უმრავლესობაში შემავალი ახალი ფრაქციის ,,დამოუკიდებელი მაჟორიტარები - ძლიერი რეგიონებისთვის'' ერთ-ერთი წევრი ხობის რაიონის მაჟორიტარი გოდერძი ბუკია MediaMall.ge-თან საუბარში, საქართველოსა და რუსეთის ურთიერთობაზე საუბრობს. დეპუტატი მიიჩნევს, რომ საქართველოს რუსეთთან პირდაპირი კონტაქტი უნდა ჰქონდეს და ამ შემთხვევაში შუამავლების როლი ნაკლებად მომგებიანია.
MediaMall.ge-თან საუბარში გოდერძი ბუკიამ უარყო, რამდენიმე დღის წინ გაზეთ „ვერსიაში“ გამოქვეყნებული ინფორმაცია, რომ რუსეთი აგრესორი არ არის, -„სულაც არ ვფიქრობ, რომ რომელიმე ჩვენი მეზობელი აგრესიულია”.
„ეგეთი რამ მე არ მითქვამს, იქ კონტექსტიდან ამოვარდნილი ინფორმაცია გავიდა. ეგეთი რამე არ არსებობს, იმიტომ, რომ წინა პერიოდში, ახლაც და ყოველთვის საპარლამენტო შეფასებებში მე მხარს ვუჭერ იმ შეფასებებს, რაც პარლამენტს, ხელისუფლებასა და საერთაშორისო ორგანიზაციებს აქვთ. დღეს ეს საკითხი იმდენად აქტუალური არ არის, რამდენადაც აქტუალურია თანამშრომლობის საკითხი, რომ ჩვენ მივაღწიოთ იმ შედეგებს რაც ჩვენ გვაინტერესებს - კონტაქტების და ურთიერთობის გარეშე ეს შედეგები ვერ მიიღწევა. ის სისულელეა, რომ მე რუსეთს აგრესორად არ ვთვლი, რომელი ჭკუათმყოფელი იტყვის ასე. ჯერ ერთი ჩემს ნათქვამს, ერთი დეპუტატისას, რუსეთი აგრესორია თუ არა, რა მნიშვნელობა აქვს, როცა მთელს პარლამენტს თავის დროზე შეფასება გაკეთებული აქვს“,- განაცხადა გოდერძი ბუკიამ.
დეპუტატი მიიჩნევს, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის აუცილებელია შედგეს პირადირი დიალოგი, და შემდეგ ამ დიალოგმა მოიტანოს შედეგი.
„ახლა მთავარია, რომ რაც შეიძლება მეტ კონტაქტზე წავდიეთ, თავის დროზე არც თურქეთს დაუკვლია ჩვენთვის და არც ირანს, ირანმა თავის დროზე დაგვაქცია და გაგავაუბედურა, მაგრამ ხომ ვართ კონტაქტებში?! ჩვენ თუ გვინდა საკითხების მიღწევა და ჩვენი ამოცანების გატარება, ჩვენ პირადად უნდა ვეკონტაქტოთ რუსეთს და პირადად უნდა გვქონდეს ურთიერთობები, ამ შუამავლებმა და შუამავლებთან ურთიერთობამ კი ხედავთ რა გზამდე მიგვიყვანა, უარესდება ურთიერთობა, არაფერი სიკეთისკენ არ მიდის. უკან არ დახია, მაგრამ შედეგი არ მოგვცა, არც ერთ ადგილზე არ გააჩერა, უბრალოდ შედეგს არ გვაძლევს, ჩვენთვის მთავარი შედეგია, ის რომ ჩამოყალიბდეს დიალოგი და მეორე ის, რომ ამ დიალოგმა მოგვცეს შედეგი, რომ დავიბრუნოთ აფხაზეთი და ოსეთი. ჩვენ ვერც ერთს და ვერც მეორეს „პოდნოსით“ ვერავინ გადმოგვცემს და ვერც ერთი შუამავალი, ვერც საერთაშორისო ორგანიზაცია და ვერც მსოფლიოს რომელიმე ქვეყანა. ეს რიტორიკაა და მეტი არაფერი. ჩვენ თვითონ უნდა ვუშველოთ ჩვენს თავს“,- აღნიშნა ბუკიამMediaMall.ge-თან სატელეფონო საუბარში.
დეპუტატმა ჩვენთან საუბარში კიდევ ერთხელ განმარტა, რომ ის არ არის „ნაციონალური მოძრაობიდან“ დეპორტირებული, რადგან „კომუნისტური“ პარტიის შემდეგ არც ერთი პარტიის წევრი არ ყოფილა.
„მე კანონმდებლობიდან გამომდინარე „ნაციონალურმა მოძაობამ“ დამიჭირა მხარი და რატომ არ უნდა მეყარა კენჭი? ან სხვანაირად როგორ უნდა მეყარა?! ვინც დამიჭირა მხარი იმასთან ერთად ვიყარე“,- განმარტა ბუკიამ.
