წიგნის "ხობი, წარსულის ფურცლები" - პრეზენტაცია

29 ივლისს ქ. ხობის თედო სახოკიას სახელობის ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზში გოგიტა ჩიტაიას და ანზორ სიჭინავას წიგნის "ხობი, წარსულის ფურცლები" - პრეზენტაცია ჩატარდა. პრეზენტაციას ყველა თაობის წარმომადგენლებთან ერთად, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ, რომლებმაც ისაუბრეს წიგნის შინაარსსა და მის მნიშვნელობაზე. მოწვეულ სტუმართა შორის იყვნენ არქეოლოგი რეზო პაპუაშვილი, ქ. ხობის სამების ტაძრის წინამძღვარი მამა კირიონი (დარასელია) და ხობის დედათა მონასტრის წინამძღვარი დედა ანა (მუსელიანი). 
კრებულში თავმოყრილია 1853 წლიდან 1933 წლამდე პერიოდულ გამოცემაში გამოქვეყნებული მასალები თანამედროვე ხობის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ სოფლებსა და იქ მცხოვრებ ადამიანებზე.
აქ წარმოდგენილ მასალებში ასახულია მხარის საზოგადოებრივ-პოლიტიკური, სოციალ-ეკონომიური, კულტურული და რელიგიური ცხოვრების საკითხები. მკითხველი აქ იპოვის საინტერესო ცნობებს ხობის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ ეკლესია-მონასტრებზე, ციხე-სიმაგრეებზე, ბუნების ღირსშესანიშნაობებზე, სკოლებზე, წიგნსაცავ-სამკითხველოებზე, სცენისმოყვარეებზე, მხარის ფოლკლორსა და წეს-ჩვეულებებზე, მედიცინაზე, დემოგრაფიაზე, ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ დაყოფაზე, სოფლის მეურნეობაზე, კოოპერატიულ მოძრაობაზე, ტრანსპორტზე, გზებზე, პოლიტიკურ პარტიებზე, არჩევნებზე, ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაზე და ქველმოქმედებაზე. წიგნს არა აქვს სისრულის პრეტენზია, მაგრამ, ის რაც ქვეყნდება, წარსულის ბევრ მივიწყებულ ფურცელს გააცოცხლებს და საზოგადოებას შეახსენებს, რომ კვალი ნათელი არ იკარგება. კრებულს ყველა თაობის მკითხველი ინტერესით გაეცნობა.

www.khobi.ge