ხობში 8 აგვისტოს დაღუპული გმირები გაიხსენეს


დღეს, 8 აგვისტოს ქ. ხობში აგვისტოს ომში დაღუპული გმირები კიდევ ერთხელ გაიხსენეს. მემორიალთან შეიკრიბნენ დაღუპულთა ოჯახის წევრები, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და გარდაცვლილთა მეგობრები. სამშობლოსათვის თავდადებული გმირთა მემორიალი გვირგვინებით შეამკეს, სანთლები დაუნთეს გარდაცვლილთა სულებს და გაიხსენეს თითოეული მათგანი. მოსახსენიებელი პანაშვიდი მამა იაკობმა (სურმავა) გადაიხადა. 
დაღუპული გმირების სახელის უკვდავსაყოფად დაგეგმილი ღონისძიებების ფარგლებში, ხეთის თემში გოგა ჭითანავას სახელობის სტადიონზე გოგა ჭითანავას და ლევან ტურავას ხსოვნისადმი მიძღვნილი ფეხბურთის ტურნირი გაიმართა, ხოლო 21 საათზე ქ. ხობის ცენტრში, კულტურის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე ომის თემას მიეძღვნება „სანთლების აქცია“, სადაც დოკუმენტური ფილმი ღია ცის ქვეშ დიდ ეკრანზე იქნება ნაჩვენები, შესრულდება პატრიოტული სიმღერები.