აკაკი ხარებავა (1908-1978)



მომღერალი, ლოტბარი, აფხაზეთის ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე. დაიბადა 1908 წელს, ზუგდიდის მაზრაში, დღევანდელ ხობის რაიონის სოფელ პირველ მაისში. მამა მიწის მუშა იყო. დედა ადრე გარდაეცვალა. ხელმოკლეობის მიუხედავად, აკაკიმ სოფელ ხეთის შვიდწლედი დაამთავრა. აკაკის პატარაობიდანვე იტაცებდა ხალხური სიმღერა, დიდი მონდომებით უსმენდა გლეხების ნამღერს სიმინდის ყანებში, ქორწილებში, წვეულებებში. მის მახვილ სმენას არც სამგლოვიარო სიმღერა `ზარი~ გამოჰპარვია. 1928-1930 წლებში აკაკი ხარებავა ხობის მომღერალთა გუნდში, რემა შელეგიასთან მღეროდა. 1931 წლიდან იგი იწყებს დამოუკიდებელ მოღვაწეობას: ჯერ ინგირის სახერხი ქარხნის მომღერალთა გუნდს აყალიბებს, 1933 წლიდან კი გაგრის რაიონის მომღერალთა გუნდს ხელმძღვანელობს. 1938 წლიდან აკაკი ხარებავა სათავეში ჩაუდგა გალის სიმღერისა და ცეკვის რაიონულ ანსამბლს და ღირსეულად განაგრძო ცნობილი ოსტატის კიწი გეგეჭკორის დაწყებული საქმე: ლოტბარმა გუნდი ახალი ძალებით დააკომპლექტა, რეპერტუარი ძირფესვიანად გადაახალისა, დიდი ყურადღება მიაქცია ჩონგურს. ხალხურ ტრადიციებზე დაყრდნობით, მან რამდენიმე სიმღერა დაამუშავა: “მარებელი”, “შრომის გმირები”, “წითელი დროშა”, “საკოლმეურნეო” და სხვა. “მარებელის” სახით აკაკიმ კიდევ ერთი მარგალიტი შემატა მდიდარ ქართულ ხალხურ მუსიკალურ მემკვიდრეობას: სულ მალე ეს სახუმარო ლირიკული სიმღერა სახელმწიფო ანსამბლებისა და თითმოქმედი მხატვრული კოლექტივების საკონცერტო პროგრამების პოპულარულ ნომრად იქცა. 1955-58 წლებში აკაკი ხარებავამ ზუგდიდის მანქანა-ტრაქტორთა სადგურში საკმაოდ ძლიერი ანსამბლი ჩამოაყალიბა. 1970 წელს საქართველოს სატელევიზიო ფილმების სტუდიამ ფილმ-კონცერტში “კოლხური სიუიტა” გადაიღო გალის სიმღერისა და ცეკვის ანსამბლი, სადაც აკაკი ხარებავა 40 წელი მოღვაწეობდა. მხცოვანი ლოტბარი აქ წამყვან პარტიას ასრულებს. აკაკი ხარებავა გარდაიცვალა 1978 წლის 10 ოქტომბერს, სოფელ კოხორაში; დაკძალულია ზუგდიდში, ჭითაწყარის სასაფლაოზე -