23 ივნისს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში, ევროპის სამეზობლო პროგრამა სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებისათვის (ENPARD) ფარგლებში დაფინანსებული პროექტის „თანამშრომლობა საქართველოში სოფლის აღორძინებისთვის“ დასავლეთის რეგიონის კოორდინატორების და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხობის მუნიციპალიტეტის საინფორმაციო - საკონსულტაციო სამსახურის წარმომადგენლების შეხვედრა გაიმართა. შეხვედრა შედგა ხობის მუნიციპალიტეტის ფერმერულ ჯგუფებთან და კოოპერატივებთან.
შეხვედრაზე განიხილეს პროექტი, რომლის მიზანია ფერმერული მეურნეობის წარმოების ეფექტურობის ამაღლება და მათი შემოსავლების გაზრდა ბიზნესზე ორიენტირებული მდგრადი ფერმერული ჯგუფების და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების შექმნის, წახალისებისა და მხარდაჭერის გზით.
ქეა საერთაშორისო კავკასიაში (CARE) ENPARD-ის პროგრამის ფარგლებში, სამიზნე მუნიციპალიტეტებში აცხადებს საგრანტო კონკურს ბიზნესზე ორიენტირებული ფერმერთა ჯგუფებისა და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისათვის საუკეთესო ბიზნეს იდეის გამოვლენის მიზნით.
შეხვედრაზე, რომელსაც ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა, გამგებლის მოადგილე მახარე ჩოკორაია და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ, ფერმერებმა და კოოპერატივებმა საგრანტო კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაციები და რეკომენდაციები მიიღეს.