შეხვედრა ელექტრონული მმართველობის დასანერგად

10 ივლისს, ხობის მუნიციპალიტეტს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს პროექტის „ელექტრონული მმართველობის დანერგვა ადგილობრივ თვითმმართველობებში“ ფარგლებში, პროექტის ბიზნეს ანალიტიკოსი ვახტანგ დოლიძე სტუმრობდა.
სტუმარი ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობაში გამგებელს გოჩა ქაჯაიას, საკრებულოს თავმჯდომარეს ედიშერ ჯობავას, გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსს ზვიად ბუკიას და საკრებულოს აპარატის უფროსს ლელა შამათავას შეხვდა.
შეხვედრის თემას ხობის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ელექტრონულ საქმისწარმოებაზე გადასვლა წარმოადგენდა. საუბარი შეეხო პროექტის ფარგლებში გაწეულ საქმიანობას, ივლისში ჩატარებულ კომპიუტერული უნარებისა და დოკუმენტბრუნვის ელექტრონული სისტემის ტრენინგებს, სადაც გამგეობის და საკრებულოს თანამშრომლებმა შედეგები მაღალი მაჩვენებლებით დააფიქსირეს, ელექტრონულ საქმისწარმოებაზე გადასვლასთან ერთად მუნიციპალიტეტების მომსახურების მართვის სისტემის დანერგვას, რომელთა დანერგვის საშუალებითაც მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება კონტროლი გაწეულ მომსახურებაზე, შემცირდება მომსახურების მიღების ვადები და მინიმუმამდე იქნება დაყვანილი საოპერაციო და ადამიანური ხარვეზები. განხილულ იქნა ჭალადიდის საზოგადოებრივი ცენტრის სრულყოფილი ფუნქციონირებისთვის აუცილებელი საკითხები.
მხარეებმა განიხილეს პროექტის დასკვნით ეტაპამდე განსახორციელებელი სამუშაოები და შეთანხმდნენ დოკუმენტბრუნვის ელექტრონულ სისტემაზე გადასვლისათვის გათვალისწინებული სატესტო ვადებისა და რეალურ რეჟიმზე გადასვლისათვის დარჩენილი სამუშაოების უმოკლეს ვადებში განხორციელებაზე.

პროექტს „ელექტრონული მმართველობის დანერგვა ადგილობრივ თვითმმართველობებში“ ახორციელებს სსიპ - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო, რომლის ფარგლებშიც სსიპ „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს“, სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს“, სსიპ „მონაცემთა გაცვლის სააგენტოსა“ და საპილოტე მუნიციპალიტეტებს შორის გაფორმებულია მემორანდუმი „ელექტრონული მმართველობის ადგილობრივი თვითმმართვლობის ორგანოებში დანერგვის ხელშოწყობის შესახებ“.
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მხარდაჭერითა და კოორდინაციით, ელექტრონულ მმართველობასა და ელექტრონულ საქმისწარმოებაზე გადასასვლელად ხობის მუნიციპალიტეტი 2013 წლიდან ემზადება, რომლის ფარგლებშიც ადგილობრივი თვითმმართველობის ადმინისტრაციულ შენობაში განხორციელდა პირველი სართულის სრული რეკონსტრუქცია და მოქალაქეთა მისაღებისა და საკრებულოს და გამგეობის არქივების და დამხმარე ოთახების მოწყობა. შენობაში მოეწყო თანამედროვე ქსელური ინფრასტრუქტურა - ციფრული საკომუნიკაციო და უსაფრთხოების სისტემა, გამგეობის სამსახურები და საკრებულო სრულად აღიჭურვა სათანადო კომპიუტერული ტექნიკით, მათ შორის, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მხრიდან მუნიციპალიტეტს 15 ერთეული კომპიუტერი გადმოეცა. პარალელურად მიმდინარეობს შესაბამისი ნორმატიული მარეგულირებელი ნორმების შემუშავება.

დარჩენილი სამუშაოებისა და დეს-ის სატესტო რეჟიმში მუშაობის ვადების დასრულებისთანავე ხობის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები ელექტრონული საქმისწარმოების რეალურ რეჟიმში გადავლენ, რისი საშუალებითაც მოქალაქეები ოპერატიულად, მარტივად და ეფექტურად მიიღებენ სათანადო მომსახურებას მოქალაქეთა მისაღებში, კანცელარიის ოპერატორებისგან.