კითხვაზე, მისი უმრავლესობაში ყოფნა ხომ არ არის მისი ბიზნესის სტაბილურობის გარანტი, დეპუტატმა ჯერ აღნიშნა, რომ მისი ბიზნესი საქართველოში სულაც არ არის, შესაბამისად დაცვა არ სჭირდება. ხოლო დამატებით განმარტა, რომ ის პარლამენტის წევრია და დიდი ხანია აღარაა არც ერთი კომპანიის მფლობელი.
(ცნობისთვის, საგანგებოდ შექმნილი ფრაქცია „დამოუკიდებელი მაჟორიტარები - ძლიერი რეგიონებისთვის'', ცოტა ხნის წინ საპარლამენტო უმრავლესობას შეუერთდა.)
„არავითარი ბიზნესი, რა შუაშია ჩემი ბიზნესი, ქვეყნის სტაბილურობა, ჩემი ბიზნესი, ყველას ბიზნესი, ყველა თითოეული თქვენგანის ბიზნესი და ჩვენი ყველას ცხოვრება დამოკიდებულია ამ ქვეყნის სატბილურობაზე, ქვეყანაში როდესაც იქნება სტაბილურობა მაშინ იქნება ბიზნესიც და ცხოვრებაც. სხვათაშორის, მსოფლიოში რეიტინგები ისაზღვრება ქვეყნის სატაბილურობით, ის, რომ ყოველდღე უმარვლესობა იცვლება, ყოველდღე პოლიტიკური პარტიები მიდიან და მოდიან, ყოველდღე ასეთი ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები კეთდება, ეს იცით როგორ მოქმედებს ბიზნესზე?! ჩემს ბიზნესს რა დაცვა უნდა, ჩემი ბიზნესი საქართველოში საერთოდ არც არის, მაგაზე საერთოდ არ არის ლაპარაკი. ჯერ ერთი მე ბიზნესმენი არ ვარ, დიდი ხანია უკვე არც დირექტორი და არც მფლობელი არ ვარ არც ერთი კომპანიის, მე პარლამენტის წევრი ვარ და ბიზნესმენი როგორ ვიქნები?! მე უბრალოდ ბიზნესთან ვთანამშრომლობ“,- განაცხადა გოდერძი ბუკიამ.
დეპუტატს იმ ფრაზის განმარტებაც ვთხოვეთ, რომლიც რამდენიმე დღის წინ „ვერსიაში“ გააჟღერა:„ხელისუფლებას ვჭირდები მე და მეც მჭირდება ხელისუფლება“.
„ხელისუფლებას ვჭირდები მე როგორც ერთ-ერთი დეპუტატი, მე ვარ არჩეული - მაჟორიტარი დეპუტატები არიან სულ სხვა სტატუსის დეპუტატები და მათ სულ სხვა ვალდებულებები გააჩნიათ, მე ჩემი ხალხის, ჩემი რაიონის და ჩემი ქვეყნის წინაშე მაქვს ვალდებულება, რომ მე პირველ რიგში მათ უნდა ვემსახურო, ამიტომ მე მჭირდება ხელისუფლება, რომ რაც პრობლემები არსებობს ისინი მოვაგვარო, და მე ვჭირდები ხელისუფლებას, იმიტომ რომ ჩემი ავტორიტეტი და ძალა ამ ხალხიდან გამომდინარე არსებობს. მე ჩემი პირადი ინტერესებისთვის ხელისუფლება არ მჭირდება. მე მჭირდება ჩემი რაიონისთვის და ხალხის ინტერესებისთვის“,- აღნიშნა ბუკიამ.
საუბრის ბოლოს, ბუკიამ დასძინა, რომ საქართველო თუ „მაგარი“ იქნება აფხაზები და ოსები თვითონ „შეოვარდებიან“ საქართველოში.
„ჩვენ თუ მაგრები ვიქნებით ის აფხაზები და ოსები თვითონ გამოიქცევიან და თვითონ შემოვარდებიან ჩვენთან, მაგრამ ჩვენ თუ სუსტები და ხელითსატარებლები ვიქნებით, ჩვენგან ყველა გაიქცევა და ჩვენთან ურთიერთობა არავის ენდომება, იმით კი არ უნდა დავიბუნოთ, რომ დროშები ვაფრიალოთ და დედა ვაგინოთ ვიღაცეებს, არამედ ჩვენ ყველანი უნდა დავირაზმოთ იმისთვის, რომ რაც შეიძლება საერთო საზოგადოებრივი აზრთან ერთად ჩამოვაყალიბოთ სწორი, კონსტრუქციული ურთიერთობები, რომელიც ყველასთვის მისაღები იქნება. ჩვენი გვაქვს ევროპული კური აღებული და ეს გაგრძელდება, მაგრამ რუსეთთან, ჩვენს მეზობელთან კონტაქტები ვინ დაგვიშალა?!“,- განაცხადა დეპუტატმა.