ბლიც-ინტერვიუ კახა მიქაბერიძესთან

სახელი - კახა
გვარი -  მიქაბერიძე
საქმიანობა -  საკრებულოს წევრი, ფრაქცია „ხობი“-ს  თავმჯდომარე
თქვენი წარსულის ერთი ლამაზი დღე - წარსულის ერთი ლამაზი დღე გამახსენდა და გამეცინა, კარგია რომ ეს იყო. ზოგჯერ ბედნიერებისთვის  წამიც საკმარისია, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ ეს მხოლოდ გაელვება იყო. უფრო მეტად ვერ დავკონკრეტდები.
რას ინატრებდით?  როგორც ყველა ქართველის, ასევე ჩემი ნატვრაც დაკარგული ტერიტორიების დაბრუნებაა.
სურვილი რომელიც ვერ აისრულეთ -  სტუდენტობა სოხუმში გავატარე, ულამაზესი და უბედნიერესი წლები იყო, იქაურობა მიწიერ სამოთხეს ჰგავდა. ხშირად მინატრია სადმე ახლოს, ზღვის ნაპირას პატარა საზაფხულო აგარაკი მქონოდა და მეგობრებთან და უახლოეს ადამიანებთან ერთად დამესვენა და აფხაზეთის თბილ, მოალერსე მზეზე გავრუჯულიყავი... ეს ოცნება ჯერ-ჯერობით  ვერ ავისრულე!
ყველაზე მეტად რას  არ ისურვებდით? რაღაც-რაღაცეები, რასაც არ ვისურვებდი უკვე მოხდა. ზემოთ თქმულსაც ვგულისხმობ და პირადულსაც. ეს ჩემთვის ძალიან მტკივნეული თემაა და მას ჩემი დის სახელი ჰქვია.
ვის  გარეშეც ცხოვრება ვერ წარმოგიდგენიათ -   რატომღაც ამ კითხვაზე პასუხი უცებ არ მომდის თავში. ბევრი ვინმეა ვის გარეშეც არ ვისურვებდი ცხოვრებას და ყველაფერს გავაკეთებდი მათ დასაცავად. მაგრამ  მგონია,  რომ ჯერ კიდევ დარჩა ჩემში ადგილი ამ სიის შესავსებად.
თქვენი  ყველაზე ძლიერი მხარე -  ვარ ძლიერი, მომთმენი და დამტევი. პრინციპულად, მიზანმიმართულად ჩანაფიქრის ბოლომდე მიმყვანი. თუმცა, აქაც მაქვს საკუთარი პრინციპი- ჩემთვის მიუღებელია დამოკიდებულება „მიზანი ამართლებს საშუალებას“, მხოლოდ სწორი, კაცური და კეთილი საშუალებებით უნდა მიაღწიო მიზანს.
თქვენი ყველაზე უცნაური თვისება -  გამოუსწორებლად  იმედიანი ვარ. არ მახსენდება ჩემი ისეთი მდგომარეობა თუ განსაცდელი, იმედი რომ დამეკარგოს.
რისი გჯერათ პირველ რიგში უფლის, მისი სამართლიანობის, მართალი, უღალატო მეგობრის, მშობლების უანგარო სიყვარულის.
რასაც არასოდეს გააკეთებდით?  ამ კითხვას უკვე გავეცი პასუხი ცოტა ზემოთ.
ადამიანში ყველაზე მნიშვნელოვანი ღირსება - პატიოსნება, ერთგულება, სიკეთე, თანადგომა.
ყველაზე მეტად რისი გეშინიათ?  ზოგადად ღვთის რისხვის, ბანალურად ქვეწარმავლის.
ფრაზარომელსაც ყოველდღიურ საუბარში ხშირ იყენებთ „ყველაფერი კარგად იქნება“
რა უნდა გახსოვდეთ ამ ქვეყნად ყოველთვის „დიდი ნიჭია თავშეკავება, ნიჭით სიბნელე ნათლით ივსება“
როგორ მოხვდით პოლიტიკაში?  იქ სადაც ვარ, საქმის საკეთებლად მოვედი და ეს პოლიტიკაა? თუ პოლიტიკაა, მაშინ საქმემ მომიყვანა.
ვინ არიან თქვენი ოპონენტები ყველაზე დიდი ოპონენტიც და იმავდროულად მეგობარიც სინდისის ხმაა, შინაგანი ხმაა. ისინიც, ვინც თავს მინიმუმ ჩემმს ოპონენტებად, მაქსიმუმ მტრებად თვლიან,  არიან ასეთებიც.
ის რაც ძალიან გინდათ იცოდეთ გიდე მოპასანი წერდა: „გულს აქვს საიდუმლოებანი, რომელთაც გონება ვერ წვდება,“ ის რაც ძალიან მინდა ვიცოდე, გულის საიდუმლოებებს ჰგავს და არ მინდა ხმამაღლა ვთქვა.
რითი ილამაზებთ ცხოვრებას ცხოვრება ისედაც ლამაზი და სასურველია, თუ კარგი თვალით შეხედავ  მაინცდამაინც დიდი გალამაზება არ სჭირდება. მაინცადამაინც დიდი გალამაზება არ სჭირდება მაგრამ რაღაც საჩუქრები და სიურპრიზები საკუთარ თავსაც უნდა მოუწყო, შეძლებისდაგვარად ასეც ვიქცევი.
როგორი გინდათ  დაგიმახსოვრონ ზემოთ მკითხეთ ადამიანში ყველაზე მნიშვნელოვანი ღირსება რა არისო; მე გითხარით რომ, პატიოსნება, ერთგულება, სიკეთე, თანადგომა. სწორედ ამის გამკეთებელ კაცად მინდა დამიმახსოვრონ.  არასწორად აქამდეც არ მივლია, თან ჯერ კიდევ მაქვს გზა გასავლელი.
როცა უკან მოიხედავთ რას ხედავთ გავლილ გზას.
თქვენი ნება რომ იყოს რას შეცვლიდით ქვეყანას ასე არ დავანაწევრებდი, ერთ მუშტად შევკრავდი ქვეყნის სასიკეთო საქმის საკეთებლად.
რისი თქმაც ადრე გინდოდათ და დღეს ჩვენთან იტყვით -   ასჯერ გავზომოთ და ერთხელ გადავჭრათ. ყოველთვის ვერ ხერხდება ყველაფრის გამოსწორება. მოზომილად ვიჩქაროთ მიზნისკენ და ადამიანებს მოვექცეთ ისე როგორც, თავად გვინდა რომ მოგვექცნენ. ეს ბიბლიური სიბრძნეა და უნდა დავიჯეროთ.