მსუბუქი ბრინჯაოს ევროპული სტარტი

ბულგარეთის ქალაქ სამოკოვში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ჭაბუკთა ნაკრების ათი წევრიდან ხალიჩაზე ხუთი გავიდა და მათგან მედალი მხოლოდ ერთმა მოიპოვა, ისიც ყველაზე დაბალი სინჯის. პოდიუმის მესამე საფეხურზე გუნდის უმსუბუქესი წევრი ნუგზარ წურწუმია ავიდა.
42 კილოგრამ წონით კატეგორიაში სულ 13 მონაწილე შეიკრიბა. წურწუმია წილისყრამ პირდაპირ მეოთხედფინალში განთესა და მედლის მოსაპოვებლად სულ რაღაც სამი შეხვედრის ჩატარება ეყო. ძირითად ბადეში რუმინელი რაზვან არნაუტს 8:0 მოუგო, ნახევარფინალში კი თურქ კერემ კაზიმ კამალთან 3:6 დამარცხდა და რეპეშაჟის ფინალში გადაერთო, სადაც უნგრელ კრისტიან იშტვან ვანცას 9 უპასუხო ქულა აუღო და ბრინჯაოს დაეუფლა.
58 კილოგრამში მოჭიდავე გიორგი კურტანიძეს საპრიზო სამეულამდე ერთადერთი გამარჯვება დააკლდა. მას “ბრინჯაოს ფინალამდე” შედარებით გრძელი გზის გავლა დასჭირდა – ძირითად ბადეში უნგრელი ოლივერ კაიტანის ძლევის (8:0) შემდეგ, მეოთხედფინალში მომავალ ფინალისტთან, სომეხ ზავენ მიქაელიანთან აღარაფერი გამოუვიდა (0:9). დამამშვიდებელ ეტაპზე კი ჯერ ბულგარელ სიმეონ ფათი დარუიშს აჯობა (6:2), ხოლო გადამწყვეტ ბრძოლაში შვედ არდიტ ფაზლიჟასთან 2:5 წააგო და მეხუთე ადგილს დასჯერდა.
50 კილოგრამ წონით კატეგორიაში ჯონი ხეცურიანმა გიორგი კურტანიძესთან შედარებით ერთი ეტაპით ნაკლები გაიარა და შესაბამისად, მეშვიდე ადგილი დაიკავა. ოქრო-ვერცხლისთვის ბრძოლის გაგრძელების შანსი პირველსავე მეტოქესთან – აზერბაიჯანელ ჯაბარ ნაჯაფოვთან წაგებით (1:9) დაკარგა, ხოლო მას შემდეგ, რაც ნაჯაფოვმა ფინალის საგზური გაინაღდა, ხეცურიანი ბრინჯაოს ფრონტზე გადაერთო, მაგრამ უკრაინელ ოლექსანდრ გრუშინთან დაძაბულ ბრძოლაში წააგო (2:3).
დღესვე საქმეში დემურ ქავთარაძე (69 კგ) და გიორგი ბარბაქაძეც (85 კგ) ჩაერთნენ. ამ უკანასკნელმა ევროპირველობაზე გამოსვლა უნგრელ დომინიკ ლასზთან (1:3) გამართული მეოთხედფინალური შეხვედრით დაასრულა. იქამდე კი ლიტველი ვალენტას რუდისის ძლევა (7:5) მოასწრო. ქავთარაძე პირველსავე მეტოქესთან - პოლონელ კრჟიშტოფ მარეკ ნიკლასთან დამარცხდა (3:5).
ხვალ მედლების დარჩენილი ხუთი კომპლექტი გათამაშდება. საქართველოს სახელით კი თორნიკე მელაძე (46 კგ), დავით მარკოიძე (54 კგ), ნიკოლოზ ჭიკაიძე (63 კგ), გურამ ხეცურიანი (76 კგ) და ზვიად პატარიძე (100 კგ) იჭიდავებენ.
მელაძეს მერვედფინალში მეტოქედ ბერძენი დიმიტრიოს ალექსანდრუ ერგო, მარკოიძე ამავე ეტაპზე დანიელ მიკელ ლასენს დაეჭიდება, ჭიკაიძე მეთექვსმეტედფინალით და ხორვატი ნენად იოტანოვიჩით დაიწყებს, ხეცურიანი – მერვედფინალით და აზერბაიჯანელი ნიჯატ აბდულაევით, ხოლო პატარიძე – ასევე მერვედფინალით და ბერძენი იოანის სიდიროპულოსით.
ოთარ მაღლაკელიძე