გლოვის დღესთან დაკავშირებით სახელმწიფო დროშები დაეშვა

საქართველოს საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, ხობის მუნიციპალიტეტისა  და ოცდაორივე ტერიტორიული ორგანოს ადმინისტრაციულ შენობებზე აღმართული სახელმწიფო დროშები  დღეს, 09:30 საათზე ერთდროულად დაეშვა.     
    1921 წელს, საბჭოთა რუსეთის ხელმძღვანელობამ საქართველოს ძალის გამოყენებით დაპყრობის გადაწყვეტილება მიიღო. რუსეთის წითელი არმია საქართველოში 12 თებერვალს შემოიჭრა. რუსეთის მე-11 არმიას ქართული ჯარი, სახალხო გვარდია და მოხალისეები თბილისის მისადგომებთან შეებრძოლენ. ძირითადი ბრძოლები კოჯრისა და ტაბახმელას მიდამოებში გაიმართა. არმიას იუნკერებმა დიდი წინააღმდეგობა გაუწიეს, მათ უკუაგდეს მტერი. თუმცა განახლებული შეტაკებების შედეგად იუნკერთა დიდი ნაწილი ბრძოლის ველზე დაეცა, მათ შორის, მოხალისედ წასული, პოეტ კონსტანტინე მაყაშვილის 20 წლის ქალიშვილი მარო მაყაშვილიც.
    23 თებერვალს კოჯრისა და ტაბახმელას ტერიტორიაზე ბრძოლები შეწყდა, ხოლო 25 თებერვალს საბჭოთა რუსეთის მე-11 წითელი არმია თბილისში უბრძოლველად შეიჭრა, დაიკავა საქართველოს დედაქალი და საბჭოთა ხელისუფლება გამოაცხადა. ამ დღიდან ქვეყანამ სუვერენიტეტი დაკარგა. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობა ბათუმში გადავიდა, ხოლო იმავე წლის მარტში დატოვა საქართველო და ემიგრაციაში წავიდა. მებრძოლ იუნკერებს სამშობლო არასოდეს დაუტოვებიათ.
    კოჯრის მახლობლად გმირულად დაღუპული იუნკერები დიდი პატივით დაკრძალეს ეკლესიის ეზოში. იქ, სადაც ამჟამად საქართველოს პარლამენტის შენობა მდებარეობს. აღნიშნული ტაძარი კი (აგებული 1897 წ.) 1930 წელს კომუნისტური იდეოლოგიისა და რეჟიმის შედეგად დაანგრიეს.
   საბჭოთა ოკუპაციის დღედ, 25 თებერვლის გამოცხადების დადგენილება პარლამენტმა 2010 წელს ერთხმად, მიიღო. დადგენილება მთავრობას ავალებს ყოველ 25 თებერვალს, ასეულ ათასობით ოკუპაციის მსხვერპლთა პატივსაცემად, საქართველოს სახელმწიფო დროშები დაეშვას და წუთიერი დუმილი გამოცხადდეს.