მიმდინარე წლის ოქტომბერ-დეკემბრის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით დაგეგმილია მსხვილფეხა პირუტყვის იდენტიფიკაცია (ნიშანდება) ბრუცელოზზე გამოკვლევა (სისხლის აღება) თურქულის, ჯილეხისა და ბრუცელოზის საწინააღმდეგო პროფელაქტიკური ვაქცინაცია, რომელსაც ახორციელებს სსიპ „სურსათის ეროვნული სააგენტო“, ხობის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში (ჭალადიდი, ქვემო ქვალონი) ზემოთ აღნიშნული სააგენტოს ადგილობრივი სამსახურის სპეციალისტები გამგებლის წარმომადგენლების დახმარებით წარმატებით ატარებენ დაგეგმილ ღონისძიებებს, აღსანიშნავია, რომ ბოლო თვეების განმავლობაში მუნიციპალიტეტის ორ ადმინისტრაციულ ერთეულში (საგვიჩიო, პატარა ფოთი) დაფიქსირებულ იქნა ცოფის სნეულების შემთხვევები, რომლის სწრაფი ლოკალიზაციისა და ლიკვიდაციის მიზნით ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ დაშვებულ იქნა ბრძანება და ცოფის სნეულების კერები გამოცხადდა არაკეთილსაიმედოდ ორი თვის ვადით და გაიწერა იმ ღონისძიებების ნუსხა, რომლის შესრულება სავალდებულოა სახელმწიფო სტრუქტურებისა და იმ პირებისათვის, რომლებიც ცხოვრობენ და საქმიანობენ სნეულების კერაში.
1. ცოფის სნეულების მხრივ არაკეთილსაიმედო კერაში:
ა) იკრძალება ძაღლების ქუჩაში და სხვა ადგილებში გამოყვანა, სანადიროდ გაყვანა-გადაყვანა შეზღუდვების მოხსნამდე;
ბ) ცოფით დასენიანებული და სნეულების მხრივ ყველა საეჭვო ცხოველის დაუყოვნებლივ იზოლირება და მათი ლიკვიდაცია გარდა იმ ცხოველისა, რომელმაც დაკბინა, დადორბლა ადამიანი ან ცხოველი. ასეთი ცხოველის მიმართ უნდა გატარდეს ღონისძიებანი, რომელიც გათვალისწინებულია დასენიანებული ან სნეულებაზე საეჭვო ცხოველის შემთხვევაში;
გ) ცოფით მკვდარი, დასენიანების გამო მოკლული და დასენიანებაზე საეჭვო ცხოველის ლეში ექვემდებარება დაწვას ან უტილიზაციას ვეტერინარულ სანიტარიული წესების დაცვით;
დ) შემჭიდროებულ ვადაში უნდა ჩატარდეს ყველა ჯანმრთელი ძაღლის, კატის და ცოფის ამთვისებული ყველა სხვა სახეობის ცხოველის სავალდებულო იძულებითი აცრები განურჩევლად იმუნიტეტის ვადისა;
ე) ცოფით დასენიანებაზე საეჭვო ცხოველების იძულებითი აცრები უნდა ჩატარდეს ვაქცინის გამოყენების წესების დარიგების შესაბამისად და აუცილებელია აცრილი ცხოველების მკაცრი იზოლირება აცრების დამთავრებიდან 60 დღის განმავლობაში;
ვ) ცოფიანი და დასენიანების მხრივ საეჭვო ცხოველების მკურნალობა და სნეულების საწინააღმდეგოდ აცრა აკრძალულია;
ზ) ცოფზე აცრილი ცოფით დასენიანებაზე საეჭვო სასოფლო-სამეურნეო და ბეწვიანი ცხოველების დაკვლა და დაკლული პროდუქტების გამოყენება დაიშვება ,,საკლავი ცხოველების ვეტერინარულ შემოწმებასა და ხორცისა და ხორცპროდუქტების ვეტერინარულ-სანიტარული ექსპერტიზის წესების“ შესაბამისად;
თ) ცოფის მხრივ არაკეთილსაიმედო პუნქტში კლინიკურად ჯანმრთელი ცხოველებისაგან მიღებული რძე (ცოფზე აცრილი ცხოველების ჩათვლით) დასაშვებია გამოყენებულ იქნას ადამიანის საკვებად 80-85 გრადუსზე 30 წუთიანი პასტერიზაციის, ან 5 წუთიანი დუღილის შემდეგ;
ი) ცოფიანი და სნეულების მხრივ საეჭვო ცხოველების სადგომი, ცხოველების მოვლის საგნები, ცხოველების მომვლელი პერსონალის დადორბლილი ტანსაცმელი და სხვა გამონაყოფებით დასვრილი საგნები ექვემდებარებიან დეზინფექციას.
ზემოთ აღნიშნული ღონისძიებების შესრულების მონიტორინგს ახორციელებს გამგეობის სოფლის მეურნეობის განვითარების სამსახური, რომელსაც სხვა უფლებამოსილ სამსახურებთან ერთად კონტროლზე ჰყავს აყვანილი პროცესის მიმდინარეობა.