საქართველოში სოფლის მხარდაჭერის 50-მილიონიანი პროგრამის ახალი ეტაპი დაიწყო. მოსახლეობის ჩართულობის სოფლის პრიორიტეტების განსაზღვრისა და შესაბამისი პროექტების შერჩევის მიზნით, ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილეები ბადრი ჯობავა, მახარე ჩოკორაია და გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის უფროსი ავთანდილ სართანია, პირველი მაისის თემის, სოფელ ბულიწყუსა და საჯიჯაოს თემის, სოფელ ზენის მოსახლეობას შეხვდნენ. პრიორიტეტულ პროექტებად დასახელდა საძოვრის გამიჯვნა საყანე ფართობებიდან, სასაფლაოს შემოკავება, ხიდ-ბოგირების შეკეთება და გზის მოხრეშვა.
სოფლის მხარდაჭერის პროგრამით გათვალისწინებული თანხა გამოყენებული უნდა იყოს სოფლის პირველი რიგის სოციალურ-ეკონომიკური საჭიროებების დასაფინანსებლად. კერძოდ, ადგილობრივი ინფრასტრუქტურის ობიექტების აღდგენა-რეაბილიტაციისთვის (მაგ. ხიდის აღდგენა, სოფლის გზის შეკეთება, მოსახლეობის სასმელი წყლით მომარაგების სისტემის შეკეთება, სარწყავი არხების რეაბილიტაცია, ნაპირსამაგრი თუ სანიაღვრე არხების გამწმენდი სამუშაოების ჩატარება და ა.შ.), სოფლის კეთილმოწყობის სამუშაოების ჩატარებისთვის (მაგ. სოფლის წყაროს მოწყობა, მოსახლეობის თავშეყრის ადგილის მოწყობა, სოფლის სტადიონის შეკეთება, სოფლის კლუბის მოწყობა და ა.შ.).
აღნიშნული პროგრამა მეხუთე წელია ხორციელდება. სოფლის კრებების ჩატარების თარიღები უკვე დადგენილია. ყველა სოფელში გამოკრულია საინფორმაციო ფურცელი, თუ კონკრეტულად როდის ტარდება სოფლის კრება.