყოფილი ვიყავით. 2002 წელს, ადგილობრივ არჩევნებში, მშობლიურმა სოფელმა სასოფლო საკრებულოს წევრად ამირჩია და საკრებულოს თავმჯდომარის პოსტიც მანდო. მას შემდეგ მუდმივად ვგრძნობ მათ მხარდაჭერას და მათ წინაშე პასუხისმგებლობასაც. როდესაც განვლილ პერიოდს თვალს გადავავლებ, ვრწმუნდები, რომ არჩევანი სწორი გამოდგა – წლების განმავლობაში გარკვეული წვლილი მიმიძღვის მუნიციპალიტეტის განვითარებისათვის საქმიანობაში.
ადგილობრივი პრობლემები ჩემთვის უცხო არ იყო და ჩვენმა გუნდმა ჩათვალა, რომ მე შემეძლო გუნდთან ერთად ამეღო პასუხისმგებლობა ადგილობრივი მოსახლეობის წინაშე.
– რა გზა განვლეთ ამ პოსტზე არჩევამდე? თქვენი ძმა ზვიად გამსახურდიას პრეზიდენტობისას ხობის პრეფექტი იყო. შემდგომ განვითარებულმა პოლიტიკურმა მოვლენებმა თქვენი ოჯახი გარკვეული რეპრესიების ქვეშ მოაქცია. რამდენად რთული იყო ეს პერიოდი თქვენს ცხოვრებაში?
– გავიზარდეთ უბრალო და პატიოსანი ადამიანების ხელში – მამა აგრონომი იყო, დედა – დიასახლისი. მათ ურთიერთპატივისცემის გარემოცვაში გაგვზარდეს. იყვნენ საოცრად მშრომელები, სამართლიანები და კეთილი ადამიანები. მათ ჩაგვინერგეს სამშობლოს და მოყვასის სიყვარული და სწორედ ეს იყო საფუძველი ჩვენი აქტივობისა ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობაშიც.
გარკვეული პერიოდის განმავლობაში ბიზნესით ვიყავი დაკავებული და წარმატებული საქმიანობაც გამომდიოდა. მას შემდეგ, რაც მშობლიურ სოფელში სასოფლო საკრებულოს თავმჯდომარედ ამირჩიეს, საჯარო სამსახურს ვეწევი და ბიზნესში არ ვარ ჩართული.
განგებამ მრავალი გამოცდა მოგვიწყო, რომელთაგან ყველაზე მძიმე უახლოესი ადამიანების დაკარგვა იყო. მუნიციპალიტეტის ისტორიაში ჩემი ძმის სახელი არამარტო მისი პირველ პრეფექტად ყოფნის გამო დარჩა – ჩვენს ოჯახს რაიონის მთელმა საზოგადოებამ მისი გმირულად დაღუპვის გამო არნახულად უთანაგრძნო. ეს მხოლოდ ჩვენი ოჯახის ტრაგედია არ იყო და გარშემომყოფთა თანადგომამ დიდი როლი ითამაშა.
მთელი ეს განვლილი პერიოდი ისევე რთული იყო, როგორიც თითოეული ქართველისთვის – სამოქალაქო ომის, თავსმოხვეული კონფლიქტებისა და თვითგადარჩენისთვის ბრძოლის პირობებში.

– იქნებ დაგვისახელოთ ყველაზე მთავარი თვისებები ადამიანებში, რაც თქვენში სიმპათიას იწვევს და რითაც ესა თუ ის ადამიანი თქვენთვის პატივსაცემი ხდება.
– მოყვასისადმი თანადგომა და უანგარო დამოკიდებულება ადამიანებთან ურთიერთობაში.
ადამიანს რა პოზიციაც არ უნდა ეკავოს საზოგადოებაში, იგი ურთიერთობაში სუფთა და მართალი უნდა იყოს. პირადი ურთიერთობების სიმყარე ყველანაირ თანამდებობაზე მაღლა უნდა დავაყენოთ.

ნათია მელქაძე