სახელი: დოდო
გვარი: გაბუნია
საქმიანობა: პროფესიით ვარ ექიმი. ამჟამად ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე გახლავართ.
თქვენი წარსულის ერთი ლამაზი დღე: განსაკუთრებით გამორჩეული და ლამაზი ჩემს ცხოვრებაში ორი დღეა- ჩემი შვილების დაბადების დღეები.
რას ინატრებდით? ვიცხოვრო გაერთიანებულ, ბედნიერ, ეკონომიკურად ძლიერ საქართველოში.
სურვილი, რომელიც ვერ აისრულეთ? ძალიან მინდოდა მყოლოდა ქალიშვილი.
ყველაზე მეტად რას არ ისურვებდით? სიცრუეს, ორპირობას, ღალატს ახლობლებისაგან.
ვის გარეშეც ცხოვრება ვერ წარმოგიდგენიათ? ჩემი ოჯახის წევრების,დის, დისშვილის გარეშე ცხოვრებას ჩემთვის არანაირი აზრი არა აქვს.
თქვენი ყველაზე ძლიერი მხარე? ვარ პირდაპირი. შემიძლია ვიდგე მართალი ადამიანის გვერდით ნებისმიერ სიტუაციაში.
თქვენი ყველაზე უცნაური თვისება? ვერ გეტყვით, ასეთი არფერი შემიმჩნევია.ჩემი ახლობლები ამაზე უკეთ ისაუბრებენ.
რისი გჯერათ? პირველ რიგში-უფლის. ბუნებით ოპტიმისტი ვარ და მჯერა ბედნიერი მომავლის.მჯერა, რომ საქართველო გაბრწყინდება და მომავალი თაობები იცხოვრებენ, ისე, როგორც შეეფერება დავითის, თამარის, რუსთველის შთამომავლობას.
რასაც არასდროს გააკეთებდით? რაფიელ ერისთავის სიტყვებით გიპასუხებთ:
,,არ გავცვლი სალსა კლდეებსა უკვდავებისა ხეზედა,
არ გავცვლი მე ჩემს სამშობლოს სხვა ქვეყნის სამოთხეზედა!...“
ადამიანში ყველაზე მნიშვნელოვანი ღირსება? იყო ადამიანი !!!
ყველაზე მეტად რისი გეშინიათ? სტიქიური უბედურებების, ომების.
ფრაზა, რომელსაც ყოველდღიურ საუბარში იყენებთ? არ ვიცი. ვფიქრობ განსაკუთრებულ ფრაზებს საუბრისას არ ვიყენებ
რა უნდა გახსოვდეთ ამ ქვეყნად ყოველთვის? ღმერთმა ამ ქვეყანას სიკეთის კეთებისთვის მომავლინა. არა მაქვს უფლება შეგნებულად დავარღვიო 10 მცნებიდან თუნდაც ერთი.
როგორ მოხვედით პოლიტიკაში? ჩემი პროფესიიდან გამომდინარე აპოლიტიკური ადამიანი უნდა ვყოფილიყავი.პოლიტიკაში მოსვლა ჩემი თვითმიზანი არასდროს ყოფილა.არ ვყოფილვარ არც ერთი პარტიის წევრი. ჩვენს ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის, რიგი სუბიექტური თუ ობიექტური მიზეზების გამო,რომლებზედაც საუბარს არ ვაპირებ,უდიდესი პასუხისმგებლობს შეგრძნების გამო საკუთარი თავის,ოჯახის, შვილების მიმართ და ალბათ,ჩემი ხასიათიდანაც გამომდინარე( ვერ ვიტან უსამართლობას,არ მიყვარს,, მდორე“ ცხოვრება) გავხდი მპგ ,, ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ წევრი.
ვინ არიან თქვენი ოპონენტები? ადამიანები,რომლებმაც ნებსით თუ უნებლიედ ბევრი ცუდი დამართეს საქართველოს და ქართველ ხალხს. თუმცა მათშიც არიან საღად მოაზროვნე პიროვნებები, რომლებმაც აღიქვეს და შეაფასეს არსებული რეალობა.მათთან შესაძლებელია ჯანსაღი ოპონირება ქვეყნისა და ხალხის სასიკეთოდ.
ის,რაც ძალიან გინდათ იცოდეთ? მიყვარს მხატვრული ლიტერატურის კითხვა. რუსული კლასიკოსების თუ თანამედროვე მწერლების ნაწარმოებებს ვკითხულობ ორიგინალში, რაც დიდ სიამოვნებას მგვრის. ძალიან მინდა სრულყოფილად ვფლობდე ინგლისურ, ფრანგულ,ესპანურ ენებს.
რითი ილამაზებთ ცხოვრებას? პირველ რიგში ჩემს უსაყვარლეს შვილისშვილებთან ურთიერთობით, ასევე ადამიანებთან ლამაზი, უშუალო და სწორი დამოკიდებულებით.
როგორი გინდათ დაგიმახსოვრონ? ისეთი, როგორსაც აღმიქვამენ.
როცა უკან მოიხედავთ, რას ხედავთ? ვხედავ ჩემს განვლილ ცხოვრებას, სადაც იყო ნეგატივიც და ბევრად მეტი პოზიტივი. განსაკუთრებით კი თვალწინ მიდგას იმ პაციენტთა მომღიმარი სახეები, რომელთა სიცოცხლე გადამირჩენია უფლის წყალობით.
თქვენი ნება რომ იყოს, რას შეცვლიდით? ჩემი ნება რომ იყოს საქართველოს დავაბრუნებდი დავით აღმაშენებლის დროინდელ საზღვრებში.აქვე მოვიშველიებ ერთ სტროფს ჩემი საყვარელი მომღერლის გოგი დოლიძის სიმღერიდან ,,ხმალი ავლესოთ ქართველებო“,რომლის ტექსტის ავტორიც გახლავთ ქალბატონი თინათინ მღვდლიაშვილი
,,ჩვენ სიყვარულის სარეცელზე შეგვქმნა განგებამ
და სათნოება დაგვანათლა არსთა გამრიგემ,
ჩვენ ვაშენებდით ბანას, ზარზმას, გელათს, იყალთოს
დავმაღლდებოდით ნიკოფსიიდან დარუბანდამდე“
რისი თქმაც ადრე გინდოდათ და დღეს ჩვენთან იტყვით -მე თავიდანვე გითხარით, რომ ვარ პირდაპირი,რისი თქმაც საჭიროდ მიმაჩნია, ეგრევე ვამბობ.ასე, რომ ამ კითხვაზე პასუხი არა მაქვს.