რეალური ინტერვიუ გოდერძი ბუკიასთან ყოველგვარი „ჟურნალისტური შელამაზების“ გარეშე

რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში გავრცელდა მასალა, სადაც საქართველოს პარლამენტის წევრის, ხობის მაჟორიტარი დეპუტატის გოდერძი ბუკიას ამონარიდი იყო ერთ-ერთი ინტერვიუდან, რომელშიც სხვა საკითხებთან ერთად საუბარი რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებთან დაკავშირებითაც იყო, სადაც ჟურნალისტი ინტერვიუარს, რუსეთის ოკუპანტად დაფიქსირებას სთხოვდა და დაჟინებით ეკითხებოდა - არის თუ არა რუსეთი საქართველოს ოკუპანტიო?

- სხვათაშორის სახელოვნებო სფეროდან ბ-ონ გოდერძის ვიცნობ როგორც ნაღდი ქართული საქმის მკეთებელ ქართველ კაცს და ჯერ მარტო მისი შექმნილი მეგრული სიმღერის ხობის ფესტივალი რად ღირს, რომელიც ჩემთვის პირადად როგორც სახელოვნებო სფეროს ჟურნალისტისთვის გაცილებით საინტერესოა, ვიდრე ყველაფერი დანარჩენი და სიმართლე გითხრათ - მთელი მსოფლიოს მხრიდან ოკუპანტად აღიარებულ რუსეთს, ეს ადამიანი, დაუძახებს თუ არა ამ სახელს, ამ შემთხვევაში ნაკლებად მაინტერესებს - რადგან ხელოვნების ის ზეიმი, რომელსაც გოდერძი ბუკია თავის გუნდთან ერთად ორ წელიწადში ერთხელ აკეთებს, უკვე ყველაზე დიდი ქართული საქმეა და კიდევ ერთი - ძუკუ ლოლუას სახელობის მუზეუმი, რომელსაც მსოფლიო ანალოგი არ აქვს...


- მერე კიდე, მისი მხარდაჭერით და დახმარებით გაკეთებული ბევრი სხვა, არასახელოვნებო საქმეების შესახებაც უამრავი მსმენია, მინახავს და დამიფიქსირებია და ცოტა არ იყოს გამიკვირდა, კიდეც როცა ვიღაცამ მოინდომა ამ ადამიანის გაკეთებული საქმეების მიფუჩეჩება, რაც ძალიან არ მომწონს და დაუფასებლობის ის ფორმატი რაც სამწუხაროდ ხშირად ახასიათებს ქართველებს - მაინცდამიანც არ მიმაჩნია მისაღებად! განვმეორდები და ვიტყვი - გოდერძი ბუკია თუ არ დაუძახებს რუსებს ოკუპანტებს, ისე რა - ვინმეს ეჭვი ეპარება იმაში, რაზეც მთელი მსოფლიო საუბრობს?


ჩვენი სააგენტო ხობის მაჟორიტარ დეპუტატს ტელეფონით დაუკავშირდა და ამ საკითხთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთება სთხოვა:

