ხობის მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამა“ გრძელდება


საქართველოში სოფლის მხარდაჭერის 50-მილიონიანი პროგრამის ახალი ეტაპი აქტიუად მიმდინარეობს. სოფლის მხარდაჭერის პროგრამით გათვალისწინებული თანხა გამოიყენება სოფლის პირველი რიგის სოციალურ-ეკონომიკური საჭიროებების დასაფინანსებლად. კერძოდ, ადგილობრივი ინფრასტრუქტურის ობიექტების აღდგენა-რეაბილიტაციისთვის (მაგ. ხიდის აღდგენა, სოფლის გზის შეკეთება, მოსახლეობის სასმელი წყლით მომარაგების სისტემის შეკეთება, სარწყავი არხების რეაბილიტაცია, ნაპირსამაგრი თუ სანიაღვრე არხების გამწმენდი სამუშაოების ჩატარება და ა.შ.), სოფლის კეთილმოწყობის სამუშაოების ჩატარებისთვის (მაგ. სოფლის წყაროს მოწყობა, მოსახლეობის თავშეყრის ადგილის მოწყობა, სოფლის სტადიონის შეკეთება, სოფლის კლუბის მოწყობა და ა.შ.).
ხობის მუნიციპალიტეტისათვის წელს 844 582 ლარი გამოიყო. „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში მოსახლეობამ პრიორიტეტები თავად დაასახელა. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ სპეციალური განრიგი შეიმუშავა, რომლის მიხედვითაც სოფლებში კრებები ჩატარდა. დასახელებული პრიორიტეტები კი ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლებმა სამინისტროში წარადგინეს. 
ხობის მუნიციპალიტეტში მიმდინარე პერიოდისათვის დასრულებულია სანიაღვრე არხების ამოწმენდის სამუშაოები ახალ სოფლის, თორსა-დღვაბის, პირველი მაისის, გურიფულის, ზემო ქვალონის, ხამისკურის, ქვემო ქვალონის თემებში, საყანე ფართობების შემოღობვის სამუშაოები ბიის, ზემო ქვალონის, პირველი მაისის, ხამისკურის, საჯიჯაოს თემებში, ხიდ-ბოგირის სარეაბილიტაციო სამუშაოები ხეთისა და ხამისკურის თემებში და მდინარე ხობისწყლის მარჯვენა სანაპიროზე დაზიანებული ჯებირების (დამბის) აღდგენითი სამუშაოები ქარიატის თემში.