ქ. ხობში წყალმომარაგების სისტემის გაუმჯობესების მიზნით საღამო საათებში წყლის გამორთვები იგეგმება. ამ ეტაპისათვის წყლის გამრიცხველიანება საცხოვრებელ კორპუსებსა და პარალელურად საკარმიდამო ეზოებში მიმდინარეობს. მიმდინარე სამუშაოები თვე-ნახევარი გაგრძელდება.
ხობის მუნიციპალიტეტში გამრიცხველიანება ნოჯიხევში, პირველი ხორგაში, ბიასა და შუა ქვალონის თემებში დასრულებულია. როგორც საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ხობის სერვის ცენტრის ტექნიკური მენეჯერი ლევან აბრამია აცხადებს, 1 სექტემბრიდან დაიწყება ქალაქის ქსელების სრული რეაბილიტაცია და ახალ ქსელებთან მიერთებისას კვლავ მოხდება წყლის გამორთვები. წყალმომარაგების კომპანია უახლოეს მომავალში მოსახლეობას უწყვეტი წყალმომარაგებით უზრუნველყოფას ჰპირდება.