სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად 106 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რეგიონებში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრებს განაგრძობს. დავით ნარმანია დღეს სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში იმყოფებოდა, სადაც გუბერნატორს, ლევან შონიას და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდა. სამუშაო შეხვედრაზე მინისტრმა გუბერნატორს, გამგებლებსა და საკრებულოს თავმჯდომარეებს 2014 წელს რეგიონში განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.
წელს სამეგრელო-ზემო სვანეთში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება გზების მშენებლობა-რეაბილიტაციაა, რომელსაც, ჯამში, 19 804 040 ლარი მოხმარდება. დამტკიცებული პროექტების მიხედვით, ქ. ზუგდიდში დაგეგმილია ხუბულავას ქუჩის რეაბილიტაცია. ამავე ქუჩაზე აშენდება სანიაღვრე კოლექტორებიც. გარდა ამისა, სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდება: მარტვილის მუნიციპალიტეტის ტალერი - დიდი ჭყონის მეურნეობის გზას, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ფოთის პორტის ცალკეულ დაზიანებულ მონაკვეთებს, ინგირი-შამგორას მონაკვეთს, ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის მესტია-უშგულის მონაკვეთს, ჯვარი-ჩქვალერი-საჩინოს გზას, ნოქალაქევი-ლეძაძამე-დიდი ჭყონისა და სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო გზის მონაკვეთებს.
წელსვე, სამეგრელო-ზემო სვანეთში 29 550 000 ლარის ღირებულების პროექტები განხორციელდება წყალმომარაგების სისტემის გაუმჯობესების მიმართულებითაც. აღნიშნული სისტემის სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდება ფოთში, ანაკლიაში, მესტიაში, აბაშაში, სენაკსა და ხობში.
რეგიონში შპს. „მყარი ნარჩენების მართვის კომპანია“ კეთილმოწყობის სამუშაოებს ჩაატარებს ზუგდიდისა და ფოთის ნაგავსაყრელებზე. ასევე, ექსპლოატაციაში შევა ჩხოროწყუს, აბაშისა და ზუგდიდის ნაგავსაყრელები. მყარი ნარჩენების მართვის კუთხით ჩასატარებელ სამუშაოებს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო 1 304 100 ლარით დააფინანსებს.
მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმობა სამეგრელო-ზემო სვანეთში სხვა ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებასაც. სატყეო გზა მოეწყობა მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფ. სალხინოსა და სოფ. გაჭედილში. წელსვე, იძულებით გადაადგილებულ პირთათვის მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსები აშენდება ქალაქ ზუგდიდსა (8 კორპუსი) და ფოთში (7 კორპუსი). ასევე, გაგრძელდება ანაკლიის ნაპირდაცვის პროექტები - დასრულდება I და დაიწყება II ფაზა. ზემოთ ჩამოთვლილ სამუშაოებს მუნიციპალური განვითარების ფონდი განახორციელებს.
სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში განსახორციელებელი სამუშაოების მნიშვნელოვან ნაწილს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი განახორციელებს. გზების დეპარტამენტივე შეასრულებს ნაპირსამაგრ სამუშაოებსაც. დაგეგმილია ზუგდიდი-ჯიხაშკარი-ჩხოროწყუს საავტომობილო გზაზე გამორეცხილი მიწის ვაკისის აღდგენის სამუშაოები; ზუგდიდი-ანაკლიის საავტომობილო გზის მონაკვეთზე არსებული სახიდე გადასასვლელებისა და მისასვლელი გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები; ასევე, მდ.ტეხურას კალაპოტის ნაპირსამაგრი სამუშაოები ჩატარდება მარტვილის რაიონის სოფ. დიდიჭყონში; აბაშის მუნიციპალიტეტის სამიქაოს თემში, მიქაძეების უბანში, მდინარე ცხენისწყალზე ნაპირსამაგრი სამუშაოები; ნაპირსამაგრი სამუშაოები ჩაუტარდება მდ. ტეხურასაც; სტიქიური მოვლენების შედეგების დროებითი პრევენციული ღონისძიებების სამუშაოები შესრულდება სოფ. ლახამულას მიმდებარე ტერიტორიაზე; დაგეგმილია შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბეჩო-ტურბაზა-შიხრას საავტომობილო გზის მონაკვეთის რეაბილიტაციაც; ასევე, შეკეთდება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ანაკლიის საავტომობილო გზაზე არსებული სწორკუთხა მილი; მათხოჯი-ხიდი-გორდი-კინჩხას საავტომობილო გზაზე რეაბილიტაცია ჩაუტარდება სახიდე გადასასვლელს; ზუგდიდი-წალენჯიხა-ჩხოროწყუ-სენაკის საავტომობილო გზაზე მოეწყობა ბეტონის სანიაღვრე არხი; მიწის ვაკისის გამორეცხვის საწინააღმდეგო პრევენციული ღონისძიებები განხორციელდება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ნოსირი-გეჯეთი-ნოქალაქევის საავტომობილო გზის მონაკვეთზე; საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ნაპირსამაგრ სამუშაოებს ჩაატარებს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფ. დიდ ნეძვში მდ.ჯუმზე, ხობის მუნიციპალიტეტის პირველი მაისის თემში მდ.მუნჩიაზე და ამავე მუნიციპალიტეტის სოფელ ძველ ხიბულაში მდ.ჭანისწყალზე. აღნიშნული დამტკიცებული პროექტები რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ სულ 35 940 300 ლარით დაფინანსდება.
შეხვედრაზე, ასევე, განიხილეს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან სამეგრელო-ზემო სვანეთის მუნიციპალიტეტებისთვის დამტკიცებული პროექტები, რომლის პრიორიტეტებიც თავად ადგილობრივმა ხელისუფლებამ განსაზღვრა. რეგიონული განვითარების სამთავრობო კომისიამ უკვე დაამტკიცა რეგიონში განსახორციელებელი 19 941 389 ლარის ღირებულების 39 პროექტი. აქედან 18 პროექტით გათვალისწინებულია გზებისა და ხიდების რეაბილიტაცია, 7 პროექტით - წყლის, სანიაღვრე არხებისა და კანალიზაციის მოწესრიგება; 3 პროექტით - საბავშვო ბაღებისა და კულტურის სახლის რეაბილიტაცია; 5 პროექტით -კორპუსების გადახურვა, ლიფტებისა და ეზოების კეთილმოწყობა; 6 პროექტით - სხვადასხვა ინფრასტრუქტურის მოწესრიგება.
ჯამში, 2014 წელს სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ინფრასტრუქტურულ პროექტებზე 106 539 789 ლარი დაიხარჯება. აქედან, 86 598 400 ლარის სამუშაოების დაფინანსებას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო უზრუნველყოფს. რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან კი სამეგრელო - ზემო სვანეთი დამატებით 19 941 389 ლარს მიიღებს.