არიან ადამიანები, რომლებიც სიცოცხლეში ნათელ ვარსკვლავად კიაფობენ. მათი
საქმეები კეთილ შუქად ანთია და მას შემდეგ,
რაც არსთაგამრიგე საიმქვეყნოდ გაიწვევს, დიდხანს
არ მიადგებათ დავიწყების ჩრდილი. რამეთუ ისინი ნამდვილი ადამიანები იყვნენ და ასევე
დარჩებიან ხსოვნაში. მათ რიცხვს კიდევ ერთი კარგი ადამიანი „მიხეილ კალანდია“ მიემატა.
მიხეილ კალანდია - ამ სახელისა
და გვარის ყოველი გახსენება ტკბილ-მწარე მოგონებებს აღძრავს ხოლმე. დღეს როცა ასე ძალუმად
მოეძალა ანსამბლ „კოლხეთს“ ტკივილთა სიმრავლე, როცა ცრემლი და გოდება გახშირდა...
ვერავითარი ცრემლი და გოდება
ვერ შეამსუბუქებს მძიმე დასასრულს, ვერც ვერავითარი სიკვდილი ვერ ჩააქრობს სულის იმ
ნათელს რომელიც ბატონმა მიხეილმა აანთო თავისი სიცოცხლის მანძილზე ოჯახის, ქვეყნისა
და რაიონის წინაშე, უდიდესი ღვაწლის გამო, მთელი შეგნებული ცხოვრებით.
ბატონმა მიხეილმა სიმღერა
ადრეული ასაკიდან დაიწყო. 1976 წელს, ორი სოფლის საჯიჯაოსა და ხიბულის ბაზაზე შეიქმნა
ფოლკლორული ანსამბლი. არსებობის ერთი წლის თავზე ანსამბლმა მონაწილეობა მიიღო რესპუბლიკურ
ოლიმპიადაში, საიდანაც ლაურეატის წოდებით დამშვენებული დაბრუნდნენ. ამ ანსამბლის ბაზაზე
1983 წელს ხობის რაიონში იშვა ანსამბლ კოლხეთის მეორე თაობა სადაც მიხეილ კალანდიას
ბედად ხვდა ანსამბლის წევრობა.
ოთხი ათეული წელი ემსახურა
თავის საყვარელ საქმეს. ანსამბლს ბატონ მიხეილის მოღვაწეობის პერიოდში მრავალი კონცერტი
ჩაუტარებია, ყოფილან საგასტროლოდ, მონაწილეობას
ღებულობდნენ ფესტივალებსა და ოლიმპიადებში. მრავალმხრივი ნიჭით იყო დაჯილდოვებული ბატონი
მიხეილი. გარდა სიმღერისა, მის მიერ შესრულებული როლებიც ახსოვთ ხობელ მაყურებელს.
ის აქტიურად მონაწილეობდა სახალხო თეატრის სპექტაკლებში და სახალხო დღესასწაულებში.
მიუხედავად ბობოქარი ცხოვრებისა
როდი იღლებოდა. განვლილი ცხოვრების გზა წარმოაჩენს ადამიანს. საქმისადმი მის სიყვარულსა
და პასუხისმგებლობას. ბატონი მიხეილი ხომ სიკეთისთვის იყო დაბადებული. სიკეთის ქმნა
კი უკვდავებას ამკვიდრებს. სამაგალითო კოლხი კაცის მიხეილ კალანდიას სახელს მუდამ სიამაყითა
და სიყვარულით მოიგონებენ მისი მეგობრები.
რა ულმობელი და მკაცრია წუთისოფელი.
გვიმძიმს მაგრამ ხანგრძლივი გამოსამშვიდობებელი სიტყვით უნდა გამოგემშვიდობოთ. მშვიდობით
ბატონო მიხეილ, თქვენ ხომ მარადიულობაში გადასახლდით.
ა(ა)იპ ხობის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრის თანამშრომლები
ა(ა)იპ ხობის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრის თანამშრომლები