საკრებულომ 2015 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა

30 დეკემბერს, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში გაიმართა საკრებულოს მორიგი სხდომა, რომელსაც უძღვებოდა საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა. სხდომას ესწრებოდნენ საკრებულოს, გამგეობის და ადგილობრივი თვითმართველობის ხელმძღვანელები. 
დღის წესრიგის დამტკიცების შემდეგ სხდომაზე განხილულ საკითხთაგან მნიშვნელოვანი იყო „ხობის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ დადგენილების პროექტი, რომლის თანახმადაც მომავალი წლის ბიუჯეტი განისაზღვრა 6271,2 ათასი ლარით და რომლის ძირითად პრიორიტეტს წარმოადგენს სოციალური პროგრამების დაფინანსება. 
მომდევნო საკითხად განხილულ იქნა და დამტკიცდა „ხობის მუნიციპალიტეტის სოციალურად დაუცველი და ეკონომიურად შეჭირვებული მოსახლეობის სოციალურ ეკონომიკური მდომარეობისა და ხელშეწყობის 2015 წლის მუნიციპალური პროგრამა“ პროგრამით მოსარგებლე განსაზღვრულ პირთა წრისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილია 353950 ლარი. ასევე დამტკიცდა „2015 წლის ხობის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის მუნიციპალური პროგრამა“ რომელიც ითვალისწინებს დამატებით ამბულატორიულ მომსახურეობას ხობის მუნიციპალიტეტის იმ ადმინისტრაციულ ერთეულებში, სადაც არ ფუნქციონირებს სახელმწიფო ამბულატორიული პროგრამა
საკრებულომ ასევე მიიღო განკარგულება ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლისთვის თანხმობის მიცემის შესახებ, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურის ლიკვიდაციის შედეგად აღრიცხული უძრავი და მოძრავი ქონების (მათ შორის შენობა-ნაგებობა, მატერიალურ-ტექნიკური ბაზა და სხვა) და სამსახურებრივი დოკუმენტაციის შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ- საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოსთვის სარგებლობის უფლებით გადაცემის თაობაზე. 
დღის წესრიგით გათვალისწინებული სხვა საკითხების განხილვის შემდეგ წლის ბოლო სხდომა სახელმწიფო ჰიმნით დაიხურა.