ოდაბადეს სიყვარულით


 ბოლო ხანებში სოციალურ ქსელში აქტიურად განიხილავდნენ ერთი ლამაზი ახალგაზრდა წყვილის - ლაკო ბუკიასა და რეზი მანჯგალაძის ქორწილს. მადლობა მათ, ვინც გულწრფელად გაიზიარეს მათი ბედნიერება და კეთილი სურვილები გამოთქვეს, მაგრამ გამოჩდნენ ისეთებიც, რომლებმაც ამ ახალგაზრდებისთვის ყველაზე ლამაზ დღეს, ლანძღვა-გინება არ დაიშურეს. სულისშემძვრელია, როცა საქართველოში ახალი ოჯახის შექმნას ღვარძლითა და ბოღმით ხვდებიან მხოლოდ იმიტომ, რომ პატარძლის მამა - საქართველოს პარლამენტის წევრი, ხობის მაჟორიტარი დეპუტატი, გოდერძი ბუკია არ მოსწონთ.
გვესმის, რომ ქვეყანაში არსებულ სოციალურ ფონზე, საზოგადოების გარკვეულ ნაწილში შეძლებული ადამიანები გაღიზიანებას იწვევენ, მაგრამ გაუგებარია როდესაც მსგავს პოზიციას ახალგაზრდა კაცი აფიქსირებს. ვის, თუ არა ახალგაზრდებს ყველაზე კარგად უნდა ესმოდეთ, რომ შეძლებული ადამიანების    სიმრავლის გარეშე ქვეყნის განვითარება წარმოუდგენელია.

მხედველობაში გვაქვს ამას წინათ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ლევან ლორთქიფანიძის წერილი და სხვა მსგავსი მოსაზრებები. მაშინ ამ ცილისწამებაზე გამოხმაურება საჭიროდ არ ჩავთვალეთ, მაგრამ შემდეგ საუბარი ტელევიზიითაც გაგრძელდა და მას პასუხი აუცილებლად უნდა გაეცეს.

ბატონო ლევან, სანამ ადამიანზე ცილისმწამებლურ და ზიზღით აღსავსე შეფასებებს გააკეთებდით, იმის გარდა, რომ რაღაცას ამბობენ, რაღაცას ამტკიცებენ, რაღაცას ყური მოჰკარით იქნებ გეცადათ მაინც, რომ გაგერკვიათ რეალურად ვინ არის ეს კაცი. რა უკეთებია, რა შეუქმნია, რა გზა გამოიარა, მაგრამ როგორც ჩანს ეს თქვენს ინტერესებში არ შედიოდა.

