შალვა სპირიდონის ძე ხარებავა დაიბადა 1934 წლის 2 ივლისს ქალაქ ხობში. 1942-1953 წლებში სწავლობდა ხობის საშუალო სკოლაში, რომლის დამთავრების შემდეგ ჩაირიცხა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე, რომელიც დაამთავრა 1957 წელს. იმავე წელს განაწილებულ იქნა ხობის სკოლის მათემატიკის მასწავლებლად. 1960 წელს დაინიშნა ხობის სოფლის ახალგაზრდობის საშუალო სკოლის დირექტორად. 1964 წელს გადაყვანილ იქნა ზუგდიდის გაერთიანებული რაიონის სასკოლო ინსპექტორად, 1965 წელს ხობის რაიონის განათლების განყოფილების გამგედ, სადაც მუშაობდა 1991 წლამდე. სხვადასხვა დროს მუშაობდა რაიონული პროფკავშირის თავმჯდომარედ, ხობის N1 საშუალო სკოლის დირექტორად. 1957 წლიდან 2003 წლამდე მუშაობდა ხობის N1 საშუალო სკოლაში მათემატიკის მასწავლებლად.
შ. ხარებავა იყო ორგზის მასწავლებელთა საკავშირო ყრილობის დელეგატი, ხოლო 1965-1991 წლებში რაიონული საბჭოს დეპუტატი. მინიჭებული აქვს საბჭოთა კავშირისა და საქართველოს რესპუბლიკის დამსახურებული მასწავლებლის წოდება. გადაცემული აქვს ღირსების ორდენი განათლების სფეროში შეტანილი წვლილისთვის.
ჰყავს შვილები: ნანა და ნინო ხარებავები - პროფესიით მასწავლებლები; დათო ხარებავა - პროფესიით მშენებელი და ოთხი შვილიშვილი.
განათლების სფეროში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისა და 80 წლის იუბილესთან დაკავშირებით შალვა ხარებავას მიენიჭა ხობის საპატიომოქალაქის წოდება.