ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელი გოჩა ქაჯაია, გამგებლის პირველი მოადგილე ვარაზ გაბედავა და გამგეობის შრომის, საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, ვეტერანთა, ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა სამსახურის უფროსი შოლინა კანკია ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობაში შემოსული განცხადებების საფუძველზე სოციალურად დაუცველ ოჯახებს ესტუმრნენ. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოისმინეს მათი გასაჭირი და დახმარებას დაჰპირდნენ.
ხობის მუნიციპალიტეტში სოციალურად დაუცველი და ეკონომიკურად შეჭირვებული მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისა და ხელშეწყობის 2015 წლის მუნიციპალური პროგრამის ფარგლებში, სოციალურად დაუცველ ოჯახებს (რომლებიც რეგისტრირებული არიან მონაცემთა ერთიან ბაზაში, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 57 ათას ქულას და რომელთა სახლები ავარიულ მდგომარეობაშია) სახლების შესაკეთებლად ერთჯერადი თანხა გადაეცემათ.
სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის მუნიციპალური პროგრამების უზრუნველყოფის კომისიის გადაწყვეტილებით, შემოსული განცხადებებიდან განხილულ იქნა 9 უმწეო და სოციალურად დაუცველი ოჯახის საკითხი. ამ ეტაპისათვის კომისიის გადაწყვეტილებით 7 ოჯახს (ქანთარია ნაზი, ხოფერია ნანა , თოდრაძე ია, პერტია მზიური, შენგელია ლადო, ფარულავა ლალი და გვალია ნონა) დახმარების სახით 500-დან 3000-მდე ლარი გადაეცემა.