77 წლის ასაკში გარდაიცვალა საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, ცნობილი ქართველი მხატვარი, მონუმენტალისტი და გრაფიკოსი, ხობის საერთაშორისო ფესტივალის - „სიმღერა საქართველოზე“ სიმბოლიკის
ავტორი, ხობის საპატიო მოქალაქე ემირ ბურჯანაძე.
მხატვრის მრავალწლიანი შრომა წიგნის და არა მარტო წიგნის გაფორმებასთან იყო დაკავშირებული. ქართულ დიზაინში პირველი ეროვნული საფირმო, სასაქონლო და სარეკლამო ნიშნები, სხვადასხვა ტიპის სიმბოლური ემბლემები სწორედ მისი თაოსნობით შეიქმნა. იგი სატიტულო, სარეკლამო და საპროექტო ქართული მხატვრული შრიფტების ავტორია, შექმნილი აქვს ქართული ჩართული
ანბანის (მონოგრამების) სრული ციკლი, გერბები და ემბლემები. ემირ ბურჯანაძემ გასული საუკუნის 60-იან წლებში შრიფტის სამეცნიერო კვლევითი ლაბორატორია დააარსა, რომელსაც 2004 წლამდე თავად ხელმძღვანელობდა.
ემირ ბურჯანაძე საქართველოს სახელმწიფოებრიობის 3000 წლისადმი და ქრისტეშობის 2000 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო 10 ლარიანი მონეტის შემქმნელია. იგი
თბილისის გერბის, დროშისა და სიმბოლიკის ავტორია
- 1970 წლიდან მხატვარი მუშაობდა თბილისის სიმბოლიკაზე: თბილისის გერბი და გერბის ვარიანტები, თბილისის დროშა, თბილისის გასაღები, თბილისის სიმბოლო, თბილისის საპატიო მოქალაქის მედალი და დიპლომი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორის პირადი ნიშნები, ორდენი და სხვა. 2005 წელს ემირ ბურჯანაძე თბილისის საპატიო მოქალაქე გახდა.
ემირ
ბურჯანაძე გახლდათ ხობის საერთაშორისო ფესტივალის - „სიმღერა სამეგრელოზე“ საორგანიზაციო ჯგუფის უცვლელი წევრი, ფესტივალის სიმბოლიკის ავტორი, 2011 წლიდან კი - ხობის საპატიო მოალაქე.
დამსახურებულ
ხელოვანს დიდუბის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში 21 სექტემბერს დაკრძალავენ.
ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობა
ღრმა მწუხარებას გამოხატავს და უერთდება ქართული საზოგადოების გულისტკივილს ემირ ბურჯანაძის
გარდაცვალებასთან დაკავშირებით.