ხობის რაიონის სოფელ ხამისკურში ადგილობრივი მკვიდრის, ჯანიკო აბულაძის ოჯახში სპეციალური კონტეინერიდან აღდგომის ღამეს 1060 ერთეული საბურავი ჩამოიტვირთა. საინფორმაციო სააგენტო smo.ge-ს საკუთარმა წყარომ განუცხადა, რომ აღნიშნული საბურავები ხამისკურში სწორედ “ნაციონალური მოძრაობის” მიერ არის ჩამოტანილი და საჭიროების შემთხვევაში მას ე.წ “უკრაინული მოდელის” განსახორციელებლად გამოიყენებენ.
საინფორმაციო სააგენტო smo.ge-ს გადამღები ჯგუფი აღნიშნულიო ინფორმაციის გადასამოწმებლად ადგილზე ჩავიდა. ხამისკურში, აბულაძეების სახლში მართლაც აღმოჩნდა დიდი რაოდენობით საბურავები, თუმცა ოჯახის უფროსი ჯანიკო აბულაძე აცხადებს, რომ ფართი მან დასაწყობებისთვის ახლობელს დაუთმო.
“საბურავები რომ ჩამოტვირთეს იმ ღამეს მოვიდნენ და მითხრეს რისთვის გჭირდებათ ესო. მე ვუპასუხე უკრაინიდან ჩამოვიტანეთ მეთქი. ანუ ვიხუმრე. ისე სინამდვილეში ჩემმა ახლობელმა მთხოვა საბურავების დასაწყობება ჩემს სახლში, რადგანაც მას ადგილი არ ჰქონდა. უარს ნამდვილად ვერ ვეტყოდი. ამ საკითხზე სხვას ვერეფერს გეტყვით”-აცხადებს smo.ge-სთან საუბარში სახლის მეპატრონე ჯანიკო აბულაძე.
ინდ მეწარმე ჯონი ფარცვანია smo.ge-ს მისვლამ გააღიზიანა და კადრების გადაღება აგვიკრძალა. მან სასაცილოდ მიიჩნია ის ფაქტი თითქოს ეს საბურავები აქციის მოსაწყობად იყო ჩამოტანილი. ინდ მეწარმე, რომელიც ადრე დაფნის დამზადებით იყო დაკავებული და ამჯერად საბურავების ბიზნესზე გადავიდა თანასოფლელებშიც ძალიან დიდ ეჭვს იწვევს, თუმცა თავად ფარცვანია აცხადებს, რომ მას “ნაციონალურ მოძრაობასთან” არაფერი აკავშირებს.
“ჯერ ერთი ამ ბიზნესს არაფერი საერთო არ აქვს პოლიტიკასთან და მითუმეტეს აქციებთად და მინდა აქვე დავამატო, რომ მე აქ სოფელში “ქართულ ოცნებას” ვკურირებ. ვინც თქვენ გითხრათ, რომ ეს საბურევები აქციისთვის არის განკუთვნილი, მწარედ მოგატყუათ”-აცხადებს smo.ge-სთან ჯონი ფარცვანია.