საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა - კახა კალაძემ, ფინანასთა მინისტრმა - ნოდარ ხადურმა და “საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის” რეაბილიტაციის მმართველმა სულხან ზუმბურიძემ ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას, რომლის მიხედვითაც “საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა” და მისი შვილობილი კომპანია „ენერგოტრანსი“, 500-220 კილოვოლტიანი მაღალი ძაბვის ქვესადგურისა და 220 და 500 კილოვოლტიანი ორჯაჭვა ხაზების მშენებლობას განახორციელებენ.
პროექტი სრულდება საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა (სსე) ენერგოტრანსი, საქართველოს მთავრობის, გერმანიის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკის (KFW), ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკის (EBRD) და ევროკავშირის სამეზობლო საინვესტიციო მექანიზმის (NIF) მხარდაჭერით და მოიცავს შემდეგ კომპონენტებს:
დაახლოებით 2X8 კმ სიგრძის 500 კვ გადამცემი ხაზის მშენებლობა 500 კვ „კავკასიონის“ ხაზის შეჭრით, დაახლოებით 60 კვ 220 კვ ორჯაჭვა ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობა ჯვარიდან ხორგაში და ახალი 500/220 კვ ქვესადგურის მშენებლობა ჯვარში.
პროექტის განხორციელებით შეიქმნება მოქნილი და მომგებიანი ენერგოგაცვლის ქსელი დასავლეთ საქართველოში, საგრძნობლად გაუმჯობესდება საერთაშორისო და ადგილობრივი მომსახურების ხარისხი და საიმედობა. პროექტის მიზანია 220 კილოვოლტიანი ქსელის იმედიანობის გაზრდა და დასავლეთ საქართველოს ელექტრომომარაგების წყაროების დივერსიფიკაცია; ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის ელექტრომომარაგების საიმედოობის ამაღლება და გაზაფხულის წყალმეტობის პერიოდში საექსპორტო ელექტროენერგიის სიმძლავრეების უზრუნველყოფა.
პროქტის საერთო ღირებულება, რომელიც მიმდინარე წელს დაიწყება დაახლოებით 50 მლნ. ევროს შეადგენს და 2016 წელს დასრულდება.