გოდერძი ბუკია: - ჩემთვის ეს აქსიომა იყო, ახალი ამაში რა არის? შეფასებები
გაკეთებულია იმ პარლამენტის მხრიდან, რომლის ოთხგზის მოწვევის წევრი ვიყავი როგორც მაჟორიტარი და ყველა იმ აქტისთვის ხმა მაქვს მიცემული, რომელსაც წლებია უკვე მსოფლიოც აღიარებს, მე ვიცი ეს ტკივილი, რადგან ჩემი უახლოესი ახლობელი ოჯახის წევრებიც და შვილები მოხვდნენ ამ საშინელებაში. ამოსავალი წერტილი რა არის? - პირადად ჩემთვის შედეგი! საქმის შედეგია მთავარი, და რა შედეგს ვდებთ ჩვენ, რომ ჩვენი ქვეყნის ინტერესები დავიცვათ? პათოსი ზუსტად ესააა... ამაში ახალი არაფერია..., როცა სათქმელი იყო მაშინ ვთქვი და დავაფიქსირე ჩემი აზრი, - არაფრის მომცემი პათოსია დღეს ეს ყველაფერი - 20 წელზე მეტი გავიდა და რამე შედეგი მივიღეთ? ვერა სამწუხაროდ, ამასობაში თაობები იზრდებიან, რომლებსაც შეიძლება აღარც აფხაზეთი ახსოვდეთ და აღარც ოკუპირებული ტერიტორიები, მთელი ახალგაზრდობა, ჩემს აფხაზ ძმებთან მაქვს გატარებული აფხაზეთში, დღეს? დღეს ვკარგავთ ამ ადამიანებს და მინდა საზოგადოებაც მიხვდეს იმას, რომ საქმის კეთებით და საქმის შედეგით განისაზღვრება მათთან დაახლოების პრინციპი, გული მტკივა, განა იმაზე რომ ვიღაცამ შეიძლება მე გამლანძღოს, რამე ცუდი თქვას ჩემზე, არამედ იმაზე, რომ დრო გადის და შედეგი არ ჩანს. მიზანი ამართლებს საშუალებას, საზოგადეობა კი ხშირ შემთხვევაში სამწუხაროდ გზებს არ გვკარნახობს, სკანდალების შექმნას - გზების მოძებნა სჯობს, შოთა რუსთველის ქვეყანაში, სადაც ყველამ იცის, რომ - „გველსა ხვრელით ამოიყვანს, ენა ტკბილად მოუბარი“ - სხვა პათოსების ძებნა რატომ უნდა გვჭირდებოდეს?
ჩემთვის პრიორიტეტი ყოველთვის ქართული საქმის კეთება იყო და დაჟინებული ჩაკითხვა იმაზე, რუსებს ოკუპანტი დაუძახე გინდა თუ არაო, დავიჯერო საქმეს უკეთესად გამოიყვანს, ვიდრე მუშაობა? ვიდრე ქართული საქმის, ქართული წარმოების და ვიდრე ქართული პოლიტიკის წარმოება ყველა ძალით?
- მაჟორიტარი დეპუტატი რატომ გადახვედი სამთავრობო გუნდში და რატომ გაერთიანდი უმრავლესობაშიო, მკითხეს - კი, მაგრამ თქვენ გინახავთ სახელისუფლო გუნდთან ერთად და ამის გარეშე საქმის შედეგიანი კეთება? მე, როგორც მაჟორიტარმა (რომელიც ხალხმა ამირჩია პირდაპირი წესით) თუ რაიონის გამგებელთან მეტი კონტაქტი არ ვიქონიე, თუ საკრებულოს თავმჯდომარესთან ერთად არ ვიმუშავე რამის გაკეთებას შევძლებ თუნდაც ხობელებისთვის? ოპოზიციაში ჩავდგე და მერე საქმე უკეთესად გამომივა როგორც მაჟორიტარს? არა მგონია... არ უნდა იყოს რთული გასაგები, რომ უმრავლესობასთან და ხელისუფლებაში მყოფ გუნდთან ერთად მუშაობის, ურთიერთობის, აზრთა გაცვლა-გამოცვლის შემთხვევაში უფრო კარგად მივიღებთ შედეგს, რომელიც თითოეულ ჩვენს თანამემამულეზე უნდა აისახოს. უპარტიო ვიყავი და ვარ მთელი ეს პერიოდი, მე ვფიქრობ, რომ ჩემი ხობელებისთვის გაცილებით უკეთესად გავაკეთებ ყველაფერს, თუ ვითანამშრომლებ - სახელმწიფო უწყებებთან, სამინისტროებთან, საკრებულოსთან, მერიასთან, გამგეობასთან და იმ გუნდთან ვინც უმრავლეოსობაშია. ქვეყნის განვითარებისთვის ამ ქვეყნის სტაბილურობა ყველაზე მთავარია და უმრავლესობაში შესვლა მაჟორიტარებისა, სწორედ ამ მიზანს ემსახურება - აცხადებს ჩვენთან საუბარში გოდერძი ბუკია


ჟურნალისტი ბესო ჩუბინიძე