30 აგვისტოს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის ლოცვა კურთხევით მიმდინარე პროექტის „წმინდა ილია მართლის (ჭავჭავაძე) გაზეთ „ივერიის“ სახელობის პროზა-პოეზიის პრემია - ივერიის“ მეათე ტურს, ფოთისა და ხობის ეპარქიის მიტროპოლიტის, მეუფე გრიგოლის კურთხევით და მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ორგანიზებით, ხობმა უმასპინძლა.
პროექტის ავტორი და დამფუძნებელია ნუგზარ ჭიაბერაშვილი. საგამომცემლო სახლ „ქართული ელიტის“ წარმომადგენლობა და პროექტის მონაწილეები შეხვდნენ ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელს გოჩა ქაჯაიას. შეხვედრაზე ისაუბრეს პროექტის მნიშვნელობის შესახებ. მონაწილეებმა მასპინძლებთან ერთად მოილოცეს ხობის მონასტერი. სტუმრებს ხობის მონასტრის შესახებ ესაუბრა ისტორიკოსი გოგიტა ჩიტაია, რის შემდეგ, პროექტის მონაწილეები და პარტნიორები ესტუმრნენ ზუგდიდის დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურულ მუზეუმს, სადაც ღვთისმშობლის კვართს ემთხვივნენ.
საღამოს, პირველ მაისში, ყოვლადწმიდის ქალწულ მარიამის ტაძრად მიყვანების, წმინდისა დიდისა მოწამისა გიორგისა და წმინდისა მღვდელმთავრისა და საკვირველთმოწმედისა ნიკოლოზის საეკლესიო კომპლექსსა და საპარტიარქო რეზიდენციასთან არსებულ წმინდა ცოტნე აღმსარებლის განათლებისა და სულიერების ცენტრში პოეტებსა და პროზაიკოსებს თემურ ჩალაბაშვილს, თინათინ მღვდლიაშვილს, მანანა დუმბაძეს, მაყვალა გონაშვილს, ედუარდ უგულავას, მაკა ბლიაძეს, იზა ჩიკაიძეს, თენგო ხუციშვილის, სულიკო ჯამაშვილს, ნელი დარბაძეს, ეკატერინე არჩვაძეს, ეთერ მდინარაძეს, მაქსიმე ჩხაიძეს, გიორგი კიკვაძეს, ეკატერინე არჩვაძეს, ხატმწერ თეონა ყარაულაშვილს, ფოტო-ხელოვან რომან თოლორდავას, როგორც პრემიის ნომინანტები, ხობიდან შეურთდნენ პოეტი და პუბლიცისტი ლაშა გვასალია, პოეტები ოთარ აძინბაია, ნინო კემულარია და თემურ ალანია. საღამოს საპატიო სტუმრისა და პოეტის სტატუსით წარსდგა ქალბატონი მერი აბრამია. პროექტში მონაწილე ხატმწერების მიერ წარმოდგელი იქნა ნამუშევრები, რომლებიც სასულიერო თემატიკაზეა შექმნილი, საღამოში ასევე მონაწილეობდნენ შეზღუდული შესაძლებლობის პოეტები კახეთიდან, სამეგრელოდან. სტუმრებს წარედგინათ ლელა ალანიას, ხატია როგავას, ეთერ ნადარაიას, 14 წლის მხატვრის გიორგი იოსავას ნამუშევრები.
მეათე ტურის თითოეული მონაწილე პროექტის დამფუძნებელმა და ავტორმა ნუგზარ ჭიაბერაშვილმა დააჯილდოვა უწმინდესისა და უნეტარესის მიერ დაწესებული სიგელით „წმინდა ილია მართლის ხატით“ და პროექტის ფარგლებში გამოცემული წიგნით „ივერია“.
პროექტის ხობელი მონაწილეები სექტემბერში შეუერთდებიან პროექტის მეთერთმეტე ტურს, რომელიც გიორგი ლეონიძის სახლ-მუზეუმში სექტემბერში გაიმართება.
პროექტის მონაწილეებს მიესალმა და წარმატება უსურვა საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს წარმომადგენელმა ნინო ცხადაიამ და მათ მაჟორიტარი დეპუტატის სახელით უნიკალური ფოტოალბომები გადასცა.
ხობისა და ფოთის ეპარქიის მიტროპოლიტი მეუფე გრიგოლის კურთხევით გამოცხადებული მარიამობის კვირეული „ღვთისმშობლის კალთის საფარველქვეშ“ ამ ღირსშესანიშნავი ტურით დასრულდა. მეუფემ პირველად წაიკითხა საკუთარი ლექსი, რომელიც პატრიარქის თხოვნით შეიქმნა. შემოქმედებით საღამოს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან, პედაგოგებთან, ახალგაზრდობასთან ერთად ესწრებოდნენ ხობისა და ფოთის ეპარქიის სასულიერო პირები, მრევლი.
პოეზიის საღამო მიჰყავდათ პროექტის მუდმივ წამყვანს თამარ თაგვაძეს და ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განთლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსს როზეტა შულაიას.
დასასრულს, ხობის კულტურის სახლში გაიმართა კვირეულის საზეიმო დახურვა.
პროექტი ხობში ყოველი წლის მარიამობის თვეს ჩატარდება და ტრადიციად იქცევა.