ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელი გოჩა ქაჯაია სოფელ ნოჯიხევში „მცირემიწიან ფერმერთა 2015 წლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტის“ ფარგლებში ხვნა-თესვის ბარათების დარიგებას დაესწრო. გამგებელი მოსახლეობას პროექტთან დაკავშირებით გაესაუბრა და მათ მიერ დასმულ კითხვებს უპასუხა.
ხობის მუნიციპალიტეტში 2015 წელს ხვნა-თესვის ბარათს სულ 11803 ბენეფიციარი მიიღებს, რომლის ღირებულებაც დაახლოებით 1 400 000 ლარს შეადგენს.
გასული წლებისგან განსხვავებით, წელს ფერმერები დახმარებას შეცვლილი სახით მიიღებენ.
• ბენეფიციარები, რომლებსაც გააჩნიათ 0.25 ჰექტარიდან 1.25 ჰექტარის ჩათვლით სახნავი მიწის ფართობი მიიღებენ მხოლოდ ხვნის ბარათს, 1 ჰექტარზე 140 ლარის გაანგარიშებით.
• ფერმერები, რომელთაც საკუთრებაში აქვთ 0.25-მდე მიწის ფართობი, წელს ისარგებლებენ 50 ლარიანი აგრო ბარათით.
• ბენეფიციარები, რომლებიც 0.25 ჰექტარიდან 1.25 ჰა-ს ჩათვლით მიწის ფართობს იყენებენ მრავალწლიანი კულტურების წარმოებისთვის მიიღებენ 1 ჰა-ზე 140 ლარის ოდენობის სასოფლო სამეურნეო საქონელს.
„აგრო ბარათით“ მომსახურებას ფერმერებს 2015 წელსაც „ლიბერთი ბანკი“ გაუწევს. პლასტიკური ბარათით ფერმერს შესაძლებლობა ექნება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების საქონლის შეძენა (სასუქები, სათესლე, და სანერგე მასალა, მცენარეთა მოვლის საშუალებები) ნაწილ–ნაწილ, სხვადასხვა დროს და სხვადასხვა მომწოდებლისგან მიიღოს. ნიადაგის ხვნის სამუშაოებს შპს „მექანიზატორი“ და კონტრაქტორი კომპანიები უზრუნველყოფენ. სამგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აღნიშნულ პროეტში 2015 წელს მონაწილებას 99 394 ბენეფიციარი მიიღებს.
„მცირემიწიან ფერმერთა 2015 წლის საგაზაფხულო სამუშოების ხელშეწყობის პროექტი“ თებერვლიდან დაიწყება და 1 დეკემბერს დასრულდება.