ფესტივალის დღეებში იქნება ახალბედა მომღერლის ხობელი ნინო გოთოშიას დისკის პრეზენტაცია. ნინოს მიერ, ანსამბლ „რუსთავთან“ ერთად შესრულებული მეგრული სიმღერების დისკი ხობის მაჟორიტარი დეპუტატის, ანზორ ერქომაიშვილისა და მისი მეგობრების დამსახურებაა. ფესტივალის ძირითადი მიზანი – ახალგაზრდების ჩართულობა მუსიკალურ სფეროში, ამის დასტურია. წლების მაძილზე ხობის ფეტივალმა რამდენიმე ახალბედა მომღერალს გზა დიდი სცენისკენ დაულოცა.
ეროვნული კულტურის მემკვიდრეობის მოვლა–პატრონობის კუთხით, აღსანიშნავია ფესტივალის საგამომცემლო საქმიანობა, რომელსაც მუსიკათმცოდნეები „ხობის ფესტივალის ბიბლიოთეკად“ მოიხსენიებენ. ესენია: სანოტო კრებულები, წიგნები, კატალოგები, ცნობები, უნიკალური კომპაქტდისკები. ფესტივალის 14 წლის არსებობის მანძილზე თითოეული გამოცემა, როგორც საქართველოში, ასევე უცხოეთში, უსასყიდლოდ გადაეცემა უმაღლეს სასწავლებლებს, საჯარო სკოლებს, ბიბლიოთეკებს, მუსიკალურ სასწავლებლებს და სხვა დაინტერესებულ პირებს.
წინაპართა ღვაწლის წარმოჩენის და უკვდავყოფის თვალსაჩინო ნიმუშია ხობის ძუკუ ლოლუას სახელობის „ქართული ხალხური (მეგრული) სიმღერის მუზეუმი“, რომელიც 2007 წელს, მესამე ფესტივალის ფარგლებში შეიქმნა და მას ევროპაში ანალოგი არ ჰყავს. მუზეუმის არსებობით, ხობის ფესტივალმა ქართულ ხალხურ სიმღერას ძეგლი დაუდგა _ აღნიშნავენ ფოლკლორისტები.
ქართველი კომპოზიტორების მიერ, სპეციალურად ხობის ფესტივალისთვის შექმნილია ათეულობით სიმღერა. საგულისხმოა, უცხოელი შემსრულებლებისა და ქართული დიასპორის აქტიურობაც.
წლევანდელ ფესტივალზე სტუმრებს და დამსწრე საზოგადოებას მრავალფეროვანი პროგრამა ელის ექსკურსიებით, სხვადასხვა ღონისძიებითა და დისკოთეკით.
დასკვნითი საღამო შექმნის ტრადიციული ქართული სიმღერის და მის ფესვებზე შექმნილი თანამედროვე მუსიკის ტანდემს. ეს იქნება მოფერების, თაყვანისცემის ერთგვარი გამოხატვა, ლეგენდარული ანსამბლ „რუსთავისა“ და განუმეორებელი თამარ გვერწითელისადმი იმ სიამოვნების, იმ სიამაყისთვის, რასაც ქართველი ხალხი წლებია მათი შემოქმედებით განიცდის.
ხობის საერთაშორისო ფესტივალის ორგანიზატორები არიან : საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი „ხობი“ – პრეზიდენტი გოდერძი ბუკია, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, ქართული ხალხური სიმღერის საერთაშორისო ცენტრი, ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობა და საკრებულო.
ფესტივალი უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის ილია მეორის ლოცვა–კურთხევით ტარდება.