 თქვენ გოდერძი ბუკიას ბიოგრაფიაში მხოლოდ იმ ფაქტმა დაგაინტერესათ, რომ ხელმძღვანელ კომკავშირულ და პარტიულ თანამდებობებზე მუშაობდა. დიახ, მუშაობდა და არა მარტო ის. საბჭოთა კავშირმა 70 წელი იარსება და იმ ეპოქაში დაბადებულ და გაზრდილ უნარიან, ენერგიულ, საქმიან, მოაზროვნე ადამიანებს თვითრეალიზების სხვა ასპარეზი არ ჰქონდათ. ამიტომ ერთხელ და სამუდამოდ უნდა დამთავრდეს ამ თემით სპეკულირება. მთავარია რას აკეთებდნენ ისინი იმ თანამდებობებზე და როგორ მსახურებდნენ ქვეყანას. ამ მხრივ კი გოდერძი ბუკიას ვერავინ მოედავება. მას შეცდომა არასოდეს არ დაუშვია.
 ამ კაცს ცხოვრებაში იოლად არაფერი მოსვლია და არც მემკვიდრეობით მიუღია რამე. ხობში, ერთ ღირსეულ, კოლხ, ინტელიგენტ ოჯახში გაიზარდა და ბავშვობიდან გაიგო პატიოსანი შრომისა და ერთგულების ფასი. ყველაფერი რასაც მან მიაღწია არაადამიანური შრომით, მიზანმიმართულობით, გონიერებით და ადამიანებთან ურთიერთობის განუმეორებელი უნარით შექმნა.
დიახ,გოდერძი ბუკია საქართველოს პარლამენტის ოთხი მოწვევის მაჟორიტარი დეპუტატია (1999 წლიდან დღემდე არც ერთი პოლიტიკური პარტიის წევრი არ ყოფილა, იგი კენჭს იყრიდა როგორც დამოუკიდებელი კანდიდატი) და როგორ ფიქრობთ, მისი იმედი რომ არ ჰქონდეთ, ხობელები ამდენჯერ ანდობდნენ საკუთარ ბედს? ნდობა და პატივისცემა იოლად არ მოდის ჩემო ახალგაზრდა მეგობარო. ამას დიდი ერთგულება, სიყვარული, თავგანწირვა და თავდადება სჭირდება.
ახლობლებმა, ვინც მას კარგად ვიცნობთ ვიცით, თუ რამხელა სიყვარული აქვს საკუთარი ფესვებისადმი. იქ ყველაფერი ეძვირფასება, ყველაფერი უყვარს. საკუთარი სიხარული და წარმატებაც უნდა რომ პირველად იმ ხალხს გაუზიაროს. განა ამ პატივისცემის ნიშანი არ იყო, რომ ქალიშვილის ქორწილის დღესაც, ახალგაზრდების პირველი დალოცვა სწორედ მშობლიურ ფუძეზე მოხდა და იქედან ტრადიციულად გააცილეს პატარძალი.
რას აკეთებს ხობისთვისო? იკითხეთ და უფრო დეტალურად იქაურები გეტყვიან. ჩვენ მხოლოდ რამდენიმე ძირითად პროექტზე მოგახსენებთ:
გოდერძი ბუკიას სახელს უკავშირდება ყულევის ტერმინალის იდეის ხორცშესხმა, რომელმაც ხობს სამუშაო ადგილებთან ერთად ეკონომიკური დამოუკიდებლობა მოუტანა და დღეს ის საქართველოში ერთ-ერთია იმ სამ მუნიციპალიტეტთაგან, ვისაც საკუთარი ბიუჯეტი აქვს. 
მისი ინიციატივით ხობში უკვე დაიწყო სიმინდის და მისი ნარჩენებისაგან წარმოებული კომბინირებული საკვების გადამამუშავებელი ქარხნების მშენებლობა, რომლებშიც 250 კაცი დასაქმდება და 30 მილიონი ლარის წლიური ბრუნვა ექნებათ. ასე რომ ხობი ღარიბი და გაჭირვებული რეგიონი ნამდვილად არ არის ჩემო ბატონო.

   გოდერძი ბუკიამ ჯერ კიდევ 90-იან წლებში დააარსა საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი „ხობი“, რომელიც უამრავი საქველმოქმედო პროექტის ინიციატორი და ორგანიზატორია. ფონდისა და პირადად მისი დამფუძნებლისგან არაერთი სოციალურად დაუცველი, სტიქიური უბედურებებით დაზარალებული და დევნილი ოჯახი, ვეტერანი, პედაგოგი, სტუდენტი იღებს მატერიალურ დახმარებას.

გოდერძი ბუკიას ხობისთვის სხვა რომ არაფერი გაეკეთებინა, საერთაშორისო ფესტივალის - „სიმღერა სამეგრელოზე“ დაფუძნება და მისი პატრონობაც იკმარებდა. ფესტივალს ორგანიზებას უწევს
საქველმოქმედო ფონდი „ხობი“. კონცეფცია კი შექმნეს ქართული კულტურის კორიფეებმა: ანზორ ერქომაიშვილმა, კუკური ჭოხონელიძემ, ალექსანდრე ბასილაიამ, ვახტანგ რეოდონაიამ და გომარ სიხარულიძემ, ამიტომ ეს ფესტივალი ჩვეულებრივი კონცერტი და გასართობი ღონისძიება არ არის.

