2014 წლის 12 თებერვალს საჯიჯაოს №1 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის,”ანაბასისის” პროექტის - ”წინ აქტიური მოქალაქეობისაკენ”, ფარგლებში საჯიჯაოს კულტურის სახლში გაიმართა ბრეინ-რინგი, თემაზე - ”ადგილობრივი თვითმმართველობის არსი და მისი ფუნქციები”. მასში მონაწილეობას იღებდნენ ხობის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების გუნდები: ხამისკურის საჯარო სკოლა-დემოკრატები; ხეთის საჯარო სკოლა-მოქალაქე; შუა ხორგის სკოლა-თავისუფლება; ახალი ხიბულის №2 საჯარო სკოლა-არჩევანი; საჯიჯაოს №1 საჯარო სკოლა-ბაზისი. ბრეინ-რინგი მოიცავდა 3 ტურს, ხოლო თითოეული ტური რვა-რვა კითხვისაგან შედგებოდა. კითხვების დასმა მანამდე ამ პროექტის ფარგლებში განხორციელებული ტრენინგების შედეგების შემოწმებასაც ისახავდა მიზნად. მესამე ტურში გამოვლინდა ორი გუნდი, რომლებსაც აღმოაჩნდათ თანაბარი ქულები. ეს გუნდები იყო თავისუფლება და ბაზისი. მოხდა დამატებითი ტური ამ ორ გუნდს შორის. საბოლოოდ, დაძაბულ ბრძოლაში, გამოვლინდა გამარჯვებული - შუა ხორგის საჯარო სკოლის გუნდი ”თავისუფალი”, რომელიც სამახსოვრო პრიზით დაჯილდოვდა. სიგელები მიიღეს მონაწილე გუნდებმაც.
პროექტი დაფინანსებულია სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს ”PH International”, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს USAID-ის დაფინანსებით. სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში პროგრამის აღმასრულებელია ასოციაცია”ათინათი”.