საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის წარმომადგენლები ხობში

17 აპრილს, ხობის კულტურის სახლის მცირე დარბაზში, საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ზეპირსიტყვიერების მიმართულების ხელმძღვანელთან, ცნობილ პოეტთან და ფოლკლორისტთან ეთერ თათარაიძესთან და ეთნომუსიკოს, ფოლკორის სახელმწიფო ცენტრის მუსიკის მიმართულების ხელმძღვანელ ნანა ვალიშვილთან შეხვედრა გაიმართა. ფოლკლორის სალოტბარო სკოლის მოსწავლეებს ლექცია-საუბარი ჩაუტარდათ თემაზე ქართული ფოლკლორი. შეხვედრის მიზანი იყო ახალგაზრდებისთვის ხალხური შემოქმედების კუთხით თვალსაწიერის გახსნა და ქართული ხალხური ზეპირსიტყვიერების შენარჩუნება.
შეხვედრა საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრისა და ხობის მუნიციპალიტეტის ერთობლივი პროექტის ფარგლებში გაიმართა. ფოლკლორის ცენტრის წარმომადგენლების ჩამოსვლისა და აქტიურობის პირველი შედეგია ხობში დაფუძნებული ფოლკლორის სკოლა, სადაც ხობელი ახალგაზრდები უფასოდ ეუფლებიან ქართულ ხალხურ (მეგრულ) სიმღერებს, ქართულ ტრადიციულ გალობას. ასევე ეძლევათ შესაძლებლობაასე უშუალოდ შეხვდნენ ეროვნული კულტურის შემომნახველ-მოამაგეებს. 
შეხვედრას ფოლკლორის სკოლის ლოტბარ-რეგენტები, მოსწავლეები, სამუსიკო სკოლისა და საჯარო სკოლის პედაგოგები, ბიბლიოთეკის თანამშრომლები, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები - ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელი გოჩა ქაჯაია, საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა და გამგებლის მოადგილე მახარე ჩოკორაია ესწრებოდნენ. სტუმრებმა, გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროს როზეტა შულაიასთან ერთად ძუკუ ლოლუას სახელობის ქართული (მეგრული) სიმღერის მუზეუმი დაათვალიერეს.