ფესტივალის დღეებში აღინიშნება იმ გამოჩენილი მუსიკოს-შემსრულებლების და ვოკალური ჯგუფების დამსახურება, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ქართული სასიმღერო ხელოვნების განვითარებაში ( ზურაბ სოტკილავა, ალექსანდრე ბასილაია, ანსამბლები „გორდელა“ „მზიური“). ტარდება ახალგაზრდა მუსიკოსთა და ფოლკლორისტთა სამეცნიერო კონფერენციები, მიმდინარეობს მნიშვნელოვანი საგამომცემლო საქმიანობა. შედგენილი და გამოცემულია უნიკალური ნაბეჭდი და აუდიო მასალები. სპეციალისტების აზრით ეს გამოცემები ფასდაუდებელი განძია ქართული ფოლკლორისტიკისთვის და მას „ხობის ფესტივალის ბიბლიოთეკად“ მოიხსენიებენ.

ფესტივალზე განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ნიჭიერი ახალგაზრდების წარმოჩენას და მათ ხელშეწყობას. მხოლოდ ერთ მაგალითს მოგიყვანთ: ერთ-ერთ ფესტივალზე სპეციალისტების დაინტერესება გამოიწვია ხობელი მოსწავლის - 14 წლის ნინო გოთოშიას ვოკალურმა მონაცემმა. ეს ბავშვი გოდერძიმ სასწავლებლად თბილისში გადმოიყვანა, ბატონ ანზორ ერქომაიშვილს და ვოკალის საუკეთესო პედაგოგს, ქალბატონ გულიკო კარიაულს ჩააბარა და მას დღემდე პატრონობს. წელს ეს გოგონა უკვე კონსერვატორიაში აბარებს, ხობის მომავალი ფესტივალისთვის კი საქველმოქმედო ფონდი „ხობი“ მის მიერ ანსამბლ „რუსთავთან“ ერთად შესრულებული სიმღერების დისკს გამოსცემს.
შეიძლება ითქვას, რომ ხობის ფესტივალმა ამ კუთხეს ახალი სტატუსი შესძინა და მის მზადებაში მთელი კუთხე მონაწილეობს.
ცალკე უნდა ითქვას ფესტივალის ფარგლებში განხორციელებულ უნიკალურ პროექტზე -
ესაა საქველმოქმედო ფონდ „ხობის“ მიერ დაფუძნებული გამორჩეული ლოტბარის ძუკუ ლოლუას სახელობის „ქართული ხალხური სიმღერის მუზეუმი (სამეგრელო)“, რომელსაც მსოფლიოში ანალოგი არ აქვს და ფოკლორისტთა შეფასებით „ამ მუზეუმით ხობის ფესტივალმა ძეგლი დაუდგა ქართულ ხალხურ სიმღერას“.
და ბოლოს - დღეს ყველა ხობელი ამაყობს გოდერძი ბუკიას ქტიტორობით მის მშობლიურ სოფელ პირველ მაისში აგებული ყოვლადწმიდის ქალწულ მარიამის ტაძრად მიყვანების, წმიდისა დიდისა მოწამისა გიორგისა და წმიდისა მღვდელმთავრისა და საკვირველმოქმედისა ნიკოლოზის საეკლესიო კომპლექსითა და საპატრიარქო რეზიდენციით. მის მშენებლობაზე შვიდი წლის მანძილზე მთელი ხობი გაერთიანდა.
ეამაყებათ, რომ 2013 წელს საეკლესიო კომპლექსს ესტუმრა და ღამე გაათია უწმიდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ. ამ ტაძრიდან მისი უწმიდესობის მიერ აღვლენილი ლოცვა ყველა ოჯახის ნუგეში და იმედია.
აი, ასეთი ცხოვრებით ცხოვრობს გოდერძი ბუკია მეგობრებო და მითხარით საქმის კეთების, ქველმოქმედების, თანადგომის და კაცობის სხვა რა მაგალითები გჭირდებათ? 
უპრინციპო და მხოლოდ საკუთარ კეთილდღეობაზე მზრუნველი ადამიანი ამდენს შეძლებდა?



საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი „ხობი“

თანაავტორი დარეჯან კვარაცხელია
იხილეთ ფოტო მასალა