ხობელი მოსწავლეების წარმატებები სასკოლო თეატრალურ ფესტივალში

   
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით, ვაჟა-ფშაველას გარდაცვალებიდან 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით,  სასკოლო თეატრალური ფესტივალი გაიმართა. ფესტივალის ფარგლებში, საქართველოს საჯარო და კერძო სკოლებს საშუალება მიეცათ ვაჟა-ფშაველას ნაწარმოებების მიხედვით სპექტაკლები მოემზადებინათ.
   ფესტივალის მიზანი იყო ვაჟა-ფშაველას ღვაწლის პოპულარიზაცია, მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების გამოვლენა და განვითარება. ფესტივალი  ორ ეტაპად ჩატარდა: პირველ ეტაპზე, საგანმანათლებლო რესურსცენტრებმა შეარჩიეს არაუმეტეს 5 სპექტაკლისა, რომლებიც საჯაროდ დაიდგა მუნიციპალიტეტის დონეზე და მათ შორის 1 საუკეთესო  სპექტაკლის ვიდეოჩანაწერი სამინისტროში გაიგზავნა. 
 
 სამინისტროში შექმნილმა სპეციალურმა კომისიამ, რომელიც შედგება როგორც სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების წარმომადგენლების, ისე პროფესიონალი და ცნობადი სახეებისაგან (გოგი დოლიძე, ანი მიროტაძე, ერეკლე ტრიპოლსკი, მიხო მოსულიშვილი, მზია არაბული, გოდერძი შარაშია, ლელა რაზიკაშვილი) დასკვნით ეტაპზე 32 სპექტაკლი განიხილა. ჟიურის წევრებს წინასწარ მიეწოდათ აღნიშნული სპექტაკლების ვიდეო ჩანაწერები და პირველადი შერჩევის შედეგად,  17 სპექტაკლი გამოვლინდა.
   სამინისტროში კომისიის წევრებმა კიდევ ერთხელ ერთობლივად განიხილეს შერჩეული სპექტაკლები. შეხვედრაზე კომისიამ ფრაგმენტულად განმეორებით ნახა სპექტაკლები და ერთობლივი მსჯელობის შედეგად,  I, II, III ადგილების მფლობელი და ჟიურის მიერ დაწესებულ ნომინაციაში გამარჯვებული სპექტაკლები გამოავლინა.
 ბათუმის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლა -I ადგილი;
სსიპ-ქალაქ ხობის ხობის N1 საჯარო სკოლა-II ადგილი;
სსიპ-ქალაქ ბორჯომის N1 საჯარო სკოლა - III ადგილი;
სსიპ-ქალაქ ფოთის N4 საჯარო სკოლა - ჟიურის ნომინაცია.
    ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობა ულოცავს ხობის N1 საჯარო სკოლას II ადგილის მოპოვებას და უსურვებს მორიგ წარმატებებს.