ინტელექტუალური კონკურსის „ჩვენ ვსწავლობთ ბიბლიას“ ფინალი


28 ივნისს საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში გაიმართა ინტელექტუალური კონკურსის „ჩვენ ვსწავლობთ ბიბლიას“ ფინალი. ფინალში მონაწილეობდნენ უმცროსი ასაკის სასკოლო გუნდები: „ედემი“ - ხობის მუნიციპალიტეტის პირველი მაისის საჯარო სკოლა (პედაგოგი ნინელი (მზია) ხუხია; „ცისარტყელა“- ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფ. ტკოცის საჯ. სკოლა; „მოწყალე სამარიტელი“ - ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ღვთისმშობლის სახ. გიმნაზია; „თაბორი“ - ვანის მუნიციპალიტეტის წმ. ნინოს სახელობის გიმნაზია; „ლაზარე“- თიანეთის მუნიციპალიტეტის №1 საჯ. სკოლა; „ძლევაი“ - ქ. რუსთავის №4 საჯ. სკოლა.

ინტელექტუალურ კონკურსის „ჩვენ ვსწავლობთ ბიბლიას“ ფინალურ თამაშის ჟიურის წევრები იყვნენ: ცაგერისა და ლენტეხის მთავარეპისკოპოსი სტეფანე (კალაიჯიშვილი), საპატრიარქოს ტელევიზია „ერთსულოვნების“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი თამარ არჩუაძე და საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის საკონკურსო პროგრამების სპეციალისტი მარიამ მეშველიანი. 
ფინალური თამაში დამთავრდა შემდეგი შედეგით:
I ადგილი - გამარჯვებული გუნდი - „მოწყალე სამარიტელი“ - ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ღვთისმშობლის სახ. გიმნაზია.
II ადგილი - „ძლევაი“ - ქ. რუსთავის №4 საჯ. სკოლა.
III ადგილი -„ლაზარე“- თიანეთის მუნიციპალიტეტის №1 საჯ. სკოლა.
IV-VI ადგილები შესაბამისად, შემდეგმა გუნდებმა გადაინაწილეს: თაბორი“ - ვანის მუნიციპალიტეტის წმ. ნინოს სახ. გიმნაზია. „ედემი“- ხობის მუნიციპალიტეტის პირველი მაისის საჯ. სკოლა. „ცისარტყელა“- ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფ. ტკოცის საჯ. სკოლა. 
I ადგილზე გასული გუნდი „მოწყალე სამარიტელი“ (ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ღვთისმშობლის სახ. გიმნაზია) წმ. მიწის მოსალოცად გაემგზავრება იერუსალიმში. II და III ადგილზე გასული გუნდები „ძლევაი“ (ქ. რუსთავის №4 საჯ. სკოლა) და „ლაზარე“ (თიანეთისმუნიციპალიტეტის №1 საჯ. სკოლა ) ტაო-კლარჯეთის მოსალოცად გაემგზავრებიან. IV-VI ადგილებზე გასული გუნდები კი, 3 დღით საქართველოს ერთ-ერთ ეპარქიას მოილოცავენ. 
ფინალში გასულ ყველა მონაწილე გუნდს, გუნდის მომღერალებს, სკოლას და გუნდის მომზადებისათვის მასწავლებლებს საპატრიარქოს ახალგაზრდული ცენტრისაგან პატრიარქის ავტოგრაფით სიგელები გადაეცა. ინტელექტუალური კონკურსი „ჩვენ ვსწავლობთ ბიბლიას“ მეექვსე წელია, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II -ის ლოცვა-კურთხევით, საპატრიარქოს ახალგაზრდული ცენტრის ორგანიზებით და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით ტარდება. 
ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობა ულოცავს პირველი მაისის საჯარო სკოლის გუნდ „ედემს“ „ჩვენ ვსწავლობთ ბიბლიას“ ფინალში მონაწილეობას და უსურვებს წარმატებებს.