ხობის მუნიციპალიტეტში მოსალოდნელი უამინდობის გამო, 24 საათიან რეჟიმში მუშაობდა ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობაში შექმნილი საგანგებო სიტუაციების მართვის ოპერატიული ცენტრი. წუხელ მთელი ღამის განმავლობაში მობილიზებული იყო მუნიციპალიტეტის სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახური და სპეციალური ტექნიკა. გამგებელი გოჩა ქაჯაია, საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა, გამგებლის მოადგილეები ვარაზ გაბედავა და მახარე ჩოკორაია გამგეობისა და საკრებულოს სხვა თანამშრომლებთან ერთად აქტიურად პატრულირებდნენ და სწავლობდნენ ხობის მუნიციპალიტეტის სოფლებში უხვი ნალექისაგან შექმნილ მდგომარეობას და მოსახლეობას თანადგომას უცხადებდნენ.
დღეს, გამგებელი გოჩა ქაჯაია დაბალი ზონის, მდინარე ხობისა და რიონისპირა სოფლებში არსებულ მდგომარეობას გაეცნო. თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზაზე სოფელ ხეთა-პირველი მაისის საზღვართან არხიდან გადმოსულმა წყალმა დროებით შეაფერხა მოძრაობა. სამაშველო ძალების სწრაფი რეაგირებით გაწმენდითი სამუშაოები ჩატარდა და პრობლემა დროულად აღმოიფხვრა. მიუხედავად უხვი ნალექისა ამ ეტაპისთვის სერიოზული ზიანი არცერთ სოფელში არ შეინიშნება.